თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს ექსპერტიზა დასრულდა. პროცედურას გარდაცვლილის მამა ოჯახის ადვოკატთან, მიხეილ რამიშვილთან ერთად ესწრებოდა. ავტომობილს ექსპერტიზა სამხარაულის ბიუროს ექსპერტებმა ჩაუტარეს, ასევე პროცესში მონაწილეობდა „ჰიუნდაის“ ტექნიკური ჯგუფი. როგორც გარდაცვლილის მამა აცხადებს, ექსპერტიზა დაგვიანებით ჩატარდა.
„ტექნიკური ექსპერტიზა ჩაუტარდა ავტომობილს, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა ისეთი ავტომობილი, რომელზეც შეგვეძლო ძირფესვიანად მიგვეღო ინფორმაცია, იმიტომ რომ მას არ ჰქონდა კომპიუტერული მახსოვრობა. სიცხეში, ივლისის თვეში გადაადგილებისას, რატომღაც კონდენციონერი იყო გამორთული“, – აცხადებს ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის მამის განცხადებით, მანქანის მარჯვენა კარი ოდნავ დაზიანებულია. „აღმოვაჩინე, რომ მანქანის მარჯვენა კარი ოდნავ შეჭეჭყილია. ყიდვის დროს მანქანას ეს დაზიანება არ ჰქონდა“, – აცხადებს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.
საქმის პროკურორის ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, მოხდა დალუქული ავტომობილის გახსნა, რათა ექსპერტებს საჭირო ინფორმაცია მიეღოთ და ნიმუშები აეღოთ. „დასმულია უამრავი კითხვა, მაგალითად აღჭურვილი იყო თუ არა ავტომანქანა ჯიპიეს ან სხვა მოწყობილობით, როგორ მუშაობს მანქანის ჩამკეტი და გამხსნელი მექანიზმი და რა მდგომარეობაში იყო შემთხვევის ადგილზე ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა. ასევე შემთხვევის ადგილზე დატოვებული ორი პარალელური კვალი, შეესაბამება თუ არა წარმოდგენილ ავტომობილს“, – განაცხადა კოტრიკაძემ.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.