შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი –
1984 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ა.ვ.-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა
ვიდეომიმართვა, სადაც მან მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდა პოლიციის
წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ. სოციალური ქსელი “facebook”-ის
საშუალებით განხორციელებულ Live-ჩართვაში ა.ვ. აღნიშნავდა, რომ საჭიროა
მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური
დაზიანებები მიაყენონ. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ
თბილისის პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის
239-ე პრიმა მუხლით და დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.
აღნიშნული გამოძიების ფარგლებში უწყების გადასაცემად და მოწმის სახით
საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, პოლიციის
თანამშრომლები ქალაქ ფოთში შეხვდნენ ა.ვ.-ს, რა დროსაც ის თავს დაესხა
სამართალდამცველებს და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები.
ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების და პოლიციელზე თავდასხმის
ფაქტებზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა
მუხლით და 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით.