ვიცე-პრემიერის, ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, საჯარო ფიგურის წინააღმდეგ პირადი კადრების გამოყენება, კატეგორიულად მიუღებელია “პოლიტიკურ ბრძოლაში იქნება, თუ რამე სხვა მიზნებიდან გამომდინარე”.
“პირადი ცხოვრების ან საერთოდ რაიმე პირადულის გამოყენება საჯარო ფიგურის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლაში თუ სხვა მიზნებისთვის არის ყოვლად მიუღებელი. ვერანაირ სტანდარტში, ვერც მორალურ სტანდარტში ვერც ადამიანურ სტანდარტში ვერ ჯდება და ეს არის ის წყალგამყოფი, რომელიც ყველას გვაერთიანებს. ზოგადად, პირადი ცხოვრების გამოყენება პოლიტიკურ ბრძოლაში არის მიუღებელი. თუმცა, ამასთან ერთად მე კატეგორიულად ვემიჯნები იმ ბრალდებებს, რომელიც ქალბატონ ეკა ბესელიას ბოლო პერიოდში ახასიათებს. ის მიუთითებს იმაზე, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელები შესაძლოა, ამ მეთოდებს მიმართავენ. რაც ასევე გამოძიებამ დაადგინა, დაადგინა მათ შორის ამ პირადი ცხოვრების კადრების ჩამწერი პირების ვინაობაც, გავრცელებაზე მოხდა პირების დასჯა. შესაბამისად, ხელისუფლების დამოკიდებულება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ამ ფაქტების მიმართ არის მკაფიო, ცხადი და მგონია, რომ ზედმეტი სპეკულაცია არ არის საჭირო”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.