ხუთი პრობლემა, რომლის წინაშეც ვოლოდიმირ ზელენსკი დგას – პოლიტიკურ და სამხედრო დაბრკოლებებს შორის, უკრაინის წინააღმდეგობა რთულდება, ხოლო ქვეყანაში სულისკვეთება ეცემა, – წერს იტალიური გაზეთი Corriere della Sera სტატიაში სათაურით ზელენსკი ბომბებს, იარაღსა და შიდა ფრონტის ბზარებს შორის: კიევის ლიდერის 5 პრობლემა.
“საახალწლო გამოსვლაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ 2024 წელს „მტერი განადგურდება“ და რუსი ოკუპანტები „ჩვენს რისხვას“ იგრძნობენ. შეუძლებელია აღფრთოვანებული არ იყო უკრაინის ლიდერის სიმამაცითა და გამბედაობით [რუსეთის მიერ] მომაკვდინებელი სარაკეტო თავდასხმების გაძლიერების ფონზე, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი ხუთი პრობლემის წინაშე დგას”, – ნათქვამია სტატიაში.
გაზეთ Corriere della Sera-ს ჟურნალისტი პაოლო ვალენტინო იმ ხუთ პრობლემას ასახელებს, რომლის წინაშე უკრაინის ლიდერი დგას: დასავლეთი, პოპულარობა, სამხედრო მდგომარეობა, ოპოზიცია და პუტინი.
დასავლეთი
დეკემბერში გამართულ ევროპული საბჭოს სამიტზე ზელენსკიმ პოლიტიკურად მნიშვნელოვან გამარჯვებას მიაღწია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით. მაგრამ რეალურად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის წინააღმდეგობის შედეგად, ევროპელების მიერ დაპირებული 50 მილიარდი ევროს გამოყოფა კვლავ შეჩერებულია. ამ თანხის განბლოკვის საშუალება აუცილებლად იქნება, მაგრამ ამას მაინც დრო სჭირდება. ანალოგიური ვითარება შეინიშნება შეერთებულ შტატებში, სადაც 61 მილიარდი დოლარის დახმარების ახალი ტრანში, საიდანაც 44 მილიარდი დოლარი სამხედრო საჭიროებებისთვისაა განკუთვნილი, დაბლოკილია კონგრესში “რესპუბლიკური” უმრავლესობის მიერ, რომელსაც სურს უკრაინისათვის დახმარება მექსიკიდან არალეგალური მიგრაციის კონტროლის გამკაცრებას მიაბას. ზელენსკის შეშფოთება აშკარაა, რადგან ის მოკავშირეებს მოუწოდებს, შეინარჩუნონ [უკრაინის] მხარდაჭერა. მით უმეტეს, რომ ჰორიზონტზე დონალდ ტრამპის ავისმომასწავებელი აჩრდილი ჩნდება.
პოპულარობა
კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხული უკრაინელების მხოლოდ 54% არის დარწმუნებული, რომ ქვეყანა სწორ გზაზეა. კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის გენერალური დირექტორის, ვოლოდიმირ პანიოტოს თქმით, ეს იმის ნიშანია, რომ ომით გარკვეული დაღლილობა მოსახლეობაშიც ვრცელდება. ზელენსკის პოპულარობაც იკლებს და თუ ომის დაწყებისას 98%-ს შეადგენდა, ახლა 60%-მდე დაეცა.
სამხედრო მდგომარეობა
მზარდი პესიმიზმი პირდაპირ უკავშირდება იმ მოლოდინებს, რომელიც დაკავშირებული იყო კონტრშეტევასთან. გრძელვადიან პერსპექტივაში გამოფიტვის ომში მოსკოვის ძირითადი ადამიანური და სამხედრო რეზერვები იქნება გამოყენებული, თუმცა პუტინს ომის ღუმელში ათასობით ადამიანის სიცოცხლის ჩაგდება არ აწუხებს. კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ უკრაინელ ხალხს თავისი არმიის სჯერა, მაგრამ ნაკლებად ენდობა ზელენსკის ლიდერულ უნარებს, რომელიც ხშირად ერევა სტრატეგიულ არჩევანში.
ოპოზიცია
ომის დაწყების დროს უკრაინის პოლიტიკური კლასის ე.წ. საღვთო კავშირი უკვე წარსულის მოგონებაა. ნოემბერში, ზელენსკისა და სამხედრო მეთაურებს შორის უთანხმოება საჯარო გახდა. ვალერი ზალუჟნიმ ჟურნალ The Economist-თან ინტერვიუში კონტრშეტევის წარუმატებლობა აღიარა, რაც მაშინვე უარყო უკრაინის პრეზიდენტმა. გარდა ამისა, კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ახლახან გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი: „ხალხს უკვირს, რატომ არ ვიყავით უკეთ მომზადებულნი ამ ომისთვის. ზელენსკი ბოლომდე უარყოფდა, რომ საქმე აქამდე მივიდოდა. ძალიან ბევრი ინფორმაცია იყო, რომელიც რეალობას არ შეესაბამებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია მოვატყუოთ ჩვენი ხალხი და ჩვენი პარტნიორები, მაგრამ არა მუდმივად“. კლიჩკო ასკვნის, რომ ზელენსკი „ომის ბოლოს საფასურს გადაიხდის თავისი შეცდომებისთვის“.
პუტინი
ზელენსკის უწევს გამკლავება პუტინის სიჯიუტესთან, რომელიც უკვე აღარ არის ის არამტკიცე “ცარი”, როგორიც ექვსი თვის წინ იყო, როდესაც პრიგოჟინის აჯანყებამ მისი ძალაუფლების დასუსტება გამოიწვია. ახლა კრემლის დიქტატორი თავს ისევ ძლიერად გრძნობს, მზარდი ეკონომიკისა და ხელსაყრელი სამხედრო სიტუაციის ფონზე. მან უკვე მთელი თაობა გაგზავნა სასიკვდილოდ, მაგრამ სიკვდილს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, დემოკრატია არის პრობლემა, რომელიც მას არ ეხება. მარტში მას მეხუთედ აირჩევენ კიდევ ექვსი წლით. ის ამბობს, რომ კონფლიქტის დასრულება სურს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდება.