მიმდინარეობს შეჯიბრი, ვინ უფრო მეტი ექსტრემისტია – გედი ფოფხაძე, ელენე ხოშტარია, თუ ლევან ხაბეიშვილი. ამ შეჯიბრში გედი და ლევანი გაიჭრნენ წინ და ახლა ელენეს უნდა, წამოეწიოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ამასთან, ვოლსკის თქმით, ბევრი მხარეა დაინტერესებული საქართველოში დესტაბილიზაციით.
„ხოშტარიას გირაოს გადახდა არ გაუჭირდება, რადგან თუ ვინმე ვინმეს აფინანსებს და მხარს უჭერს, ეს რუსეთი და ხოშტარიას ოჯახია. ყოველთვიურად უშველებელი თანხები შემოდის. აქედან გამომდინარე, მის მიმართ გარკვეული ეჭვები ჩნდება და ვფიქრობ, ეს ეჭვები საზღვარგარეთაც არსებობს. განსაკუთრებით, იმ საზოგადოებაში, რომელიც ჩვენ გვიპირისპირდება, მათთვის დასამტკიცებლად, რომ იგი თანხებს იღებს. როგორ შეიძლება, ამ ვითარებაში ქვეყანას ასე აზიანებდე? მსოფლიოში ისეთი რეალობაა შექმნილი, რომ ამ დაპირისპირებაში საქართველოს ჩართვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ცივსისხლიანი პოლიტიკისათვის, რომელიც აქ არ ყალიბდება. რეალურად, რასაკვირველია, რუსეთი პოლიტიკურად იგებს მაშინ, როდესაც ადამიანთა ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას სწორედ იმ მიზეზით უპირისპირდება, რომ ევროკავშირისკენ თურმე არ მიდის და რუსეთის ორბიტაზე მიდის. ეს ორივე შემთხვევა გასაერთიანებელია და ერთი დასკვნაა გასაკეთებელი – ქვეყანას სააკმაოდ სერიოზული მეთოდებით ებრძვიან, მაგრამ მხოლოდ ერთი არ არის ეს მებრძოლი, ბევრი მხარეა დაინტერესებული საქართველოში დესტაბილიზაციით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
სამართალდამცველებმა „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. შსს-ს ცნობით, ელენე ხოშტარია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის საარჩევნო ბანერების დაზიანებასთან დაკავშირებითაა დაკავებული. მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.