ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი განკვეთილ ბერებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გონივრულ ვადაში დატოვონ კელიები. როგორც მეუფემ დღეს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა, განკვეთილ ბერებს შეუძლიათ საეკლესიო ცხოვრება განაგრძონ როგორც ერის კაცებმა, თუმცა ისინი სალხინოს მამათა მონასტერში ვერ დარჩებიან.
მეუფე სამონაზვნო ცხოვრებიდან განკვეთილი სასულიერო პირებს ურჩევს, იმოქმედონ გონებით და წავიდნენ მშვიდობით. მისივე თქმით, წინააღმდეგობის მიუხედავად სასულიერო პირები მაინც დატოვებენ მონასტერს.
გასულ კვირას, ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ამბოხისა და არეულობის მცდელობის ბრალდებით მიტროპოლიტმა 10-მდე სასულიერო პირი სამუდამოდ განკვეთა სამონაზვნო ცხოვრებიდან. თავის მხრივ განკვეთილი ბერები ისევ რჩებიან სალხინოში მამათა მონასტერში. ისინი კელიების დატოვებას არ აპირებენ.