17 დეკემბერს ჭიდაობის ოჯახმა ფედერაციის ახალი პრეზიდენტად გეგა გეგეშიძე აირჩია. როგორ გეგმევს მომდევო ოთხ წელიწადს ახალი პრეზიდენტი, ამაზე ,,ღია მიკროფონში“ ისაუბრა:
OPEN MIC: ელოდით დელეგატთა ასეთ მხარდაჭერას?
გეგა გეგეშიძე: იმედი მქონდა, რომ გავიმარჯვებდი, თუმცა ასეთი უპირატესობით მოგება მოულოდნელი იყო. მე მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც მხარი დამიჭირა და ვეცდები, რომ მათი იმედები გავამართლო.
OPEN MIC: როგოგორ ფიქრობთ, თქვენი არჩევით რას მისცა ხმა ჭიდაობის ოჯახმა?
გეგა გეგეშიძე: ეს მათ უნდა ჰკითხოთ. მე მქონდა ჩემს პროგრამაში ჩადებული ის, რომ ჭიდაობის აღორძინება უნდა დაგვეწყო რეგიონებიდან იმიტომ, რომ მთავარი ბირთვი სპორტსმენების სწორედ რეგიონებიდან მოდის. მე მინდა, რომ ბევრი ახალგაზრდა ჩაერთოს ჭიდაობაში და მოწყდეს ქუჩას.
OPEN MIC: რა ვითარება დაგხვდათ ფედერაციაში?
გეგა გეგეშიძე: არც ისეთი სახარბიელო. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ჩვენი დარბაზი. თავზე გვენგრევა. თუ გულისხმობთ გუნდს, ყველამ კარგად ვიცით, რომ წარმატებული გუნდია, მაგრამ ცვლილებები იქნება. იცით, რომ გადვემატა წონითი კატეგორიები, შეიცვალა წესები, ასე რომ, ამ ყველფერს სჭირდება გადაწყობა. აქედან გამომდინარე, მწვრთნელები, სავარაუდოდ, დაემატებიან. სამუშაო ბევრია!
OPEN MIC: რა არის ქართული ჭიდაობის მთავარი პრობლემები ამ ეტაპზე?
გეგა გეგეშიძე: მთავარი პრობლემა ფინანსებია. მოგეხსენებათ, საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სპორტსმენებს ფინანსური რესურსები ესაჭიროებათ, ეს ხარჯები კი საგრძნობლად იზრდება. იმედი მაქვს, სახელწიფო დაგვეხმარება ამ პრობლემების მოგვარებაში.
OPEN MIC: ანუ არსებული ბიუჯეტი, შესაძლოა, პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი არ აღმოჩნდეს?
გეგა გეგეშიძე: რა თქმა უნდა. წონითი რაოდენობის მატება იწვევს სპორტსმენების და მწვრთნელების მატებას, ამას დამატებული შეკრებები, ხელფასები და ა. შ. ეს ყოველივე კი ფინანსებთან არის დაკავშირებული. ბიუჯეტი თუ არ გაიზარდა და სახელმწიფო გვერდში არ დაგვიდგა, გეგა გეგეშიძე კი არა, ვინც არ უნდა მოიყვანოთ, ვერაფერს გააკეთებს.
OPEN MIC: ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, გარკვეული წინსვლა შესაძლებელია არსებული ბიუჯეტით?
გეგა გეგეშიძე: თუ არა სახელწიფოს ჩართულობა, ვერაფერს განვავითარებთ. არსებული დარბაზები ძალიან ცოტაა და სპორტსმენები ვერ ახერხებენ ვარჯიშს, ყველა თბილისში გამორბის. მაქვს ინფორმაცია, რომ აჭარაში მოჭიდავეებს დარბაზს ართმევენ. ყველაზე მეტი წარმატებული სპორტსმენი ბერძნუ- რომაულ ჭიდაობაში სწორედ ამ რეგიონიდან გვყავდა. მე ყველაფერს გავაკეთებ რაც საჭიროა იმისთვის, რომ ეს დარბაზი ბიჭებს შეუნარჩუნდეთ, ან სანაცვლოდ ახალი დარბაზი გადაეცეთ.
OPEN MIC: დასრულებულია თუ არა თქვენი გუნდის ფორმირება და იგეგმება თუ არა სტრუქტურული ცვლილებები?
გეგა გეგეშიძე: ჯერ არაფერია დაწყებული იმიტომ, რომ ველოდებოდით ზემოთხსენებულ ცვლილებებს. დასამატებელია მწვრთნელები და შესაბამისად, მოსაძიებელია რესურსი. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ერთი გავუშვათ და მეორე მოვიყვანოთ. არ გვიდგას რიგი მსაჯების და მწვრთნელების. აქედან გამომდინარე, არავის გაშვებას არ ვგეგმავ და არც დამიგეგმავს, უბრალოდ, შესაძლოა, ვიღაცას თავად არ უნდოდეს ჩვენთან მუშაობა. იყო საუბრები, რომ ახალ გუნდთან არ ვიმუშავებ და ა. შ. ბუნებრივია, ამ საკითხზე დავჯდებით და დავილაპარაკებთ. ერთპიროვნულად არავინ არაფერს გადაწყვეტს. ჩემი მესიჯი არ ყოფილა, რომ მე მოვდივარ და მე უნდა გადავწყვიტო ყველაფერი. იქნება აზრთა გაცვლა- გამოცვლა, არგუმენტები და საბოლოო გადაწყვეტილებას ნებისმიერ ცვლილებაზე მიიღებს პრეზიდიუმი. ამ ეტაპზე ხელშეკრულებების ვადა გასულია და ოფიციალურად არცერთი მწვრთნელი არ გვყავს.
OPEN MIC: გაქვთ თუ არა მექანიზმი იმისთვის, რომ ჭიდაობის ოჯახში არ მოხდეს ისეთი დაპირისპირება, რომელსაც ადგილი ჰქონდა ლუკა კურტანიძის პრეზიდენტობის დროს?
გეგა გეგეშიძე: შეცდომა იყო დაპირისპირება ამ ოჯახში. ისიც შეცდომა იყო, რომ ეს ყველაფერი ყველას დასანახად გაკეთდა. მე ძალიან მწყდება გული იმაზე, რომ ჭიდაობის ოჯახი დასაცინი გახადეს. პირობას ვდებ, სანამ მე ვიქნები, ასეთი რამ აღარ განმეორდება.
OPEN MIC: მზად ხართ კრიტიკული აზრების მოსასმენად და გასათვალისწინებლად?
გეგა გეგეშიძე: მე მივიღებ ყველანაირ მოსაზრებას. მარტო ერთი აზრი საქმეს არ წაადგება.
OPEN MIC: როდის დასრულდება ფედერაციისა და ნაკრების მწვრთნელთა დაკომპლექტების პროცესი?
გეგა გეგეშიძე: სავარაუდოდ, თვის ბოლოს. ბევრი რამ არის გასარკვევი, მაგ: ზეპირად ვიცით, რომ მინდორაშვილმა დატოვა გუნდი, ასევე ნაკრები დატოვა ბედი დარჩიამ. ვნახოთ, ვინც დაგვრჩება, იმის მიხედვით გადავდგამს შემდგომ ნაბიჯებს. ჩვენ ვეცდებით, რომ ეს პროცესი სპორტსმენებზე არ აისახოს. თუ კონკრეტულ მწვრთნელს აღარ უნდა, ძალით ვერ გავაჩერებ. თუ არ უნდათ, კარგად ბრძანდებოდნენ.