მიხეილ სარჯველაძე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების გარდაცვალების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ასეთი ტიპის გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება ამორალურია.
„საქმე გვაქვს სრულიად ამორალურ, დაუშვებლად ამორალურ საქციელთან. ჩვენ არ გვიკვირს, როდესაც ვრცელდება დეზინფორმაცია, სინამდვილესთან შეუსაბამო ცნობები სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებისა და ინსტიტუციების წინააღმდეგ, რომელიც ხშირ შემთხვევაში გამოიყენება მიზანმიმართული კამპანიის ფარგლებშიც. ცალკეული ადამიანები უსაფუძვლოდ თხზავენ ფაქტებს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ამ გზით საჯარო დაწესებულებების დისკრედიტაციისთვის. მათ შორის არაერთხელ გვიხილავს ასეთი მიზანმიმართული კამპანია სპეციალური პენიტენციური სამსახურის წინააღმდეგ.
საზოგადოების ყურადღება მინდა მივაქციო იმ გარემოებაზე, რომ ეს არ არის უბრალოდ ყალბი ცნობების გავრცელების ან დეზინფორმაციის ჩვეულებრივი სტანდარტული შემთხვევა. არამედ, მოცემულ შემთხვევაში ამ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება გაცილებით მავნებლურია და ამორალობის არნახულ მწვერვალს აღწევს. საზოგადოებისთვის არ არის იოლი ყოველდღიურად სხვადასხვა წყაროდან ყალბი ინფორმაციის მომდინარე ნიაღვრიდან გაარჩიოს მართალი მცდარისგან. მაგრამ ამ შემთხვევაში სიმართლის ჩვენება განსაკუთრებულად სენსიტიური და მნიშვნელოვანია. ამდენად, მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ განსაკუთრებით მგრძნობიარეა იმ ადამიანების და ოჯახების მდგომარეობა, რომელთა ახლობლებიც იმყოფებიან პენიტენციურ დაწესებულებებში. მსჯავრდებულთა, ასევე პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა ახლობლებისთვის ასეთი ცრუ ინფორმაციის სრულიად გადაუმოწმებლად მიწოდება ძალზედ სახიფათოა, რომ არაფერი ვთქვათ ასეთი ქცევის ტოტალურ ამორალობაზე“, – განაცხადა სარჯველაძემ.