გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას აზრით, 5 ივლისს თბილისი პრაიდის კონტრაქციაზე პუტინისტური ჯგუფების ლიდერებისა და სასულიერო პირების ძალადობრივი მოწოდებები გამოხატვის თავისუფლება იყო. ხვიჩია ამბობს, რომ სამყაროში არ იცის მაგალითი, როდესაც გამოხატვის თავისუფლებამ – მოწოდებებმა მყისიერი და რეალური საფრთხე შექმნეს.
“გამოხატვის თავისუფლება ნიშნავს ყველაფრის თქმის უფლებას და არა ის, რომ გაუმარჯოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ამას არ სჭირდება გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება სჭირდება ისეთი სიტყვების თქმის უფლებას, რომელიც არავის არ მოსწონს, ყველა აპროტესტებს, მაგრამ გამოხატვის თავისუფლება მაგიტომაა გამოხატვის თავისუფლება, რომ ეს დაიცვას.
ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც შეიძლება არსებობდეს გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით არის თუ ეს გამოხატვის თავისუფლება ქმნის მყისიერ, რეალურ, იმ წუთიერ საფრთხეს. არა მხოლოდ იქ არ ქმნიდა [5 ივლისს], არამედ მე სამყაროში მაგალითი არ ვიცი, როდესაც გამოხატვის თავისუფლებამ შექმნა მყისიერი, იმ წუთიერი და რეალური საფრთხე”. – თქვა ხვიჩიამ ფორმულას ეთერში.
ხვიჩიას თქმით, მას არ სჯერა, რომ 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ მოძრაობა სირცხვილიას ოფისის დარბევა და ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ცემა ორგანიზატორების მოწოდებების შედეგი იყო. მისი აზრით, ეს, შესაძლოა, წინასწარ ყოფილიყო დაგეგმილი. იაგო ხვიჩია თვლის, რომ ძალიან საშიშია მოწოდებების გამო ადამიანების დასჯა, რადგან დაუდგენელია, დანაშული მოწოდებამ გამოიწვია თუ ის დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი.
“წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი ყვირის რაღაცას. ის შედეგი, რომელიც დადგა, ჩვენ არ ვიცით, ამ მოწოდებამ აღაგზნო ეს ხალხი და ამიტომ გაექანნენ და 500 მეტრით ზემოთ გარბოდნენ, თუ მანამდე იყო ეს დაგეგმილი. მე არ მჯერა, რომ ეს მოწოდების გამო მოხდა.
შენ თუ კურთხევას გასცემ მოწოდების გამო ადამიანების დაჭერაზე, როცა სისტემას მოუნდება, ნებისმიერ ისეთ სიტყვაზე, ნებისმიერ ისეთ ნათქვამზე, რომელიც არ მოეწონება სისტემას, ის ამას გააფორმებს როგორც მოწოდებას და ფიზიკურად ეს გახდება ადამიანების დასჯის წყარო”. – თქვა ხვიჩიამ.