„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე სამგორის რაიონის მოსახლეობის კითხვებს პასუხობს. მოსახლეობასთან რიგით მეათე ონლაინ შეხვედრას ამავე რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე ესწრება.
ვიდეოჩართვის დასაწყისში კახა კალაძემ რევაზ სოხაძის საქმიანობა შეაფასა და დედაქალაქის სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება.
„სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატ რევაზ სოხაძეს წარდგენა არ სჭირდება, რადგან ის წლებია თითოეული სამგორელის მეგობარი და გულშემატკივარია. ის არის ადამიანი, რომელიც უყურადღებოდ არ ტოვებს არცერთ პრობლემას. ვიდრე ვუპასუხებთ სამგორის მოსახლეობის შეკითხვებს, ტრადიციულად, გაგიზიარებთ იმ სიახლეებს, რაც ჩვენს დედაქალაქში ხდება. დღეს საფუძველი ჩავუყარეთ უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობას. მშენებლობა 2023 წლისთვის დასრულდება, რის შედეგადაც, მოძრაობა თამარაშვილის ქუჩაზე, ასევე, წყნეთიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით, განიტვირთება და გადაადგილება უფრო თავისუფლად იქნება შესაძლებელი. ასევე, იგეგმება უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. მოწესრიგდება ჩოლოყაშვილის ქუჩაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კიდევ ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე შენობების ნაწილის რეაბილიტაცია სრულდება.
„დავიწყეთ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, 30 შენობა-ნაგებობას სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ. აქედან კულტურული მემკვიდრეობის 22 ძეგლია. ხვალ გვექნება შესაძლებლობა, დეტალურად გავაცნოთ საზოგადოებას, თუ რა მასშტაბის სამუშაოები ჩატარდა და როგორ შეიძინა ახალი სიცოცხლე თბილისის ამ უძველესმა და უნიკალურმა სივრცემ. ასე ეტაპობრივად ვგეგმავთ ჩვენი ქალაქის ისტორიული უბნების გაცოცხლებას, ვგეგმავთ თბილისის ყველა უბნის განვითარებას. დიახ, ნებისმიერ უბანში მცხოვრებმა თბილისელმა უნდა იგრძნოს თავი დედაქალაქში, განურჩევლად ცენტრისა თუ გარეუბნისა. ეს არის ჩვენი მიზანი და მის განხორციელებაში აუცილებელია თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა“, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.
კახა კალაძემ აქვე, მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მოსახლეობამ 2 ოქტომბერს არჩევანი თბილისის განვითარებისა და პროგრესის სასარგებლოდ უნდა გააკეთოს.
„შაბათს იმართება თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქალაქის მომავალს. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ სწორედ თითოეული თქვენგანის პასუხისმგებლობასა და ჩართულობაზე გადის არჩევანი თბილისის შეუქცევად განვითარებასა და ქაოსს შორის. მოდით არჩევნებზე და ხმა მიეცით პროგრესს, განვითარებას, თბილისის ახალ სიცოცხლეს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ, რათა მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში“, – განაცხადა დედაქალაქის მერობის კანდიდატმა.