ინტერვიუ ინდონეზიის ხელისუფლების მრჩეველთან ეკონომიკური რეფორმების საკითხებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრ ვერა ქობალიასთან.
ვერა, თქვენ ახლა მუშაობთ ინდონეზიაში. მოგვიყევით, როგორ აღმოჩნდით იქ და რა თანამდებობაზე მუშაობთ?
მე ვმუშაობ ავსტრალიის მთავრობაზე, საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც ინდონეზიის ხელისუფლებას ეკონომიკის რეფორმების საკითხებში კონსულტაციებს უწევს. ინდონეზიის ხელისუფლებამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სერიოზული რეფორმები გაატარა და თანდათან ხსნის საკუთარ ბაზარს. ქვეყნის ეკონომიკა სწრაფი ტემპით ვითარდება და რაც მთავარია, არსებობს პოლიტიკური ნება, რათა გატარდეს ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც ბიზნესგარემოს გაუმჯობესებს.
აღნიშნულ პოზიციაზე საერთაშორისო კონკურსის მეშვეობით მოხვდით თუ ავსტრალიის ხელისუფლების მხრიდან მიიღეთ მოწვევა?
ჟურნალ The Economist-ში განცხადება ვნახე, შესაბამისად დავინტერესდი, ვინაიდან ეს იყო შესაძლებლობა რომ მონაწილეობა მიმეღო მსოფლიოში მეოთხე ყველაზე დიდი ქვეყნის (მოსახლეობის მიხედვით) ეკონომიკური კურსის ჩამოყალიბებაში. მივიღე საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა, გავიარე რამდენიმე გასაუბრება ავსტრალიურ მთავრობასთან და საბოლოოდ მათ შემომთავაზეს აღნიშნული პოზიციაზე მუშაობა. გულწრფელად გეტყვით, რომ არცთუ ისე მარტივი იყო გადასახლება, მით უმეტეს, პატარა ბავშვით და ყველაფრის ნულიდან დაწყება, მაგრამ სამსახური და გუნდი იმდენად საინტერესოა, რომ ძალიან მიხარია, აღნიშნული ნაბიჯი რომ გადავდგი. ვიმედოვნებ, რომ აქ მიღებულ გამოცდილებას მომავალში საქართველოში გამოვიყენებ.
თქვენს მოვალეობაში რა შედის, ვის და რა სტრუქტურებს აძლევთ რჩევებს?
მე ვმუშაობ ინდონეზიის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრებთან და საინვესტიციო სააგენტოსთან ეკონომიკის პოლიტიკის დაგეგმვის საკითხებში – დერეგულაციის, დებიუროკრატიისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით.
თქვენ მარტო ასრულებთ ამ ფუნქციას თუ საერთაშორისო ჯგუფთან ერთად მიმდინარეობს ქვეყნის ეკონომიკის რეფორმირება?
ახალი გუნდი, ქვეყნის პრეზიდენტისა და ქალაქის მერის ჩათვლით რეფორმატორები არიან. თუმცა უნდა ითქვას, რომ აქ ძალიან ბევრი ძველი აზროვნების ბიუროკრატიც არის შესაბამისად, ჩვენ, საერთაშორისო კონსულტანტები, ვმუშაობთ რეფორმატორ გუნდთან ერთად და ვცდილობთ, დინების საწინააღდმეგოდ ვიმოძრაოთ. საერთაშორისო კონსულტანტები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ, ძირითადად ავსტრალიელები და ევროკავშირის მოქალაქეები არიან. საქართველოდან ჯერჯერობით მხოლოდ მე ვარ.
რამდენად მარტივია ინდონეზიაში მუშაობა და ბიზნესის კეთება? როგორია სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის რეგულირება?
ინდონეზიაში მუშაობა არ არის მარტივი. თუ ვნახავთ საერთაშორისო რეიტინგებს, ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით ინდონეზია 109-ე ადგილზეა. პირველი შემაფერხებელი ფაქტორი არის კორუფცია სახელმწიფო სტრუქტურებში. მეორე, ინდონეზია არის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად პროტექციონისტურად უყურებს საკუთარ ბაზარს, მაგრამ, ამავდროულად, ქვეყნის ახალ ხელისუფლებას ესმის, რომ მომავლის გზა და მათი შვილების კეთილდღეობა უფრ გახსნილ, საბაზრო ეკონომიკასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ინდონეზია საინტერესო ბაზარია ინვესტიციებისთვის, განსაკუთრებით იმათთვის, ვინც ე.წ. quick fix-ს არ ეძებს.
რა უპირატესობა აქვს ინდონეზიას, გარდა 200-მილიონიანი ბაზრისა?
დღეისდღეობით ინდონეზიის მოსახლეობა 255 მილიონ ადამიანს შეადგენს, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა მოსახლეობაა – მოსახლეობის საშუალო ასაკი 28 წელია. 20 წელიწადში მოსახლეობის რაოდენობა 350 მილიონამდე გაიზრდება. ეს არა მხოლოდ ძალიან დიდი სამუშაო ძალაა, ასევე, სამომხმარებლო ბაზაა. ინდონეზიას ეკონომიკა იზრდება სტაბილურად 5% წელიწადში, მილიონობით ადამიანი ყოველ წელს საშუალო ფენაში გადადის. მაგალითისთვის, დედაქალაქში – ჯაკარტაში – 10 მილიონი მოტოციკლი და 4 მილიონი ავტომაქნანაა. 10 წლის წინ კი მოსახლეობის უმრავლესობა სამბორბლიანი რიქშებით გადაადგილდებოდა. ჩემთვის ყველაზე საინტერესო ის არის, განვითარებადი ქვეყნები თუ რამდენად სწრაფად ახდენენ ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტაციას. ინდონეზიაში შეიძლება ბევრს არ ჰქონდეს კომპიუტერი, მაგრამ ყველას აქვს მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებით ყიდულობენ, ყიდიან და სარგებლობენ სხვადასხვა სერვისებით, რითაც განვითარებულ ქვეყნებსაც კი უსწრებენ. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო, კომპანია Go-Jek, რომელმაც Uber-ის მსგავსი აპლიკაცია შექმნა. მანქანის ნაცვლად თქვენ მოტოციკლი გემსახურებათ. გარდა სერვისისა, Go-Jek-ის მძღოლი თქვენს მაგივრად ბაზარშიც წავა, ბილეთების რიგშიც დადგება, მასაჟისტს და პარიკმახერსაც მოგიყვანთ. Go-Jek-ში 250 000 მძღოლი მუშაობს, კომპანია 1 მილიარდ დოლარად ფასდება და ეს ყველაფერი მან მხოლოდ ორი წლის განმავლობაში შეძლო.
საქართველოს ეკონომიკის რეფორმირების რაიმე ელემენტები თუ გამოიყენება დღესდღეობით ინდონეზიაში და ადგილობრივი მოსახლეობა როგორ ღებულობს ამ რეფორმებს?
სახელმწიფო სტრუქტურების რეფორმირების პროცესი არცთუ ისე დიდად განსხვავდება, იქნება ეს საქართველოში, ინდონეზიაში თუ ნებისმიერი სხვა ქვეყანაში. რეფორმების გასატარებლად, პირველ რიგში, საჭიროა პოლიტიკური ნება. თუ ეს ნება არის, შემდეგ იწყება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, დერეგულაცია, დებიუროკრატიზაცია. მაგრამ ვინაიდან ინდონეზიაში არ არის კრიზისი და ეკონომიკა სტაბილურად იზრდება, არ ჩქარობენ ძველი ინსტიტუტების რადიკალურად შეცვლას. მაგრამ ეფექტური რეფორმები კარდინალურ ცვლილებებს მოითხოვს.
სამხრეთ აზიაში ინდონეზია ერთ-ერთი უძლიერეს ეკონომიკას წარმოადგენს. რამდენად კარგად იცნობენ იქ საქართველოს და რამდენად შეიძლება ინდონეზიის ბაზარი ჩვენთვის საინტერესო გახდეს?
არ მოგატყუებთ და გულწრფელად გეტყვით, რომ ინდონეზიაში საქართველოს საერთოდ არ იცნობენ. როდესაც მე ვამბობ, რომ საქართველოდან ვარ, რეაქცია შემდეგნაირია: “აა, ბალკანეთი! სერბეთი, ბოსნია, ხომ?“ მე ვპასუხობ, რომ „არა, თურქეთის მეორე მხარე გაიხსენეთ“. თუ ვიტყვით ყოფილი საბჭოთა კავშირს, რატომღაც ჰგონიათ, რომ სადღაც აზიის შუაში ვართ და ამბობენ: „უზბეკეთი, თურქმენეთი, ხო?“. გულახდილად რომ გითხრათ, მე მირჩევნია იფიქრონ, რომ ახლოს ვართ თურქეთთან და ევროპასთან, ვიდრე საბჭოეთთან ასოცირება მოახდინონ.
ასევე მინდა გკითხოთ ქართული პროდუქციის ესპორტზე ინდონეზიის ბაზარზე. რა პოტენციალი არსებობს ამ მიმართულებით?
პროდუქციის გარდა დროა დავიწყოთ სერვისების ექსპორტიც. საქართველოს შეუძლია საკუთარი ცოდნის ექსპორტი განახორციელოს – გამოცდილება ინსტიტუციურ რეფორმებში მათ შორის სახელმწიფოს სერვისების ახალი სისტემები (იუსტიციის სახლები). რაც შეეხება პროდუქციას, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ცდილობენ ინდონეზიის ბაზრის დაპრყობას. გასაგებია რატომაც – უზარმაზარი მოსახლეობა, დიდი მოთხოვნა, ხოლო ინდონეზია მხოლოდ ახლა ანვითარებს საკუთარ ეკონომიკას. საინტერესო საინვესტიციო შესაძლებლობები არსებობს ტელეკომუნიკაციის, ინფრასტრუქტურის (ფასიანი გზების ჩათვლით), ტრანსპორტის მიმართულებით. თუ მხოლოდ სამოქალაქო ავიაციას შევხედავთ, ინდონეზიის ბაზარი ერთ ერთი ყველაზე ზრდადია. კიდევ ერთი კონკრეტული მაგალითია გართობის სექტორში, მაგალითად კინოთეატრები. აღნიშნული სექტორი უცხოური ინვესტიციებისთვის მხოლოდ ახლა გაიხსნა.
რამდენად იციან ჩვენი პროდუქციის შესახებ, ვგულისხმობ ღვინოს, მინერალურ წყლებს და ა.შ. რა პროდუქტები შეიძლება გახდეს მოთხოვნადი ინდონეზიის ბაზარზე?
ინდონეზია ყველაზე დიდი მუსლიმური ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ ღვინო სპეციალურ ღვინის მაღაზიებში და რესტორნებში იყიდება, აქციზი იმდენად მაღალია, რომ ხარისხიანი ღვინო ბევრისთვის არც ისე ხელმისაწვდომია. თუ სოფლის მეურნეობის პროდუქტებს შევხედავთ, ინდონეზიამ 2015 წელს 800 მილიონი დოლარის ოდენობით ხორცის და ხორცპროდუქტების იმპორტი მოახდინა. არაალკოჰოლური სასმელების იმპორტმა 107 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო რძის პროდუქტების – 320 მილიონი აშშ დოლარი. მაგრამ, მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე არ უნდა ვიფიქროთ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეუძლია ტენდერებში მონაწილეობა მიიღოს და ინდონეზიას შესთავაზოს ბრონირებული საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“ და საქართველოში წარმოებული სხვა ტექნიკა. კერძო სექტორში, ჩვენს ახალგაზრდა IT სპეციალისტებს შეუძლიათ, საკუთარი გამოგონებები ინდონეზიელ კოლეგებს შესთავაზონ.
რა პერსპექტივები არსებობს, რათა ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავდეს? და რამდენად რეალურია ინდონეზიიდან საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა?
პირველ რიგში, აუცილებელია ინდონეზიელმა ბიზნესმენებმა გაიცნონ საქართველო. ბრმად, არ მგონია, საქართველოთი ვინმე დაინტერესდეს და ინვესტიციები განახორციელოს. ოქტომბრის ბოლოს საქართველოს 30 ადამიანისგან შემდგარი დელეგაცია ეწვევა. დელეგაციაში ძირითადად თანამდებობის პირები იქნებიან, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში გატარებული რეფორმებით, იუსტიციის სახლებით, საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მიღწევებით. ეს პირველი ნაბიჯია, შემდეგი შეიძლება გახდეს ტურიზმი. რაც უფრო მეტი ინდონეზიელი ჩამოვა საქართველოში და იგრძნობს ჩვენი ქვეყნის ენერგიას, მით უფრო მეტი შანსია იმისა, რომ ასიდან ერთი საქართველოში დაბრუნდება, როგორც ინვესტორი. ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა ქართველი ბიზნესმენებისთვისაც საინტერესო იქნება ინდონეზიის ნახვა და გაცნობა. თუ ვინმე გეგმავთ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის დათვალიერებას და გაცნობას, მოხარული ვიქნები გნახოთ და დაგეხმაროთ, იქნება ეს რჩევა თუ ადგილობრივ ბიზნესმენებთან კონტაქტში ხელშეწყობა.
www.bt.ge