საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გიგი უგულავა უკრაინაში, მასთან სახლში იმყოფებოდა.
სააკაშვილის თქმით, შეხვედრაზე პოლიტიკურ საკითხებზე თითქმის არ უსაუბრიათ.
„გიგი იყო მართლა აქ, ჩემთან სახლში, სუფრა გავუშალე, ძალიან თბილი შეხვედრა იყო და თითქმის არ გვილაპარაკია პოლიტიკაზე, რადგან არ მინდოდა, მოგვეწამლა ადამიანური შეხვედრა. მე, რა თქმა უნდა, მათი კამპანია არ მომეწონა, მიმაჩნია, რომ მათმა კამპანიამ პირველ რიგში დააზარალა ისინი და დააზარალა ჩვენი საერთო საქმე, მაგრამ შემდეგ ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი ძალების გაერთიანება და ამიტომ წარსულზე კონცენტრირება არ იყო საჭირო, საჭიროა მომავალზე კონცენტრირება, მით უმეტეს, მათი რაღაც პარტიული საკითხები საერთოდ არ გამირჩევია. თავიდანვე მიმაჩნდა, რომ მათ პარტიულ პროექტს, როცა ის შეიქმნა, განსაკუთრებული, რაღაცა ცალკე ნიშა არასდროს…ქართულ პოლიტიკაში არსებობს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც უკავშირდება ქართული სახელმწიფოს შექმნა, ქართული სახელმწიფოს იდეა და არსებობს ივანიშვილი, რომელიც არის ამ ქართული სახელმწიფოს დამაქცევარი და მოდერნიზაციის წინააღმდეგი. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს სხვადასხვა ჯგუფი, არსებობს კოალიციის შესაძლებლობა ამ ჯგუფებს შორის, მაგრამ ორი ფუნდამენტური იდეა არის ეს, დიდი მანევრი სხვებისთვის აღარაა, ახლა ყველაფერი მოდის იქითკენ, რომ საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი დაიბრუნებს არჩევანის უფლებას. ეს არ ნიშნავს, რომ ერთი და იგივე ხალხი უნდა იყოს, მოხდება მუდმივი განახლება, ხედავთ, „ნაციონალური მოძრაობა“ რა მაგრა განახლდა, მაგარი ახალი ხალხი მოვიდა, ძველ მებრძოლებსაც მე ძალიან ვაფასებ და მათთვის ყოველთვის მოიძებნება ადგილი ახალ კონფიგურაციაში, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ახალი თავმჯდომარე, რომელიც სულ სხვანაირად მუშაობს, და ძალიან მაგრა მუშაობს, ძალიან საინტერესო ხალხია… ასეთი ხალხი რომ მოვიდა პოლიტიკაში, რაღა დროს ვოლსკებია, რაღა დროს ბონძღებია, რაღა დროს მუმიებია“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე შეფასებით, მომავალ კონფიგურაციაში დავით ბაქრაძისთვისაც მოიძებნება ადგილი.
„მიმაჩნია, რომ მომავალ კონფიგურაციაში დავით ბაქრაძისთვისაც მოიძებნება ადგილი, გიგი უგულავასთვის, ყველასთვის“, – განაცხადა სააკაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, „მათ შორის თქვენი გუნდის გვერდითაც?“, – სააკაშვილი პასუხობს: „ახლა საჭიროა ყველას ერთიანობა, მაგრამ, რაც მთავარია, ქართული საზოგადოების ერთიანობა, თუ თანამდებობის განაწილება დაიწყო ვინმემ, რას ინაწილებენ, ახლა საქართველო არის გადასარჩენი, რასაც ნიკა მელია აკეთებს, თანამდებობისთვის ბრძოლა ხომ არ არის, ეს არის ქვეყნისთვის ბრძოლა. „ნაციონალური მოძრაობა“ ეფუძნება იდეას და მუდმივ მოძრაობას. ახლა გუნდების გაყოფა საერთოდ აღარ არის, ან მთელი ქართული საზოგადოება ჩამოიფერთხავს ამ ტალახს, ან საქართველო გაქრება, რა გუნდებზე, გადანაწილებაზე, რა კონფიგურაციებზე ვლაპარაკობთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.