საქართველომ მიაღწია კონდიციას, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებას განაპირობებს. როგორი იქნება გადაწყვეტილება, ეს დეკემბერში გახდება ცნობილი. საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს აქვს ყველა მოცემულობა, რომ მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, ევროპის ქვეყნებმა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს და კანდიდატის სტატუსის ნაცვლად, 12-პუნქტიანი დავალება მისცეს. ეს მაშინ, როდესაც შეფასების ყველა კრიტერიუმით საქართველოზე უკან მყოფ ქვეყნებს – მოლდოვასა და უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს.
ცხადია, ევროპამ საქართველო დასაჯა და დასაჯა მხოლოდ იმიტომ, რომ არ ჩერთო უკრაინის მხარდასაჭერ ომში. დღეს კი, ევროპაშიც აცნობიერებენ, რომ საქართველოსთვის, რომელიც ინარჩუნებს სტაბილურობას, კანდიდატის სტატუსის მიცემა მათ შორის ევროპისთვისაც, მნიშვნელოვანია. ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის მომზადება დაიწყო, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში უნდა გამოქვეყნდეს. უკვე ცნობილია, რომ იქნება რეკომენდაციები, უკრაინასა და მოლდოვასთან დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები, ხოლო საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
ევროკომისიის მორიგი ანგარიშის გამოქვეყნებამდე საქართველოში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ჩამოვიდა. ევროპელმა მაღალჩინოსანმა შეხვედრები გამართა რადიკალურ ოპოზიციასთან, არასამთავრობო სექტორთან და მთავრობის ხელმძღავანელთან. ევროპელ სტუმარს პრემიერ-მინისტრმა მიმართა, რომ თუ ევროპას ნამდვილად სურს, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რაც ევროკომისიის რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არათუ შემცირდა, პირიქით, მოიმატა და დეპოლარიზაცია, შეიძლება ითქვას, რომ არის შეუძლებელი. პასუხად ჯოზეფ ბორელიმ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, ყველა ძალისხმევა უნდა იყოს აქცენტირებული, რათა პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს, ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ იქნეს დაკარგული და ამისთვის ერთად უნდა იმუშაონ ხელისუფლებამ და ოპოზიამ, რადგან შემდგომი ნაბიჯები ევროპის გზაზე, დამოკიდებული იქნება დამსახურებაზე. მისი თქმით, საქართველოში მან სამი გზავნილი ჩამოიტანა, რომელთაგან ერთ-ერთი ხელისუფლებისა და ოპოზიციის ერთად მუშაობის საჭიროებას ეხება, რეკომენდაციების შესრულების პროცესში.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შარშან, როცა ქვეყანა ელოდებოდა გადაწყვეტილებას, რადიკალური ძალების, მათი მხარდამჭერი ლობისტების ჩართულობით, ევროპარლამენტში მიიღეს სტატუსის საწინააღმდეგო რეზოლუცია, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესს და მიზანს, რომ ქვეყანას მიეღო კანდიდატის სტატუსი.
„ჩვენ გაცილებით სერიოზულ და რთულ მოცემულობაში ვიმყოფებით. ჩვენი მთავარი არგუმენტი, ბატონო ჯოზეფ, არის შემდეგი – ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას. შარშან მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს ბონუსად სტატუსი, ავანსად, ისე, რომ მათ არ ჰქონდათ შესრულებული არც ერთი რეკომენდაცია და ჩვენ არ მივიღეთ სტატუსი. კითხვა არის აბსოლუტურად ლოგიკური და სამართლიანი. ქართველებს ყველაზე მეტად რაც არ გვიყვარს, ეს არის უსამართლობა. ჩვენ უსამართლობას არ ვეგუებით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ მიიღებთ სამართლიანი იყოს.
რაც შეეხება იმას, თუ რა გზავნილი იქნება, ასეთ ვითარებაში, როდესაც არავინ იცის, როდის და როგორ დასრულდება უკრაინაში ომი, როგორი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში, ასეთ ვითარებაში, მთავარ არგუმენტს გავიმეორებ, მოლდოვას და უკრაინას ავანსად მიეცით სტატუსი და ჩვენ არ მოგვეცით სტატუსი შარშან. ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, არაპროგნოზირებად გარემოში ნებისმიერი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, ნებისმიერი ნეგატიური გზავნილი, პოზიტიური გზავნილი იქნება რუსეთისთვის.
კიდევ ვიმეორებ, მოლდოვის და უკრაინის შემთხვევაში თქვენ მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებით იხელმძღვანელეთ. ასე რომ, მინდა კიდევ ერთხელ იმედი გამოვთქვა, რომ თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს პოლარიზაციის დასრულება ქვეყანაში, როგორც თქვენ ბრძანეთ, თუ თქვენ ნამდვილად გსურთ, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს, კიდევ უფრო დაახლოვდეს, მაშინ ჩვენი პოზიციაა შემდეგი, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თავის მხრივ ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ახლა მთელი კონცენტრაცია უნდა იყოს მიმართული რეკომენდაციების შესრულებაზე და არა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიტოვების ფიქრზე.
„ევროკავშირს საქართველო არც მიუტოვებია, არც მიატოვებს. ამავდროულად უნდა ვთქვა, რომ ეს პროცესი არის დამსახურებაზე დაფუძნებული, თქვენ უნდა შეასრულოთ გარკვეული პირობები, თქვენზეა ეს საქმე. ბავშვი რომ მიდის გამოცდაზე, პროფესორმა მიმტყუნაო, ხომ არ იტყვის? თვითონ უნდა აჩვენოს, რომ იცის ეს საქმე, ეს თემა, ეს საგანი. ამიტომ, ჩვენი შეფასება არის ობიექტური, ნუ გექნებათ ეს განწყობა, თქვენ არავინ არ მიგატოვებთ, მთელი ძალისხმევა და ენერგია ჩადეთ ამ რეკომენდაციების შესრულებაში, აი, ეს არის კარგი და სწორი მიდგომა. საქართველო არის ჩვენს ინტერესებში. თქვენ განა გვემუდარებით, ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი, ამიტომ არის, რომ ჩამოვედი და გესაუბრებით. საქმეა გასაკეთებელი და დროც არის ამისთვის, გააკეთეთ! ნუ იფიქრებთ მიტოვების თემაზე საერთოდ!“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
პრემიერ-მინისტრის პირდაპირ და მომთხოვნ რიტორიკას მხარს უჭერს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომელიც ერთადერთი, რასაც საყვედურობს მთავრობის ხელმძღვანელს არის ის, რომ უფრო მომგებიანი იქნებოდა ჩაესვა ოპოზიციის გამონათქვამები, სადაც ისინი ღიად ამბობენ, რომ თუ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, იქნება რევოლუცია.
„მარტო ერთ მხარეს ნუ სთხოვენ, მეორემ მხარესაც უნდა მოსთხოვონ, ამ შემთხვევაში ღარიბაშვილი კი მართალია, მაგრამ ამითი დიდი არაფერი ხეირია, რადგან პარტნიორები დღესაც აგრძელებენ იმ სტილში მოქმედებას. ვგულისხმობ ბორელს, რომელიც გვარიგებდა ჭკუას, როგორ და რა უნდა ვქნათ. ეს არის ამ დროს ევროპა, რომელიც თუ რაიმეს ასწავლის მსოფლიოს, უპირველესად ასწავლის დემოკრატიას და რომ ერთამნეთის მენტორები კი არ უნდა ვიყოთ, არამაედ უნდა ვიყოთ პარტნიორები. ამ დროს თვითონ მენტროული ტონით გელაპარაკებიან.
კი ბატონო, ილაპარაკონ, მასეთები მოგვისმენია მათგან! დასანანია, უბრალოდ, რომ ამ ტიპის შეცდომებს უშვებენ ის ქვეყნები, რომლებისგანაც ჩვენ გვინდა პარტნიორობა ვისწავლოთ და არა მაგიდაზე ხელის დაბრახუნება. აი, ეს ქვეყნები ჩვენ გველაპარაკებიან მაგიდაზე ხელის ბრახუნით. ილაპარაკონ, საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით და უარესი გვინახია, მაგრამ გამოვსულვართ ნაპირზე, არ დავხოცილვართ, ახლაც იგივე მოხდება, გამოვალთ ნაპირზე“, – აცხადებს პოლიტოლოგი.
როგორც საყვარელიძე აცხადებს, უმჯობესი იქნებოდა ღარიბაშვილის ნაცვლად, ბორელის ეთქვა რატომ არ მისცეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი თვითონ. მისი თქმით, ეს განცხადება ბორელს რომ გაეკეთებინა იქნებოდა იმის ნიშანი, რომ რაღაცას მიხვდნენ.
„ბორელი-ღარიბაშვილის განცხადებიდან შემექმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ უადგილოდ და ხშირად უსვამდა ბორელი ხაზს, რომ აი, კიდევ არის შესასრულებელი და გაქვთ იმის დრო, რომ შეასრულოთ დანარჩენიო. ამ დროს არაფერს ამბობს ოპოზიციაზე, მით უმეტეს რომ ჩვენი ოპოზიცია არის ბოლშევიკური. ბოლშევიკებს ჰქონათ ლოზუნგი, რაც უარესი მდგომარობაა ქვეყანაში, მით უკეთესი ჩვენთვისო. ანალოგიური პრინციპით მუშაობენ ესენი და ეს უკვე მათი არჩევანია. დამაფიქრებელი ბევრი რამეა ბორელის ვიზიტში და მათ შორის ის, რომ შეიძლება ევროპული სინამდვილე არც თუ ისე რეალისტურად აზროვნებს. თუკი სატრანზიტო გზები გადავა საქართველოზე, მაშინ ევროპის ინტერესშია, რომ ამ გზებს თან შეჰყვეს ევროპული გავლენები. ევროპული ინტერესი იმისა, რომ საქართველო უფრო დაიახლოვოს, ეს ვერ დავინახე ბორელის გამოსვლაში. ევროპისთვის წამგებიანია ის, რომ კონტროლის გარეშე დატოვოს კავკასია. თუ ამდენს ვერ ხვდება ევროპული საგარეო პოლიტიკის ლიდერი, მაშინ, შეიძლება დიდი იმედი არც გვქონდეს იმისა, რომ ევროპელები მიხვდებიან როდის რა არის გასაკეთებელი“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.