ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის განცხადებით, ცოტნე გამსახურდია თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი სტანდარტის ჰოსპიტალში გადის მკურნალობას.
როგორც ანა ჯაბაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტს ყველა საჭირო გამოკვლევა უტარდება და მისი სხვა ჰოსპიტალში გადაყვანა არ იგეგმება.
„ეს არის ძალიან მაღალი სტანდარტის, ძვირადღირებული და საკმაოდ ცნობილი ჰოსპიტალი, რომელშიც ყველა ექიმმა კარგად იცის თავის საქმე. გარდა იმისა, რომ მე აქ ვიმყოფები და ცოტნესთან ვარ, პროფესიით ვარ ექიმი და არანირი ლაფსუსი მე არ გამომეპარება. ცოტნეს უკეთდება ყველაფერი, რაც საჭიროა და უკვე როდესაც რეაბილიტაცია იქნება საჭირო, საჭირო მომენტში იგი გადავა სხვა კლინიკაში სარეაბილიტაციოდ. არავითარი თურქულ კლინიკაში და სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანა არ მოხდება,ჩვენ გადავიყვანთ მას პირდაპირ სარეაბილიტაციო ცენტრში, როცა ამის საჭიროება იქნება“, – განაცხადა ანა ჯაბაურმა.
როგორც მან აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„სრული სიცრუეა ის, რომ დამძიმდა ცოტნეს მდგომარეობა. ცოტნე არის კარგად და სტაბილურად. ხანგრძლივი პროცესია და ნელ-ნელა მიდის გაუმჯობესება, მაგრამ დინამიკა არის დადებითი და ცოტნე არის კარგად“, – აცხადებს ჯაბაური.