“საქართველომ უკვე თვეზე მეტია რაც მესამე ტალღის პიკი გადაიარა, თუმცა ყოველდღიური ინფიცირებისა და ლეტალობის ისევ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. სპეციალისტების აზრით, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ქვეყანაში მკაცრი რეგულაციები მოხსნილია და „ინდური შტამიც” ცირკულირებს. პარასკევს კოვიდ-19- ის 671 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 17-ს შეადგენს, კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,35%, ბოლო 14 დღის – 2,47%, ბოლო 7 დღის – 2,5%.სულ აცრილია – 225 666 ადამიანი, დღიურად კი 4 441. 17 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 741 შემთხვევა გამოვლინდა, 18 კი გარდაიცვალა”, – წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, იქნება თუ არა მე-4 ტალღა და რას შეუძლია მისი შეკავება
“როგორც ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „რეზონანსთან” საუბარში აცხადებს, არსებული ეპიდსიტუაცია გახსნილი ქვეყნისა და შტამების პირობებში მოსალოდნელი იყო, და აუცილებელია რეგულაციების დაცვა და აქტიური ვაქცინაციაა, რათა ქვეყანა მეოთხე ტალღის წინაშე არ დადგეს. კარგი იქნებოდა, რომ ინფიცირების რიცხვი ჩამოსულიყო, ათეულ და ოცეულ შემთხვევებზე ყოფილიყო, მაგრამ სიტუაცია, რაც ახლა ჩვენთანაა, ეს ბუნებრივია და მოსალოდნელი იყო, რადგან მოგეხსენებათ, რომ გაზაფხულის მეორე ნახევრიდან ფაქტიურად ყველა მთავარი რეგულაცია მოიხსნა, რეგულაციების გარეშე კი ეპიდსიტუაციის უფრო გაუმჯობესება, თუ მასიური ვაქცინაცია არ წავა, წარმოუდგენელია. „ის, რომ ჩვენ ამ რამდენიმე ასეულიან ნიშნულს ვინარჩუნებთ, ეს ბუნებრივია, არც ცუდია და არც კარგი, საყურადღებოა, მაგრამ ეს მოსალოდნელი იყო, არ ველოდები, რომ ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება მკვეთრად მოხდება, დიდი ალბათობით ივლისში შემთხვევები კიდევ უფრო დაიკლებს და დღიური მაჩვენებელი 200-300-ის ფარგლებში იქნება, მაგრამ უფრო მეტად კლება არ იქნება და ის, რომ აგვისტოს მეორე ნახევარში შემთხვევებმა მოიმატოს, ამის რისკები რჩება, იმის გათვალისწინებითაც, რომ საქართველოში ინდური შტამის ერთეული შემთხვევები ფიქსირდება. „დიდი ალბათობით ამ პერიოდში ინდური შტამი ჩვენი რეგიონის ქვეყნებშიც გავრცელდება და ჩვენც რისკები შეგვექმნება, ამიტომ ორი რამ ძალიან მნიშვნლოვანია, ერთი ის, რომ, როგორც დაანონსდა, ივლისისთვის საყოველთაო ვაქცინაცია აქტიურად წავიდეს და ადამიანები აიცრან, და მეორე ის, რომ მაინც ზაფხულია და შესაძლოა მოვდუნდეთ, მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციები დავიცვათ, განსაკუთრებით ეს საკურორტო ზოლს ეხება, ზღვის სანაპიროებს, აჭარის რეგიონს, სადაც ივლის-აგვისტოში დიდი რაოდენობით ადამიანი იყრის თავს, მობილობა გაიზრდება და ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკები გაიზრდება. „ამიტომ თუ ჩვენ რეკომენდაციებს დავიცავთ და ვაქცინაცია აქტიურად წავა, ვქფირობ, რომ ე.წ. მეოთხე ტალღა შესაძლოა არ გვქონდეს, მაგრამ რეგულაციების გარეშე გახსნილ ქვეყანაში ის რაოდენობა, რაც ახლა ფიქსირდება და ეპიდსიტუაცია უფრო მეტად რომ არ გაუმჯობესდა, ამაში უცნაური არაფერია,” – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ „რეზონანსთან”, – აღნიშნავს გამოცემა.
“აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების სამკურნალოდ, საგანგებო გამოყენებისთვის, მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატი „სოტროვიმაბი” დაამტკიცა. ავტორიზაცია ეხება მედიკამენტის გამოყენებას „კოვიდ 19″-ის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის მიმდინარეობის დროს იმ პაციენტებში, რომლებიც დაავადების გართულების რისკის ქვეშ იმყოფებიან და არა უკვე ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში, რომლებიც ჟანგბადის მიწოდებას საჭიროებენ. აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მონოკლონურმა ანტისხეულებმა შეიძლება გააუარესოს იმ ჰოსპიტალიზებული კოვიდპაციენტების შედეგები, რომლებიც ჟანგბადს ან მექანიკურ ვენტილაციას საჭიროებენ. მედიკამენტზე ჩატარებულმა კლინიკურმა ცდამ აჩვენა, რომ “სოტროვიმაბი” ეფექტურია კორონავირუსის ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური ვარიანტების წინააღმდეგაც. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია „ინტერპრესნიუსის” კითხვას, ხომ არ იგეგმება ქვეყანაში მონოკლონური ანტისხეულის პრეპარატის “სოტროვიმაბის” შემოტანა, რომელიც აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის და უფროსი ასაკის პაციენტების სამკურნალოდ, საგანგებო გამოყენებისთვის დაამტკიცა, განაცხადა რომ ამაზე სამინისტრო მუშაობს და პროცესის დასრულებას რამდენიმე კვირა დასჭირდება”, – განაგრძობს გამოცემა.
“ჩვენ სხვადასხვა მწარმოებელთან ვმუშაობთ უახლესი მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანაზე, რაც პოტენციურად დადებითი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს კოვიდის შემთხვევაში. “სოტროვიმაბი” მონოკლონური ანტისხეულის ჯგუფის პრეპარატია, მონოკლონური ანტისხეულის ჯგუფის სხვა პრეპარატებიც არის. ჩვენ ამ ეტაპზე სხვა დასახელების მონოკლონური ანტისხეულის ქვეყანაში შემოტანაზე ვმუშაობთ დონაციის გზით, კონკრეტულად “ბამლანივამაბის” და “ეთისივამაბის” ქვეყანაში შემოტანაზე. “ვფიქრობთ, რამდენიმე კვირა დასჭირდება ამ პროცესის დასრულებას და გვექნება საშუალება მონოკლონური ანტისხეულების გამოყენება ჩვენს ქვეყანაშიც დავიწყოთ”,- აღნიშნავს გაბუნია”, – წერს სტატიის ავტორი.