საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ახალციხეში ხიდს 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირის, უმცროსი სერჟანტის ანზორ გელდიაშვილის სახელი მიანიჭა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ასპინძისა და თამარაშვილის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდზე ანზორ გელდიაშვილის მემორიალური დაფა ქალაქის მერთან, გიორგი კოპაძესთან ერთად გახსნა.
ღონისძიებას განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე, საწყისი საბრძოლო მომზადების მეთაური, პოლკოვნიკი მამუკა ქავთარაძე და ჯავშანსატანკო ცენტრის მეთაური, ლერი გელხაური დაესწრნენ.
„იცის საზოგადოებამ, რომ ჩვენ, თავდაცვის სამინისტრომ ეს ინიციატივა ჩვენი ბიჭების სახელის უკვდავსაყოფად წამოვიწყეთ. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ იმ ახალგაზრდებისათვის, რომლებიც ამ ქალაქებში იზრდებიან, ეს იქნება სანიმუშო მაგალითი. ჩვენმა ახალგაზრდა თაობამ, ყველა თაობამ, რომელიც მომავალში საქართველოში იქნება, უნდა იცოდეს, რომ მათ ქალაქში გმირი ცხოვრობდა, ამ ქალაქში დადიოდა, იზრდებოდა და შემდეგ სამშობლოს შეეწირა. ყველაზე საუკეთესო ინსტრუმენტი, ყველაზე საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ ვერასოდეს ჩვენ ქვეყანაში ფეხი ვერ მოიკიდოს მტერმა, არის, სწორედ, ამ ბიჭების საქმიანობის კარგად ცოდნა, ამ ბიჭების ისტორიების დაფასება, მათი ღვაწლის და მათი გმირობის დაფასება. მათ მშობლებს ვერავინ გაუცოცხლებს შვილებს, მაგრამ ამ ფორმით მაინც უნდა გამოვხატოთ, ერთი მხრივ, ჩვენი პატივისცემა, დაფასება იმ ღვაწლის, რომელიც ამ ოჯახებმა გაიღეს საკუთარი სამშობლოსთვის და, მეორე მხრივ, შევქმნათ სანიმუშო მაგალითები ახალგაზრდებისთვის, რათა იცოდნენ, რომ გმირობა, სიკეთის კეთება არასდროს იკარგება და ყოველთვის დაფასდება“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ღონისძიების დაწყებამდე თინათინ ხიდაშელი აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ოჯახს ესტუმრა. თავდაცვის მინისტრმა ანზორ გელდიაშვილის დედას სახელმწიფო დროშა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივას, რომ ხიდს აგვისტოს ომის გმირის სახელი მინიჭებოდა, ახალციხის მერიამ და საკრებულოს დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. უმცროსი სერჟანტი ანზორ გელდიაშვილი 1983 წლის 4 სექტემბერს ახალციხეში დაიბადა. 1992 წელს დაამთავრა ახალციხის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-5 საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ახალციხეში, „კლდის ნაწილში“ მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური, შემდეგ კი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახური კონტრაქტით გააგრძელა. უმცროსი სერჟანტი ანზორ გელდიაშვილი II ქვეით ბრიგადაში მსახურობდა ტანკისტად, მემიზნე მსროლელად. ანზორ გელდიაშვილს დარჩა, დედა, ძმა და და.