“სომხეთის საპარლამენტო კომისიის დღის წესრიგში რომის სტატუტის რატიფიცირების საკითხი შევიდა, ქვეყნის მთავრობა კი მოითხოვს, რომ რუსებმა გიუმრში სამხედრო ბაზისთვის გადასახადი გადაიხადონ. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მოსკოვსა და ერევანს შორის სიტუაცია უფრო მეტად გამწვავდება, რადგან კრემლს რომის ქარტიის რატიფიცირებაზე მწვავე რეაქცია უკვე ჰქოდა. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ რომის სტატუტის რატიფიცირება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ქმედება არ არის, ამის მიზანი აზერბაიჯანისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაა, 2022 წლის სექტემბრის მოვლენებთან და სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, ვლადიმერ პუტინს ყველა ვარიანტში სომხეთში ჩასვლა აეკრძალება და ყველაფერთად ერთად ამ საკითხსაც მოიცავს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გიუმრის ბაზისთვის გადასახადი და რომის სტატუტის რატიფიცირება – სადამდე მივა ერევანსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა.
“სომხეთში ამ დრომდე საპროტესტო ტალღა არ ცხრება, აქციებს მართავენ ნიკოლ ფაშინიანის მოწინააღმდეგე პრორუსული ძალები და ისინი, ვისაც რუსეთთან ურთიერთობის შეწყვეტა სურთ, – მიაჩნიათ, რომ ყარაბაღთან დაკავშირებით ვალდებულებები არ შეასრულა. ექსპერტები აცხადებენ, რომ სიტუაცია იმ დონემდეა დაძაბული, რომ რუსეთმა ამის შემდეგ შესაძლოა სომხეთში ყველანაირი ბერკეტი მაქსიმალურად გამოიყენოს, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, იმასაც არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა საქმე სამხედრო გადატრიალებამდეც მივიდეს. სომხეთის პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების საკითხი სომხეთის პარლამენტის სახელმწიფო და იურიდიულ საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში შევიდა. კანონპროექტს სომხეთის წარმომადგენელი საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში, იეგიშე კირაკოსიანი წარადგენს. სანამ კანონპროექტის რატიფიცირების საკითხი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღის წესრიგში შევიდოდა, პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ გეგმაში ნამდვილად ჰქონდა, თუმცა დასძინა, რომ რომის სტატუტის რატიფიცირება რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ქმედება არ არის”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ფაშინიანი ამბობს, რომ სომხეთის რესპუბლიკა აპირებს მიმართოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აზერბაიჯანისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, კერძოდ, 2022 წლის სექტემბრის მოვლენებთან და სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, მოსკოვი ერევანს მაინც ემუქრება და აფრთხილებს, რომ რომის სტატუტის რატიფიცირებას სომხეთ-რუსეთის ურთიერთობისთვის უკიდურესად ნეგატიური შედეგები მოჰყვება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ მოსკოვი მიუღებლად მიიჩნევს ერევნის გეგმებს, შეუერთდეს რომის სტატუტს რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ გაცემული დაკავების ორდერების ფონზე. ფაშინიანმა კი კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რამაც შესაძლოა მოსკოვთან ისედაც დაძაბული ურთიერთობა უფრო დაძაბოს, როგორც სომხეთის პრემიერი ამბობს, რუსებმა სომხეთში მდებარე გიუმრის სამხედრო ბაზის ყოფნისთვის, გადასახადი უნდა გადაიხადოს”, – განაგრძობს გამოცემა.
“ჩვენ ისეთ მდგომარეობაში არ ვართ, რომ მიწები ისე დავუთმოთ, უახლოეს მომავალში ჩვენ გამოვუგზავნით ანგარიშ-ფაქტურას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ გადაიხადოს ჩვენს ქვეყანაში ჯარების განლაგების საფასური”, – ღიად განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა… კავკასიის საერთაღორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ერევანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა წუთობრივად იძაბება და არაა გამორიცხული ამას ისიც დაემატოს, რომ ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სიტუაცია ისევ “აფეთქდეს”. ხოლო შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის ნიკა ჩიტაძის თქმით, არაა გამორიცხული, რომ ყველაფერთან ერთად რუსეთმა სომხეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ბერკეტები აამოქმედოს”, – დასძენს გამოცემა.
“ერევანსა და მოსკოვს შორის სიტუაცია უკვე გამწვავებულია, ფაშინიანმა პირდაპირ ხელი დაადო, რომ რუსეთმა სომხეთს უღალატა და პირველად მათი თანამშრომლობის ისტორიაში კონტრიბუცია დაადო, გიუმრის სამხედრო ბაზაზე ფულადი ანაზღაურება მოითხოვა. ამასთან, სომხეთის პარლამენტის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება, ეს პუტინისთვის პირდაპირი გამოწვევაა. ეს ნიშნავს, რომ პუტინს სომხეთში ჩასვლა აეკრძალება, თუ ჩავიდა – დააპატიმრებენ. სომხური მხარე ამბობს, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტისთვის არ კეთდება, მაგრამ გასაგებია, რომ ეს მათ შორის პუტინსაც მოიცავს. როგორც ერევანი ამბობს, ეს იმისთვის კეთდება, რომ სომხურმა მხარემ აზერბაიჯანულ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ბრალი წაუყენონ, თუ ისინი რაიმეს მოიმოქმედებენ. მეორეს მხრივ, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ პუტინს ბრალი წაუყენა და მისი დაპატიმრება მოითხოვა”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთიბა საათობრივად და წუთობრივად იძაბება. ამასთან, რეგიონში შესაძლოა სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით და სომხეთ-აზერბაიჯანის ომში გადაიზარდოს (და არა ყარაბაღს შორის) აქ უკვე რუსეთი ვეღარ გამოძვრება და ამ ომში ჩართვა მოუწევს, რადგან ეს უკვე სომხეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ეს უკვე ორ ქვეყანას შორის ომი იქნება და რეგიონულ კონტურებს მიიღებს, სადაც უკვე ირანი, თურქეთი და რუსეთი ჩაერთვებიან. ამან შესაძლოა ჩვენს რეგიონში სიტუაცია ააფეთქოს, იმედია, რომ სიტუაცია ზანგეზურის ომამდე არ მივა. ახლა სომხეთში ყარაბაღიდან 20 ათასზე მეტი ლტოლვილი ჩადის, ეს კიდევ გაიზრდება, ამასთან, სტეპანაკერტში აფეთქება მოხდა, სამასი ადამიანი დაიღუპა და ამან სიტუაცია უფრო დაძაბა, რადგან ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის უცნობია რამ გამოიწვია ეს აფეთქება. შესაძლოა უბრალოდ დაემთხვა”, – განაგრძობს სამხედრო ანალიტიკოსი.
“არაა გამორიცხული, რომ მოსკოვსა და ერევანს შორის სიტუაცია იქამდე გამწვავდეს, რომ ძალოვანი ელემენტიც შევიდეს, პუტინმა შინაგან საქმეთა მინისტრი ფაშინიანთან შემთხვევით არ გააგზავნა, შს მინისტრს რა უნდა სომხეთში, მაგრამ როგორც ჩანს ეს ულტიმატუმი იყო. ასევე გავრცელდა ასეთი ინფორმაციაც, რომ დაახლოებით 3 ათასი “ვაგნერელი” უკვე ერევანშია. არც ისაა გამორიცხული, რომ ფაშინიანის მიმართ ძალისმიერი მეთოდი გამოიყენონ, მათ შორის ტერორისტული აქტები არაა გამორიცხული. სიტუაცია ისეთი არაპროგნოზირებადი და დაძაბულია, რომ ყველა სცენარია მოსალოდნელი”, – დაასკვნის ვახტანგ მაისაია.
“სომხეთში ანტირუსული განწყობები იზრდება, ფაშინიანი კი სომეხი ხალხის დიდი ნაწილის პოზიციას გამოხატავს. არაა გამორიცხული, რომ რუსეთმა გარკვეული ეკონომიკური ბერკეტები აამოქმედოს, რადგან სომხეთი მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული, მაგალითად რუსულ ბუნებრივ აირზე, შესაძლოა მიწოდება შეუწყვიტოს, ან ფასი გაუზარდოს. ასევე, სომხური პროდუქციის იმპორტი აკრძალოს. კიდევ შესაძლებელია, შიდაპოლიტიკური სიტუაციაც უფრო მეტად აურიოს, თუმცა პრორუსული ძალები რამდენიმე დღეა აქციებს ატარებენ და ვერაფერს გახდნენ და შეიძლება მთავრობის ჩამოგდება გაუჭირდეთ. ანტირუსული განწყობები ძალიან გაზრდილია და საქმე ისაა პრორუსულ ძალებს მხარდამჭერი რამდენად ეყოლება. რუსებს სომხეთში საკმარისი ძალები არ ჰყავთ, რომ პოლიტიკური სიტუაცია სათავისოდ შეცვალონ, 2018 წელს ფაშინიანს ის ძალა ჰყავდა, რომ ქვეყნის ხელისუფლება შეეცვალა, დღეს კი განსხვავებული ვითარებაა. კი ბატონო, არიან ადამიანები, რომლებიც ყარაბაღის დაკარგვას ფაშინიანს აბრალებენ, მაგრამ, ბევრი აცნობიერებს იმას, რომ ეს მთლად მისი ბრალი არაა და რომ რუსეთმა სომხეთი მიატოვა”, – განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.