რათა, აი, რათა, ვერ ვიგებ?! ასე რომ მივუდგეთ, ივნისის მოვლენებისას, ოფიციალური მონაცემებით, 275 პირი დაზარალდა, მათ შორის – 187 სამოქალაქო, 15 ჟურნალისტი (სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციით, დაზარალებულ ჟურნალისტთა რიცხვი 32-ია) და შინაგან საქმეთა სამინისტროს 73 თანამშრომელი. ჰოდა, ჩამოშლილ სახელმწიფოს ვადევნებდით თვალს, ან არაპროფესიონალიზმს? – ასე ეხმიანება ამირან სალუქვაძე გიორგი გახარიას განცხადებას.
,,ენმ-მა დაამკვიდრა ისეთი სტანდარტი, რომ თუ ხელისუფლებას არ ლანძღავ, ოპოზიციად არ გთვლიან. ჰოდა, მიჰყვება ყველა ამ გზას. თემა სენსიტიურია. ერთის მხრივ, ლგბტ პროპაგანდად აღქმულ აქციას ეხება, მეორეს მხრივ, ეკლესიაზე შეტევას, თორემ ხელისუფლების კრიტიკას აიტანს ქვეყანა. მაგისთვისაა ხელისუფლება, უნდა აკრიტიკონ.” – წერს სალუქვაძე სოციალურ ქსელში.
ექსპერტის აზრით, როდესაც ქაშუეთის ეკლესიაში პატრიარქის მოწოდებით პარაკლისი იმართებოდა, არავინ ელოდა, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია განხორციელდებოდა. ასევე, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გახარიას „ნაციონალურ მოძრაობას“ დაემსგავსოს.
„უბრალოდ, კარგად გამოჩნდა, რომ ამ მოვლენების მიზანი ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო. ამით, დროის გარკვეულ მონაკვეთზე ქვეყანაც რომ ზიანდება, ანა-ბანაა. კიდევ ერთი. უკვე მესამედ ვწერ. პატრიარქმა ქაშუეთის ეკლესიაში პარაკლისის გამართვა დააანონსა. ხელისუფლებას ასეთ დროს რუსთაველი რობოკოპებით უნდა გადაეკეტა? ან ვინმეს უნდა სცოდნოდა, რომ მთელი თბილისის მასშტაბით ჟურნალისტებს დაერეოდნენ? შესაძლოა, იყო გარკვეული ხარვეზები პოლიციის ქმედებებში, თუმცა დეტალური ქრონომენტრაჟული ანალიზის გარეშე ასეთი დასკვნის გაკეთება, არაკორექტული იქნებოდა. ჰოდა, რა სავალდებულოა, ყველა ოპოზიციური პარტია „ნაცმოძრაობის“ ხაზზე იჯდეს, გაუგებარია და, რა აუცილებელია, ყველა საკითხში ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირება?! მესმის, ერთის მხრივ, დასავლეთის გულის მოგებაშია შეჯიბრი, მეორეს მხრივ, შემოდგომაზე 43%-ს ჩაფლავებაა მთავარი ოპოზიციური ამოცანა. 43%-ზე ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და საზოგადოებამ ინერვიულოს. ცალკე დავწერ ამ თემაზე. მე უბრალოდ პოლიციელებს ვეტყვი გულითად მადლობას. მათი მოთმინების ზღვარზე გაიარა ამ დღეებმა. ყურადღებით ვაკვირდებოდი მათ მოქმედებებს. ყოველი მათგანი პატივისცემას იმსახურებს“, – წერს ამირან სალუქვაძე facebook გვერდზე.