„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოზიცია ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით იყო იდენტური იმ პოზიციისა, რაც გუნდის სხვა წევრებს ჰქონდათ, თუმცა, 17 თებერვლის 5 საათზე გიორგი გახარიას პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით შეიცვალა. ამის შესახებ კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას პოზიციის შეცვლის მიზეზი გუნდისთვის სრულიად გაუგებარი იყო, კერძოდ, გახარია ამბობდა, რომ ნიკა მელიას დაკავების 2 დღით გადადება ნაკლები ადამიანის კონცენტრაციას გამოიწვევდა.
„17 თებერვლის 5 საათამდე მისი პოზიცია იყო ზუსტად იდენტური იმისა, რაც ჰქონდათ გუნდის სხვა წევრებს, თუმცა, სამწუხაროდ, რატომღაც 5 საათზე ეს პოზიცია შეიცვალა. ჩვენ გვქონდა დისკუსია ამასთან დაკავშირებით და საზოგადოებას მივაწოდეთ გარკვეული ინფორმაცია. 5 საათი ზუსტად იმიტომ მახსოვს, რომ იყო გარკვეული კომუნიკაცია ტექნიკური საშუალებებით და დაახლოებით ეს დრო იყო, როდესაც ეს კომუნიკაცია შედგა. თავდაპირველად ითქვა, რომ ოპერაცია უნდა გადადებულიყო, საუბარი იყო 2 დღით გადადებაზე. მიზეზი და არგუმენტი ჩვენთვის არ იყო მყარი. არგუმენტი იყო ის, თითქოს ნაკლები იქნებოდა ადამიანების კონცენტრაცია 2 დღის შემდეგ მაშინ, როდესაც ჩვენ ლოგიკურად ვმსჯელობდით იმაზე, რომ პირიქით, კონცენტრაცია გაიზრდებოდა და ასეც მოხდა. თქვენ თუ გახსოვთ, 2 დღეში კონცენტრაცია ადამიანების ოფისში გაიზარდა, რამაც შედარებით გაართულა ბუნებრივი ოპერაციის ჩატარება. ჩვენი საუბარი დასრულდა ალბათ 10 წუთით ადრე, ვიდრე გიორგი გახარია გააკეთებდა განცხადებას გადადგომასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, გიორგი გახარია თავისი პოზიციით უმცირესობაში იყო. კითხვაზე, თუ რამდენად არის შესაძლებელი, რომ გიორგი გახარია ახალი პოლიტიკური პარტიის ლიდერად ვიხილოთ, ირაკლი კობახიძე პასუხობს, რომ ეს, თავად გიორგი გახარიას გადასაწყვეტია და თუ ვინმეს სურს ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება, დემოკრატიული სისტემაა და ნებისმიერს შეუძლია მსგავსი გადაწყვეტილების მიღება.