ღვინო, რომელიც გარდაიქმნება სისხლად, არის ანტისეპტიკი, რელიგიური შინაარსის გარეშე რომ ვთქვათ. ღვინოში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან არის თავისუფალი, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ღვინო, რომელიც გარდაიქმნება სისხლად, არის ანტისეპტიკი, რელიგიური შინაარსის გარეშე რომ ვთქვათ. ღვინოში გაწმენდილი კოვზი ბაქტერიებისგან არის თავისუფალი, როგორც სპირტში რომ ჩადო. რაც შეეხება ერთჯერად კოვზებს, ეს პრინციპულად არასწორია. გარდა იმისა, რომ ღვინო სისხლად გარდაიქმნება, ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის სისხლი იესო ქრისტესი, რომელიც თვითონ წვავს და განწმენდს ყოველგვარ დაავადებას. რაც შეეხება კორონავირუსს, ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, სერიოზულად უნდა შევხედოთ ამ საკითხს, მაგრამ, მეორე მხრივ, პანიკის ატეხა არ არის სწორი“, – განაცხადა მეუფემ.
კორონავირუსის გავრცელების ფონზე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს რუმინეთის ეკლესიამ ზიარებისათვის ერთჯერადი კოვზების გამოყენების ნებართვა გასცა, რასაც საქართველოს საპატრიარქო გამოეხმაურა. მათი განცხადებით, „ისტორიულად, ეპიდემიის გავრცელების პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს, რადგან წმინდა ზიარებისას ადამიანი იღებს ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს“.