საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2019 წელი შეაჯამა.
მისი თქმით, წელი საკმაოდ დატვირთული იყო ახალი გამოწვევებით და აღნიშნა, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას გააგრძელებს.
გახარიას თქმით, სამწუხაროდ, დღემდე საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ოკუპაცია რჩება.
„დღემდე საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული და ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი შეზღუდვა, 20 პროცენტით შეზღუდვა ჩვენი ადამიანური კაპიტალის განვითარების და ქვეყნის პოტენციალის შემდგომი განვითარების. უაღრესად მნიშვნელოვანია, თითოეულ ჩვენგანს გვახსოვდეს, რა წინააღმდეგობებს ხვდებიან ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. საბედნიეროდ, მშვიდობით დასრულდა ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობა, თუმცა თითოეულ ჩვენგანს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ხვდებიან ამ წინააღმდეგობებს და დღეს, სამწუხაროდ, ახალგორელებისთვის სრულად არის შეზღუდული გადაადგილების თავისუფლება, ეს არის ჰუმანიტარულად უმძიმესი მდგომარეობა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, მძიმე გამოწვევებზე ხელისუფლების და საზოგადოების პასუხი არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ერთხმად უჭერს მხარს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
„ჩვენი ქვეყნის, მთავრობის, მოქალაქეების პასუხი ამ უაღრესად მძიმე გამოწვევაზე გახლავთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილი, 70 პროცენტზე მეტი ერთხმად უჭერს მხარს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ესაა ის მიმართულება, რომელიც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენს საგარეო პოლიტიკაში და რომელსაც რამდენი წელიც არ უნდა დასჭირდეს, საქართველოს თითოეული მოქალაქე თანმიმდევრულად გააგრძელებს“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.