ის ფაქტი, რომ ქალბატონი ბურჯანაძე ასე ფიქრობს, ეს არის შემზარავი, – ასე გამოეხმაურა „მოქალაქეების“ წევრი, ალეკო ელისაშვილი ნინო ბურჯანაძის განცხადებას.
„ბურჯანაძემ თქვა, რომ ამაყობს იმით, რომ ხელი ჩამოართვა პუტინს, ეს არის შემზარავი. ამ განცხადების შემდეგ როგორ დგებიან მის გვერდით და ერთობლივ მოთხოვნებს როგორ ახმოვანებენ, ვერ ვხვდები. როგორ შეიძლება, პუტინთან, იმ ადამიანთან ურთიერთობით ამაყობდე, ვინც ხალხი დაგვიხოცა, ჯარისკაცები იქნებიან თუ მშვიდობიანი მოსახლეობა და ქართული სოფლები მიწასთან გაასწორა, ტერიტორიები წაგვართვა, დღემდე აბუჩად გვიგდებს. შუაგულ ქართლში ჩვენს ხალხს ვინ იტაცებს? ამ კაცთან ურთიერთობით და ხელის ჩამორთმევით რომ ამაყობ, ქართველი პოლიტიკოსი გქვია და ოპოზიციურ მარაქაში რომ ხარ გარეული, ეს არის შემზარავი ამბავი.
ამ განცხადების შემდეგ ძალიან უხერხულად ვიგრძნობდი თავს როგორც ოპოზიციური ტელევიზიების მხრიდან, ასევე იმ ოპოზიციონერების, ვინც გვერდი-გვერდ ხელჩაკიდებული დაჰყვება ხოლმე. მანამდე, ოპოზიციურ არხებზე ამბობდნენ, რომ წარმატებას ვუსურვებ პროდასავლურ ოპოზიციასო, შემდეგ შეიცვალა დემოკრატიულ ოპოზიციასო და ნინო ბურჯანაძე რომელში ეწერება ძალიან მაინტერესებს. საქართველოს მტერთან, დამაქცეველ, დამანგრეველთან მეგობრობით რომ ამაყობ, იმ ადამიანზე რა უნდა ილაპარაკო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ რადიოსადგურ „ეხო მასკვისთან“ ინტერვიუში განაცხადა:
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთში მხოლოდ ვლადიმერ პუტინს შეუძლია.