კომპანია “GFK”-ს ვიცე-პრეზიდენტი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა, კომპანიის სანდოობის შესახებ განმარტებებს აკეთებს და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ეგზიტპოლების ცდომილებებზე და შედეგებზე საუბრობს.
როგორც გერმანული კომპანიის ვიცე – პრეზიდენტმა, ვლადიმერ ვოლოსმა განმარტა, 2012 წელს დამკვეთმა იმ ორი დოკუმენტიდან მხოლოდ ერთი გამოაქვეყნა, რომელშიც მოცემული იყო იმ ადამიანთა რაოდენობაც, ვინც გამოკითხვის დროს მკვლევარებს საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს.
„არსებობს ეგზიტპოლების გამოქვეყნების ორი გზა – პირველი ეგზიტპოლი, სადაც არ არის ჩასმული იმ ხალხის აზრი, ვინც კითხვებზე არ პასუხობს ან მეორე, ვინც ჩასვა ხალხის მონაცემები და თქვა, რომ აქ არის მოცემული პროპორციული შედეგები, წამყვანი პარტია და ასე შემდეგ. 2012 წელს კი ხალხი, რომლებმაც ინტერვიუს კითხვებზე უარი განაცხადეს, ჩასმული იყვნენ შედეგებში და შესაბამისად, პროცენტი შემცირდა. შედეგები, ტექნიკური თვალსაზრისით, სუფთად იყო მოცემული“, – განაცხადა ვადიმ ვოლოსმა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგი „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ გამოაქვეყნა, სადაც ის 20-პროცენტიანი ცდომილებით იყო წარმოდგენილი, ცესკო-ს საბოლოო მონაცემებთან შედარებით.
მაშინ, 2012 წელს, წინასაარჩევნოდ, სოციალური კვლევა გერმანულ კომპანიას GFK-ს კომპანია „ ბი-სი-ჯი“-მ დაუკვეთა. ამ კომპანიის სახელთან არის დაკავშირებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან თარხნიშვილის მეუღლის, ანა თარხნიშვილის სახელი, სადაც, იგი დღემდე დირექტორის თანამდებობას იკავებს. როგორც საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის 2016 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, ერთი წლის განმავლობაში, ანა თარხნიშვლს კომპანიიდან, ხელფასის სახით, 16 438 ლარი აქვს მიღებული. ამასთანავე, მას პირად ანგარიშზე, ნაღდი ფულის სახით, 40 000 ლარი აქვს მითითებული. გარდა ამისა, ლევან და ანა თარხნიშვილებს თბილისის სხვადასხვა უბანში 4 საცხოვრებელი სახლი და ქალაქგარეთ ორი სხვადასხვა მიწის ნაკვეთი აქვთ.
უკვე ოთხი წლის შემდეგ, 2016 წელს, კვლავ საარჩევნოდ, სოციალური კვლევა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა კომპანია “GFK”-ს დაუკვეთა. რამდენიმე დღის წინ, გერმანულმა კომპანია “GFK” -მ მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა. კითხვაზე – თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა: ”ქართული ოცნება”- 25.8%; ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”- 25.5%; ”სახელმწიფო ხალხისთვის – პაატა ბურჭულაძე”- 6.9%; ”ლეიბორისტული პარტია” – 3.7%; ”თავისუფალი დემოკრატები – ირაკლი ალასანია”- 2.9%; ”პატრიოტთა ალიანსი – ირმა ინაშვილი”- 1.6%; ”ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა” – 1.4%; ”რესპუბლიკური პარტია” – 0.5%; ”პოლიტიკური ცენტრი გირჩი”- 0.4%; ”ახალი საქართველო – გიორგი ვაშაძე” – 0.4%; არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას გამოკითხულთა 3.0%; ჩატარებული გამოკითხვისას პასუხზე უარი განაცხადა 7.7%-მა; კატეგორია „მიჭირს პასუხის გაცემა/ჯერ არ გადამიწყვეტია“ აირჩია 19.0%-მა;
კვლევა 2-18 აგვისტოს ჩატარდა და პირდაპირი ინტერვიუს წესით მთელი საქართველოს მასშტაბით 2200 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის შედეგებს კვლევის დამკვეთი – ტელეკომპანია „რუსთავი 2“ აქვეყნებს. ამავე არხის ინფორმაციით, გერმანულ-ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.
აღსანიშნავია, რომ რუსთავი 2-ის ხელმძღვანელის ნიკა გვარამიას მტკიცებით, ამ შემთხვევაში მსგავსი რამ არ მოხდება და კვლევის შედეგებში ცდომილება არ არის.