ევროკომისიამ საქართველოს დადებითი რეკომენდაცია დამატებითი დათქმებით მისცა. „ოცნებაში“ ამბობენ, რომ ახალ დათქმებს სრულად ვერ შეუერთდებიან, რადგან ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ 9 დათქმაში ჩვენი ქვეყნისთვის რამდენიმე უხერხული მომენტია და არსებობს ისეთი რეზოლუციები, რომელშიც სრული თავსებადობა ვერ იქნება.
„ევროკავშირთან უსაფრთხოების პოლიტიკის თავსებადობაზე, ეს დათქმა რეზოლუციების შეერთებას ეხება და სანქციებს. ჩვენ ვიმუშავებთ, რაზე შეგვიძლია მიერთება. სამწუხაროდ, იქ არის ჩვენი ქვეყნისთვის რამდენიმე უხერხული მომენტი, მაგალითად, არსებობს ისეთი რეზოლუციები, რომელშიც სრული თავსებადობა ვერ გვექნება და ვერ შევუერთდებით“, – ამბობს ბექა დავითულიანი.
ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად, კომისიამ საქართველოს თავდაპირველად 12 რეკომენდაცია განუსაზღვრა. ახლა კი, სტატუსის შესახებ რეკომენდაციის გაცემასთან ერთად, კომისიამ საქართველოსთვის 9 დათქმა შეიმუშავა: საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება; პოლარიზაციის შემცირება; სასამართლო რეფორმა; საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესება…
საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა პირობიდან ნაწილი აგრძელებს 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას, ზოგიერთი კი სრულიად ახალია.
მაგალითად, ახალია დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლაზე.
ასევე ახალია, ის დათქმაც, სადაც ევროკომისია ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოვოს.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ევროკომისიის მიერ დაწესებულ ახალ რეკომედაციებს რაც შეეხება, ბევრი მათგანი საქართველოს ხელისუფლებას უკვე შესრულებული აქვს და ზოგიც შესრულების პროცესშია. მისი თქმით, რაც შეეხება დეზინფომციის გავრცელებას და მათთან ბრძოლას, ეს არის საყოველთაო სენი, რომელიც გაეროს ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა სააგენტომ შეაფასა. აბაშიძე ამბობს, რომ „იუნესკოს“ კვლევის მიხედვით მსოფლიოს მოსახლეობის 81% ამბობს, რომ დეზინფორმაციის მსხვერპლია.
„გავიხსენოთ რა მოხდა სულ ცოტა ხნის წინ მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. ევროკავშირმა და თავად ევროკავშირის ელჩმა თქვა, რომ ეს არის ევროკავშირის სტანდარტი, მაგრამ ვითომ პროდასავლურმა ოპოზიციამ ეს აღიარა ერთგვარ ცენზურად და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად. აქედან გამომდინარე, ისმის ლოგიკური კითხვა – ვინ არის დასავლეთის მხარეს და ვინ არის ბნელეთის მხარეს? არ შეიძლება, რომ ევროპულ რეგულაციებს უწოდო ცენზურა და ამ დროს, საკუთარ თავს პროდასავლურ ძალად ტირაჟირებდე. რაც შეეხება სხვა ე.წ. დათქმებს და რეკომენდაციებს, აქ ძალიან საყურადღებოა ის დეტალი, სადაც საუბარია საარჩევნო პროცესის მეტ გამჭვირვალობასა და დემოკრატიაზე.
აქ ისმის კითხვა – წინა არჩევნები, რომლებიც ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღიარეს, როგორც თავისუფალი და ლეგიტიმური, არადემოკრატიულად ჩატარდა? რა თქმა უნდა, – არა. თუმცა, მომავალ წელს იქნება უპრეცედენტოდ ახალი შტრიხი ქართულ არჩევნებში შემოტანილი, რასაც ელექტრონულად ხმის მიცემა ჰქვია. ელექტრონული ხმის მიცემა არ გულისხობს არანაირად ინტერნეტთან, საარჩევნო ყუთებთან კავშირს, მით უმეტეს დათვლისას. ეს არაერთხელ გვაჩვენა ცესკომ, რომ სისტემა უკიდურესად გამართული და უაღრესად დემოკრატიულია. ხოლო სადღაც საღამოს, მერე, წინასწარი შედეგები ვიცით, რომელიც ნებისმიერ დესტრუქციულ ე.წ. ეგზიტპოლებს აქარწყლებს“, – ამბობს აბაშიძე.
რაც შეეხება მეორე ახალ რეკომენდაციას, სადაც ევროკომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოვოს, აბაშიძე ამბობს, რომ თუკი ამაში საქართველოს მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესება იგულისხმება, მაშინ ეს ჯერ თავად ევროპამ და ამერიკამ უნდა შეასრულოს.
„ვინ გვთხოვს სანქციების დაწესებას რუსეთისთვის ევროპა და ამერიკა? მათ რუსეთთან მილიარდიანი კონტრაქტები აქვთ, როგორც სანქციების გვერდის ავლით, ასევე სანქციების თავხედურად უგულებელყოფით. საქართველოს ერთი წლის ნავაჭრის მიხედვით არა აქვს ის მაჩვენებლი, რაც დასავლეთს რუსეთთან ერთი დღის განმავლობაში აქვს. ეს ძალიან დიდი ფარისევლობაა. საგარეო პოლიტიკა რასაც ეხება, საქართველომ განაცხადა, რომ აქვს მულტივექტორული პოლიტიკა, რათა ქვეყნის მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნოს.
რუსეთთან და ჩინეთთან გვედავებიან ურთიერთობას? მოდი, გადავხედოთ რა ხდება პეკინში, როდესაც იქ დასავლელი ლიდერები პრეზიდენტ სიძინპინთან ურთიერთობის ნორმალიზებას ცდილობენ და ვაჭრობის კიდევ უფრო გაფართოვებას ითხოვენ. ამიტომ არ შეიძლება ასეთი თვალთმაქცური გზავნილებით საქართველოს მოქალაქეები ვინმემ მოატყუოს. ჩვენი მოსახლეობა იმაზე უფორ მეტად არის გათვითცნობიერებული გეოპოლიტიკაში, ვიდრე ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსი. გასაგებია ე.წ. დათქმები, მაგრამ საქართველო ახორციელებს რეფორმებს“, – ამბობს აბაშიძე.
მისივე თქმით, „ოცნების“ ხელისუფლებამ ევროპული მისწრაფებები საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერა, ამიტომ კანდიდატის სტატუსი ქართველ ხალხთან ერთად ხელისუფლებამაც დაიმსახურა, რომელიც ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად 12 რეკომენდაციას მაინც ასრულებდა.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ ყველა რეკომენდაცია, რომელიც ევროკომისიის მიერ არის მოცემული, შესრულებადია და აქ განსაკუთრებული არაფერია. ზაქარეიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ ყველა ის საშინაო დავალება, რომელიც 9 პუნქტის სახით ევროკომისიამ მოგვცა, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში ისედაც არის ჩაწერილი და ამის შესრულების ვალდებულება ხელისუფლებას აკისრია.
„პირველ რიგში, ამ ყველა რეკომენდაციის შესრულება ხელისუფლებას, თუკი პოლიტიკური ნება იქნება, ძალიან ადვილად შეუძლია. დეზინფორმაციის შეწყვეტაში აქ იგულისხმება ის ფაქტი, რომ, როდესაც საუბრობენ ე.წ. გლობალური ომის პარტიაზე და გულისხმობენ ევროკავშირს, მკაფიოდ უნდა თქვან, რომ ამაში ევროკავშირს არ გულისხმობენ. ჩვენთან არის ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ ევროპაში ერთი კაცი მართავს ყველაფერს. ეს ასე არ არის, იქ ინსტიტუტები მართავენ ყველას და ყველაფერს. ამ პუნქტით ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ლექსიკა და მიმართვა ევროპის მიმართ გამოასწორონ და თუკი იქიდან რაიმე კრიტიკა მოდის, ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანების კრიტიკად არ იქნას აღქმული, მიიღონ ეს როგორც ევროკავშირის პოზიცია. მაგალითად, თუკი „ალტ-ინფო“ ევროკავშირზე რაიმე დეზინფორმაციას ავრცელებს, ის უნდა გადაიფაროს. უნდა ითქვას, რომ ეს ასე არ არის და არასწორი ინფორმაციაა. ანუ ყველა ტიპის პრორუსულ ნარატივებს უნდა ებრძოლონ. უსაფრთხოების კონტექსტიდან გამომდინარე, რამდენად დაცულია საქართველოს რუსეთის გავლენებისგან? ჩვენ ასევე ნატოსკენ მივდივართ და ამიტომ შეგვიძლია ჩვენ მეზობელ თურქეთთან უსაფრთხოების თვალსაზრისით, უამრავი არსებული შეთანხმება დაიდოს. დავიწყოთ ასევე მოძრაობა არა მხოლოდ ევროკავშირისკენ, არამედ ნატოსკენაც. ამერიკამ გააკეთა განცხადება, რომ ის ევროკავშირისკენ საქართველოს სწრაფვას მიესალმება. ამ მიმართულებით ბევრი საქმეა გასაკეთებელი და ეს ხელისუფლების მოვალეობაა, რომელიც პირდაპირ კონსტიტუციით ევალება“, – ამბობს ზაქარეიშვილი.
რაც შეეხება კიდევ ერთ პუნქტს, სადაც ევროკომისია საქართველოს მოუწოდებს, რომ თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი უზრუნველყოს, ხომ არ ნიშნავს ბარიერის 5%-იდან 3%-მდე დაწევის მოთხოვნას, ზაქარეიშვილი ამბობს: „არა, რადგან მაშინ ამას პირდაპირე იტყოდნენ“.
„ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში მაღალი ბარიერია და მე არ ვფიქრობ, რომ ამ რეკომენდაციით ევროკავშირი ბარიერის დაწევას გვთხოვდეს. ამას ასე პირდაპირ ვერ მოგვიწოდებენ, რადგან ეს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა იქნება. უბრალოდ, აქ საუბარია იმაზე, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობის შედეგად ორივე მხარე სასურველ გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდეს. რატომღაც მგონია, რომ „ოცნებასაც“ და „ნაციონალებსაც“ უნდათ, რომ ბარიერი 5%-იანი იყოს. რაც უფრო ცოტა პარტია მოხვდება პარლამენტში, ორივე პარტიისთვის სასურველია. ამიტომ არ მგონია, რომ ბარიერის დაწევა ვინმემ მოგვთხოვოს“, – ამბობს ზაქარეიშვილი.