უკრაინის ომის მეორე ფაზის დაწყებიდან მეორე კვირა გავიდა და რუსებს სერიოზული წინსვლა არცერთი მიმართულებით არ აქვთ. მეტიც, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ იზიუმთან რუსეთის ორი სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს, სადაც ასობით რუსი სამხედრო პირი იყო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაბომბვაში მოჰყვა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი და ფეხში დაიჭრა.
ანალიტიკოსთა ნაწილს გერასიმოვის დაჭრა საეჭვოდ მიაჩნია, მითუმეტეს, რომ ეს ინფორმაცია ოფიციალურად არც უკრაინულ და არც რუსულ მხარეს არ დაუდასტურებია. თუმცა, დამაჯერებლად მიაჩნიათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დარტყმის მომენტში ამ სამეთაურო პუნქტებში რუს ოფიცერთა მნიშვნელოვანი რაოდენობა იმყოფებოდა.
აქედან გამომდინარე, შესაძლოა უშუალოდ ფრონტის ხაზზე გადაწყვეტილების მიმღები კვალიფიციური რუსი ოფიცრების ნაწილი მწყობრიდან იყოს გამოსული, ეს კი უახლოეს დღეებში რუსული არმიის ქმედებებზე აისახება. თუ ეს ინფორმაცია რეალური აღმოჩნდა, ანალიტიკოსები რუსულ ნაწილებში კოორდინაციის მოშლასა და პანიკურ უკან დახევასაც არ გამორიცხავენ.
ბოლო ცნობები ფრონტიდან – რას ამბობენ რუსები და უკრაინელები
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ბოლო 24 საათში 9 რუსული თავდასხმა მოიგერიეს, გაანადგურეს რვა ტანკი, ერთი საარტილერიო სისტემა, ოცდაოთხი ერთეული ჯავშანტექნიკა, ერთი სპეციალური მანქანა, ისევე როგორც ხუთი მანქანა, მათ შორის ორი საწვავის ავზი. საჰაერო თავდაცვის ძალებმა შვიდი უპილოტო საფრენი აპარატი და ორი „სუ-25″-ის ტიპის თვითმფრინავი გაანადგურეს.
ამის პარალელურად რუსების ინტენსიურად ბობავენ ხარკოვს, რის გამოც ხარკოვის გუბერნატორმა ოლეგ სინიეგუბოვმა ოლქის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ რაიონების, განსაკუთრებით ქალაქ სალტივკას მოსახლეობას მოუწოდა, რომ თავშესაფრები არ დატოვონ.
საგენტო „როიტერსი” წერს, რომ მარიუპოლიდან შესაძლოა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შაბათს მშვიდობიანი მოქალაქეების ორმა ჯგუფმა, საერთო ჯამში 46-მა ადამიანმა, მარიუპოლში „აზოვსტალის” ქარხნის მახლობლად მდებარე საცხოვრებელი შენობები დატოვა.
მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო აცხადებს, რომ ქარხანაში დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე დარჩა და ზოგიერთი მათგანი „სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ზღვარზეა”.
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ღამით ხარკოვის რეგიონში ორი უკრაინული „სუ-24 ემ” ტიპის ბომბდამშენი ჩამოაგდო – ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ოდესის მახლობლად წარმატებული საჰაერო დარტყმა უკრაინელთა სამხედრო საწყობებზე, სადაც აშშ-დან და ევროპიდან მიწოდებული შეიარაღება ინახებოდა. გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაღალი სიზუსტის „ონიქსის” რაკეტებით ოდესასთან ახლოს მდებარე სამხედრო აეროდრომის ასაფრენი ბილიკის გაანადგურეს.
დაიჭრა თუ არა გენერალი გერასიმოვი
უკრაინული სარდლობის ცნობით, მათ 30 აპრილს ქალაქ იზიუმთან რუსების ორი სამეთაურო პუნქტი გაანადგურეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, დარტყმის მომენტში იქ უმაღლესი რანგის რამდენიმე ათეული რუსი ოფიცერი იმყოფებოდა. სხვადასხვა წყაროების ცნობით, შედეგად დაიღუპა 20 ოფიცერი, მათ შორის რამდენიმე პოლკოვნიკი და გენერალი, და 100-ზე მეტი ჯარისკაცი. ამასთან უკრაინული მედია მხოლოდ ერთი დაღუპული გენერლის ვინაობას ასახელებს – გენერალ-მაიორი ალექსეი სიმონოვი.
ზოგიერთი უკრაინული წყაროს ინფორმაციით, იქვე იმყოფებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვიც, რომელიც დაიჭრა.
„66 წლის გერასიმოვი მარჯვენა ფეხშია დაჭრილი ძვლის მოტეხილობის გარეშე. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. არმიის გენერალი გერასიმოვი და სხვა ოფიცრები სამეთაურო პუნქტში ისხდნენ, როდესაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზუსტი დარტყმა განახორციელეს. წინასწარი ინფორმაციით, 20 ოფიცერი დაიღუპა”, – წერს „უნიანი” სამხედრო ჟურნალისტ ალექსანდრ შულმანზე დაყრდნობით.
ტელეგრამ არხი „ვერტიკალი” კი იუწყება, რომ დაჭრილი გერასიმოვის იზიუმიდან ევაკუირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საშტაბო-სამეთაურო ცენტრი მთლიანად დანგრეულია და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ კიდევ უცნობია, რადგან ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა ახლაც მიმდინარეობს. სხვადასხვა წყაროს ცნობით, იქ შეკრებილი უმაღლესი რანგის ოფიცრების რაოდენობა 40-დან 200-მდე იყო.
იზიუმში განხორციელებული დარტყმის დეტალები ოფიციალურად ჯერ არც რუსულ და არც უკრაინულ მხარეს არ დაუდასტურებია.
იზიუმის დარტყმის შესაძლო შედეგები
ჯიპას პროფესორი გიორგი კობერიძე „რეზონანსთან” აცხადებს, რომ გამოცდილების თვალსაზრისით რუსეთის სამხედრო ნაწილებს ძალიან უჭირთ და თუკი მათ ამხელა გამოცდილების მქონე გენერლები დაეხოცათ, ეს ომის მიმდინარეობას მთლიანად შეცვლის უკრაინის სასარგებლოდ.
„მაღალი რანგის ოფიცრები რომ იყვვნენ, ეს ნამდვილად ვიცით. შესაძლებელია ყოფილიყო ის გენერალი, რომელსაც მთლიანად იზიუმის მიმართულება აბარია, მაგრამ დანამდვილებით არ ვიცით. ერთი რაც ფაქტია, ისაა, რომ ოფიცერთა კორპუსის დიდი ნაწილი იქ იმყოფებოდა.
„სავარაუდოდ ამ მიმართულებით საარტილერიო დარტყმა მოხდა. მსგავსი რამ ხერსონის მიმართულებითაც იყო. ეს პირველი შემთხვევა არაა. უბრალოდ, ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, ზუსტად ვინ იყო და ვინ მოკვდა.
„გერასიმოვი რომ სავარაუდოდ ცოცხალია, მაგის გაგება უფრო ადვილია, რადგან სავარაუდოდ გამოჩნდება. სავარაუდოა, რომ ზოგადად იზიუმის მიმართულების ხელმძღვანელი დაშავებული იყოს, ან ოპერაციული პროცესებიდან გამოთიშული მაინც.
„ეს რუსული არმიის დიდი დემორალიზებაა. გამოცდილების თვალსაზრისით, რუსეთის სამხედრო ნაწილებს ისედაც ძალიან უჭირთ და მითუმეტეს თუკი მათ ამხელა გამოცდილების მქონე გენერლები დაეხოცათ, პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ მათი შეტევის მიმართულება არა მხოლოდ შეჩერებული იქნება, არამედ შესაძლოა საერთოდაც დაიწყოს პანიკა, ქაოსური უკანდახევა, რადგან ეს მათთვის ძალიან ცუდ რამეს მიანიშნებს და შესაძლებელია ეს ყველაფერი უკრაინული კონტრშეტევის წინაპირობაშიც კი გადაიზარდოს.
„არაა გამორიცხული, რომ დაზარალებული ბევრად მეტი იყოს, მაგრამ ჯერჯერობით ამის დადასტურება არ მოხდება. ეს ალბათ ეს უფრო ფრონტის მიმართულებაში გამოჩნდება. თუკი რუსეთმა შეტევები ვეღარ განახორციელეს, შესაძლებელია ვთქვათ, რომ მათ ისეთი ფიცრები დაეღუპათ, რომლებიც სამხედრო ოპერაციის პროცესში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებდნენ”, – აცხადებს კობერიძე.
ახალი შეიარაღება, რომელიც ომის მიმდინარეობას შეცვლის
როგორც კობერიძე „რეზონანსთან” აცხადებს, ომის მეორე ფაზაში რუსების მხრიდან შეტევა ნელია და თითოეული კილომეტრისთვის დიდ ზარალზე მიდიან.
„რუსების მხრიდან შეტევა ძალია ნელია, რაც პრაქტიკულად ნიშნავს, რომ თითოეული კილომეტრის დასაკავებლად შესაძლოა ათობით ტანკისა და ასობით სამხედროს დაკარგვა უღირდეს, რისი რესურსიც მას ახლა არ აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი გრძელდება.
„ამასთანავე უკრაინელებმა მოახერხეს და ორგანიზებული უკანდახევა ძალიან კარგად ისწავლეს. ეს არ ნიშნავს, რომ რამეს კარგავენ. არტილერიას ეფექტურად იყენებენ და როგორც ჩანს, თვითმკვლელი დრონების გამოყენება დაიწყო, რამაც შესაძლოა ომის მიმართულება მომავალში სრულიად შეცვალოს.
„ასევე შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს თვითმავალმა არტილერია. ის ძალიან შორს ისვრის და ყოველგვარი ჩაბმისა და კოლონების გარეშე თავად გადაადგილდება. ჯავშანი აქვს, დაცულია. მასში ბევრად დიდი ტიპის ჭურვები იდება და გასროლის შემდეგ მისი დამალვა და შეფარვა მარტივად ხდება და ისეთი დონის ჭურვებს ისვრის, რომელიც ყველაფერს ანადგურებს. შესაძლოა ათი ჭურვი გაისროლოს და ზალპური ცეცხლის საარტილერიო ტიპის რაკეტას დამანგრეველი ეფექტით ბევრად სჯობდეს. მას ძალიან თავისუფლად შეუძლია, რომ რუსულ არტილერიას აჯობოს. დაპირება იყო, რომ უკრაინისთვის ჰაუბიცებთან ერთად ამ ტიპის შეიარაღების მიწოდებაზე ბრიტანეთი და აშშ მუშაობდნენ.
„თვითმავალი არტილერიის გასროლის მასშტაბი შესაძლოა 300 კილომერამდეც კი იყოს. ანუ ქერჩის ხიდი დღეს დაცული აღარაა, როგორც ადრე შეიძლებოდა ყოფილიყო. უკრაინელების პრობლემა იყო ის, რომ მათი ქალაქები, რომლებშიც ახლა რუსები დგანან საკმაოდ ღრმადაა, უკრაინული არტილერია კი ვერ სწვდება. მაგალითად, მელიტოპოლი და მარიუპოლის ალყა, ან თუნდაც ქალაქი ლუჰანსკი და შემოგარენში არსებული პოსტები, აქ მიწვდომა უკრაინაში ჩასულმა დასავლურ არტილერიას შეუძლია.
„ფენიქსის მოჩვენება” ზუსტად არ ვიცი რა ტიპის დრონია. ის სრულიად ახალია, თუმცა ვიცით, რომ თვითმკვლელია და ჯავშნის დაზიანება შეუძლია. მასაც აქვს საშუალება, რომ ფრონტის მიმართულებით თამაშის წესები სრულიად შეცვალოს. დასავლური შემტევითი ტიპის იარაღი ჯერ ასე მასშტაბურად არ გამოჩენილა, მაგრამ რაც დაპირება იქნა, ძირითადად ამაზეა საუბარი, რაც თამაშის წესებს მთლიადან შეცვლის”, – განაცხადა გიორგი კობერიძემ.
რუსები უკრაინელთა „მანერჰეიმის ხაზს” ვერ არღვევენ
„რეზონანსთან” სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ საეჭვოა რუსეთის გენშტაბის უფროსი იზიუმში ყოფილიყო და საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოყოლოდა. რაც შეეხება ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციას, რუსების შეტევებს ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოაქვს.
„სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ გერასიმოვი იმ შეხვედრაზე მისულიყო. მხარეების პოზიციებში კი დიდი არაფერი არ შეცვლილა. რუსები ცდილობენ, რომ იზიუმის პლაცდარმიდან როგორმე კრამატორკსი-სევეროდონეცკის მიმართულებით შეუტიონ, რათა უკრაინელთა ოპერატიული ჯგუფი „თავისუფლების” შტაბი და მისი შენაერთები ალყაში მოიქციონ. უკრაინელები კი ამის განხორციელების საშუალებას არ აძლევენ და ხარკოვის მიმართულებით კონტრშეტევებზე გადადიან, რომ იზიუმის მიმართულებიდან დარტყმა შეამცირონ.
„სამხრეთით კი პოზიციური ბრძოლები მიდის ნიკოლაევის მიდამოებთან და ავდეევკის მიმართულებით. რუსებმა უკრაინული ე.წ. მანერგეიმის ხაზის გარღვევა ვერ შეძლეს და ამის მცდელობები აქვთ.
„მარიუპოლში სიტუაცია არ შეცვლილა, უკრაინული დელეგაცია ჩავიდა, იქ უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლები არიან. რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანას ცილობენ, მაგრამ რუსები ამასაც ხელს უშლიან, ბომბავენ და მშვიდობიან მოსახლეობას არ ინდობენ,”- განაცხადა მაისაიამ.
http://www.resonancedaily.com