რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გუშინაც ვნახეთ, რომ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოსდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, აპელირებდნენ ასევე სიკვდილზე, თითქოსდა ვინმე დაინტერესებულა მისი გარდაცვალებით და თუ ასე გაგრძელდება, სულ მალე ის ცოცხალი აღარ იქნება. ეს ყველაფერი არის მორიგი ტყუილი, – ამის შესახებ რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. იუსტიციის მინისტრს მიაჩნია, რომ მსგავსი განცხადებები ქვეყანაში არეულობის შექმნას ემსახურება.
„როდესაც ვინმე ცდილობს გაავრცელოს ტყუილი, შეიყვანოს შეცდომაში ჩვენი საზოგადოება, რომ თითქოსდა მას არ ეძლევა რაიმეს შეძენის უფლება, ის შიმშილობს, მისი მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და მას ყურადღებას არ აქცევენ, ბუნებრივია, ამის უფლებას ვერავის მივცემთ. აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს კვალიფიციურ თანამშრომლებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ თითოეულ პატიმარზე და მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე. და ის, როგორც მოშიმშილე, იმყოფება მუდმივი სამედიცინო დაკვირვების პროცესში“, – განაცხადა ბრეგაძემ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
