ყველა მტკიცებულება, ერთობლიობაში ადასტურებდა, რომ გიორგი მამალაძემ ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული. შესაბამისად, ევროპული სასამართლოს შეფასებით აღარ ჩნდება კითხვის ნიშნები განაჩენის კანონიერებასთან დაკავშირებით, მტკიცებულებების მოპოვების კანონიერებასთან დაკავშირებით და მთავარ მოთხოვნასთან დაკავშირებით მომჩივანმა მიიღო უარყოფითი პასუხი, რომ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.
„ყურადღება უნდა გამახვილდეს, რომ 3 ძირითადი პრეტენზია ჰქონდა მომჩივანს სასამართლოს წინაშე. აქედან ერთი იყო მთავარი, შინაარსობრივი ხასიათის მოთხოვნა, რაც გულისხმობდა მას მთავარი მტკიცებულება, ციანიდი ჩაუდეს და შესაბამისად ამ უკანონო მოპოვებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო უკანონო, ეს იყო მთავარი მოთხოვნა ევროპული სასამართლოს წინაშე. დამატებით ჰქონდა ორი პროცედურული მოთხოვნა, რომელიც გავლენას არ ახდენდა ამ შინაარსზე, უბრალოდ იყო დამატებითი ორი მოთხოვნა. ერთი, ეს შეეხებოდა მისი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას და მეორე – სასამართლო პროცესი უნდა წარმართულიყო საჯაროდ თუ დახურული. ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, სამივე პრეტენზიაზე კონკრეტული პასუხი გვაქვს. პირველ, არსებით საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ დარღვევა ვერ დაინახა, ევროპული სასამართლოს შეფასებით, მტკიცებულებების მოპოვების დროს, კონკრეტულად ციანიდის ნაწილშიც დადასტურდა, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ეს მტკიცებულება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოიპოვეს და შემდეგ უკვე განაჩენებით, რომელიც დაეფუძნა ამ მტკიცებულებებს იყო ევროპული კონვენციის სრულ შესაბამისობაში.
მნიშვნელოვანია ის, რომ სასამართლო თავად უსვამს ხაზს იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება არა მხოლოდ ამ მტკიცებულებას, არამედ ბევრ სხვა მტკიცებულებას, როგორიც იყო აუდიო-ვიდეო მასალები, კომპიუტერული მონაცემები, მოწმეთა ჩვენებები და სხვა. ყველა ეს მტკიცებულება, ერთობლიობაში ადასტურებდა, რომ გიორგი მამალაძემ ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული. შესაბამისად, ევროპული სასამართლოს შეფასებით აღარ ჩნდება კითხვის ნიშნები განაჩენის კანონიერებასთან დაკავშირებით, მტკიცებულებების მოპოვების კანონიერებასთან დაკავშირებით და მთავარ მოთხოვნასთან დაკავშირებით მომჩივანმა მიიღო უარყოფითი პასუხი, რომ დარღვევას ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ.
ბექა ძამაშვილის თქმით, რაც შეეხება ორ დამატებით პროცედურულ მოთხოვნას, აქ დარღვევები დადგინდა.
„თუმცა ეს დარღვევები გავლენას ვერ მოახდენს არსებით მხარეზე, გავლენას ვერ მოახდენს იმაზე, რომ გადაწყვეტილება არის კანონიერი“, – განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად მიიჩნია და მომჩივნის პრეტენზია მორალური კომპენსაციის მინიჭების თაობაზე არ დააკმაყოფილა.