საქართველო ოფიციალურ ბაღდადთან ორი წელია მოლაპარაკებებს აწარმოებს 4 წლის მოქალაქის დაბრუნებასთან დაკავშირებით. საქმე ეხება დედა-შვილის ისტორიას, რომელსაც შვილი წაართვეს და ერაყიდან გააძევეს. ამის შესახებ სიუჟეტი “იმედის კვირამ” მოამზადა.
2017 წლის 25 სექტემბრის შემდეგ დედას, თეა აბულაძეს საკუთარი შვილი საქართველოს მოქალაქე ტარიყ (ტატა) მუალა აღარ უნახავს. თეა აბულაძე მეუღლესთან, ერაყის მოქალაქე საფა მუალასთან და 2 წლის შვილთან ერთად ქმრის ოჯახის გასაცნობად საქართველოდან ერაყში 2017 წლის აგვისტოს დასაწყისში გაემგზავრა. თუმცა ბაღდადში, ქმრის ოჯახში მისვლიდან მალევე თეა აბულაძე მცირეწლოვან შვილთან ერთად ტყვეობაში, ფსიქიკური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა.
თეა აბულაძე “იმედის კვირასთან” იხსენებს, რომ ბაღდადში ჩასვლის დღიდან მეუღლე შეიცვალა და მის მიმართ ცივი გახდა, მანამდე საქართველოში ყოფნის პერიოდში, თითქმის 4 წელი კი ის მზრუნველი ქმარი იყო. ბაღდადში ჩასვლიდან რამდენიმე დღეში ისე, რომ დედისთვის არ უკითხავთ, მეუღლის ოჯახის წევრებმა ბავშვი წინადასაცვეთადწაიყვანეს.
“ბავშვი მოიყვანეს აბსოლუტურად ცოცხალ-მკვდარი, მერე არაფერი არ მომიტანეს რომ მომევლო, იაშვილის კლინიკაში ვმუშაობდი 4 წელი, იოდის გარდა არაფერ მოუტანიათ და ბავშვს დაუჩირქდა სასქესო ორგანო.. ამასაც მე მაბრალებდნენ “შენი ბრალია, არ მოუარე”-ო”, – ამბობს თეა აბულაძე.
დღეს უკვე დარწმუნებულია, რომ მისი დისკრედიტაცია მიზანმიმართულად ხდებოდა. როგორც თავად ამბობს, წუხს რომ ვერაფერს მიხვდა, თუმცა მიზეზიც არ ჰქონია რამე ცუდი ეფიქრა, ვიდრე ბაღდადში მძიმე რეალობის პირისპირ არ აღმოჩნდა. მასზე ზეწოლა და დამამცირებელი მოპყრობა დღითიდღე ძლიერდებოდა. მისი და ბავშვის დოკუმენტები კი მისმა ერაყელმა მეუღლემ საკუთარ დას სთხოვა დაემალა, თეა აბულაძეს კი პასპორტი მისცეს მხოლოდ.
საბოლოოდ, მეუღლის ოჯახმა ის აიძულა ბაღდადი და ერაყი დაეტოვებინა. საქართველოში ის საფა მუალამ ჩამოაცილა, რადგან ერაყის ტრადიციებით ქალს თვითმფრინავით მარტო მგზავრობის უფლება არ აქვს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, როცა მეუღლემ შვილის ნახვის საშუალება ვიდეოზარითაც არ მისცა, თეა აბულაძემ დახმარების თხოვნით უკვე პროკურატურას მიმართა.
საქმეზე დაიკითხა როგოც თავად ის, ისე საფა მუალა, თუმცა იმის გამო, რომ მშობლებს შორის არსებულ დავებში ჩართვა ამ უწყების კომპეტენციას სცდება, გამოძიებამ საფამაუალას გადაადგილების უფლება ვერ შეუზღუდა და ერაყის მოქალაქემ საქართველო დატოვა. მალევე, თეა აბულაძემ საფა მუალასგან, სოციალური ქსელის საშუალებით, ერაყული სასამართლოს მიერ დამოწმებული დოკუმენტი მიიღო, რომლითაც თითქოს მათი განქორწინება დასტურდებოდა. თავად თეა აბულაძე ამბობს, რომ ხელი არაფერზე მოუწერია.
უცხო ქვეყანაში შედგენილი დოკუმენტი, საქართველოში შედგენილ სამართლებრივ აქტს ვერ აუქმებს და შესაბამისად მათი ქორწინებაც ძალაშია. საქართველოს მცირეწლოვანი მოქალაქის და დედის დასახმარებლად საქმეში იუსტიციის სამინისტრო ჩაერთო.
როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, უწყება დაიწყო სასამართლოს კანონმდებლობის და ჰააგის კონვენციის თანახმად შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა:
“აღმოვაჩინეთ, რომ ერაყის რესპუბლიკა არ იყო ამ საერთაშორისო სისტემაში ჩართული, ამიტომ ჩვენ მოგვიწია ორმხრივი ურთიერთობის ფარგლებში მოლაპარაკებები წარმოება იქაურ უწყებებთან“, – განაცხადა წულუკიანმა.
2018 წლის 23 მაისს იუსტიციის მინისტრი თავად გაემგზავრა ერაყში, სადაც შეხვდა ერაყელ კოლეგას და თეა აბულაძის ბავშვის საქმე განიხილა. თეა წულუკიანი ბავშვის 2 ბიძასაც შეახვედრეს.
როგორც მინისტრი ამბობს, ერაყში ბავშვის ოჯახის პოზიციამ ის დაარწმუნა რომ რომ საქმე რთულად იყო. მით უმეტეს, რომ მაშინ ერაყში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ვიზიტიდან მალევე ერაყში არჩევნები ჩატარდა, ხელისუფლებაც შეიცვალა და ქვეყანა ჰააგის კონვენციას შეურთდა. ამის შემდეგ ქართულმა მხარემ ჰააგის ბავშვთა გატაცების კონვენციის ფარგლებში დაიწყო მოქმედება, თუმცა ერაყული მხარე დღემდე დუმდა.
იუსტიციის სამინისტრომ დედის უფლებების აღდგენის მიზნით, ერაყში 2 ადვოკატი დაიქირავა. ადვოკატების მოძიების პროცესში გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF-იჩაერთო. გაიმართა სასამართლო პროცესები, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ ქართული მხარისთვის არასასურველი შედეგით დასრულდა.
ერაყის უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ტარიყ მუალაზე მეურვეობა მამას მიაკუთვნა, დედა კი ერაყელი მოსამართლეების და მოპასუხე მხარის ანუ მამის მოცდენისთვის დააჯარიმეს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოკლებულია ლეგიტიმურ და კანონისმიერ საფუძვლებს და ის უარყოფილია, რადგან მოსარჩელეა საქართველოს მოქალაქე და საქართველოში ცხოვრობს მუდმივად და შვილის მეურვეობის უფლების მისთვის მინიჭება გამოიწვევს მოპასუხისათვის შვილის აღზრდისა და განათლების მიცემის შესაძლებლობების ჩამორთმევას, მანამ სანამ ბავშვს არ შეუსრულდება 10 წელი.
ადვოკატები ერაყში იმედს არ კარგავენ და ვარაუდობენ, რომ მძიმე რეალობის შეცვლას მოახერხებენ. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით არ დასტურდება მამისა და შვილის გერმანიაში გადაადგილებაზე ცნობა, რადგან ისინი 2018 წლის 28 დეკემბრიდან ინტერპოლის ბაზაში ყვითელი ცირკულარით არიან რეგისტრირებულები.
საქართველოს იუსტიციის მინისტრი არა მხოლოდ ერაყის სასამართლოს გადაწყვეტილებით არის უკმაყოფილო, არამედ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ამ კვირაში გამართულ შეხვედრაზე უთხრა, რომ მიუღებელია დედას არ აძლევდნენ საშუალებას გაიგოს ჯანმრთელია თუ არა მისი შვილი და როგორია მისი ყოველდღიური ცხოვრება. ისსააბდულ-ჰადი ალ-ხაირალმა განაცხადა, რომ მზადაა ქართულ მხარეს დაეხმაროს.
“გუშინ კონსტრუქციული დისკუსია მქონდა იუსტიციის მინისტრთან. ჩვენ მთავარ საკითხებზე ვისაუბრეთ, მათ შორის არსებულ სიტუაციაზე, მან ამიხსნა საქმის ყველა დეტალი. მეც ვუთხარი, რომ ჩვენ მივყვებით ჩვენს კანონმდებლობას, რათა ვიპოვოთ გზები, რომ დედამ საკუთარი შვილის სანახავად ჩასვლა მოახერხოს. ყოველთვის არსებობს გარკვეული წინააღმდეგობები ლეგალურობასთან და კანონთან დაკავშირებით და ეს არ ეხება პერსონალურად ამ წყვილს, მაგრამ მე დავპირდი იუსტიციის მინისტრს, რომ დეტალურად გავყვები ამ საქმეს და მასთან კონტაქტი მექნება. ჩვენ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ. შევხვდებით დედის ადვოკატსაც, ასევე იუსტიციის მინისტრის წარმომადგენელსაც. ჩვენ განვიილავთ ყველა გზას, რომ დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ ქართულ მხარეს”, – განაცხადა ისსა აბდულ-ჰადი ალ-ხაირალმა