ჩვენ საზოგადოებას ვაფრთხილებდით, რომ ოპოზიცია, განსაკუთრებით კი „ნაციონალური მოძრაობა“ არ აწარმოებს ნამდვილ წინასაარჩევნო კამპანიას და მოსალოდნელი იყო, რომ არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე იქნებოდა მედიის სახით იქნებოდა საარჩევნო კამპანია, რომელიც მთლიანად დაფუძნებული იქნებოდა დისკრედიტაციაზე, დეზინფორმაციასა და ზიზღის ენაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საზოგადოება ამის მოწმე უკვე გახდა და ოპოზიცია გადართულია დისკრედიტაციასა და ზიზღის ენაზე.
„რასაც ჩვენ ვისმენთ, ეს არის სრული ფაბრიკაცია, მათ რამე მტკიცებულებებიც არ აქვთ ხოლმე. მათი ერთადერთ მიზანია, რომ კანდიდატების დისკრედიტაცია მოახდინონ, რადგან ხვდებიან, რომ 2 ოქტომბერს არჩევნებს პირწმინდად წააგებენ. კანდიდატების სია საჯაროა და ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ კანდიდატზე შეუძლია რაღაც თქვას. რაღაცის თქმაზე რომ არის აწყობილი, რომ თითქოს ეს არის ფაქტი – სწორედ ეს არის სამწუხარო რეალობა. ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ადამიანები და ამ შემთხვევაში მედიის წარმომადგენლები ასახელებენ, ტალახს ესვრიან ადამიანებს, ახდენენ მათ დისკრედიტაციას – ეს არის პროპაგანდის ტიპური ფორმა. პროპაგანდა, რომელიც ეფუძნება ჭორებს, მოგონილ ამბებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
