ისტორიულად, უკრაინა და საქართველო ყოველთვის მეგობრები იყვნენ და ამ ურთიერთობას ვერ შეცვლის ვერცერთი პოლიტიკოსი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ურთიერთობები არსებობდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული აქვს, სააკაშვილს კონკრეტულ დანაშაულზე მისჯილი აქვს. ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი. ის, რასაც სააკაშვილი ცდილობდა და აკეთებდა, ეს იყო ჩვეულებრივი პიარკამპანია საქართველოს წინააღმდეგ. ეს იყო მცდელობა, რომ მსოფლიოსთვის ეჩვენებინათ, რომ თითქოს ადამიანების უფლებები ირღვევა. მთავარი და მნიშვნელოვანია, სააკაშვილმა მიიღოს შესაბამისი კალორიები და შესაბამისად იკვებოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძის თქმით, ბოდიში უნდა მოიხადოს ყველამ, ვინც ქვეყნის დამაზიანებელ განცხადებებს აკეთებდა და ამბობდა, რომ სააკაშვილს არასათანადოდ ეპყრობოდნენ.
„სააკაშვილი არ იმყოფება პენიტენციურდაწესებულებაში, ის სასჯელს იხდის კლინიკაში, რადგან იცით, რა კამპანია იყო წამოწყებული, თითქოს მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. რეალურად, ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, იმკურნალოს, ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ სააკაშვილი მთელი ამ ხნის, თვეების განმავლობაში თვითდაზიანების რეჟიმში იმყოფებოდა. ამისი მიზანი იყო, როგორმე მომხდარიყო მისი სასჯელისგან გათავისუფლება იმ მოტივით, რომ ფიზიკურად არის სუსტად, მძიმე მდგომარეობაში, აქვს რაღაც დაავადებები. საბოლოო ჯამში, ყველაფერი აღმოჩნდა ტყუილი. ხომ გვახსოვს, რომ გამოდიოდნენ და გვაბრალებდნენ, თითქოს მოწამლული იყო ხელისუფლების მიერ. კონკრეტული ექიმები, პოლიტიკოსები გამოდიოდნენ, ასევე უცხო ქვეყნებში თუკი რაიმე ორგანიზაცია იყო, ყველა შეაწუხეს და ყველა ალაპარაკეს. ახლა ამ ადამიანებმა კეთილი ინებონ და ბოდიში მოიხადონ იმ სიცრუისთვის, ცრუ კამპანიისთვის, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.