პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში მონახულებას აზრი არ აქვს, ვინაიდან ექსპრეზიდენტის მთავარ მიზნად პოლიტიკური დღის წესრიგის შესრულება რჩება.
„ჩვენს ვიზიტს აზრი ეკარგება, რადგან სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობის პოლიტიკურ დღის წესრიგს არ ცვლის. შემოთავაზება იყო, რომ გაგვესინჯა როგორც ექიმებს, მაგრამ განცხადება გაგვეკეთებინა, როგორც დეპუტატებს. ანუ, ეს არის პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი. როცა სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო, მე და დავით სერგეენკომ, ყოველგვარი მიპატიჟების გარეშე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვიკითხეთ. გუშინ, ვიდრე სააკაშვილი განცხადებას გაავრცელებდა, რამდენიმე საათით ადრე, ამ საკითხით ვიყავით დაკავებულენი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოვიკითხეთ. თუ როგორც ექიმი ვჭირდები, მოლოდინი გაქვთ, რომ ჩემს რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, როცა პირადი ექიმისა და მის ჯანმრთელობაზე მზრუნველი ექიმების რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს. სააკაშვილი ხელის შემშლელია საკუთარი ჯანმრთელობის სწორად წარმართვის. მისი პოლიტიკური მიზანი უნდა შეიცვალოს და რეკომენდაციები უნდა შეასრულოს. მან საკუთარ ექიმებს უნდა დაუჯეროს და მოუსმინოს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.