სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ისტორიული და თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საქართველოს ბრძოლის გაგრძელებაა. ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა განაცხადა.
„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო ეს ისტორიული გადაწყვეტილება და ნამდვილად სიმბოლურია, რომ ის 9 აპრილს გამოცხადდა. ეს გადაწყვეტილება ფაქტობრივად, არის გაგრძელება ჩვენი თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საქმეში. ვუერთდები მილოცვებს და მადლობებს იმ ახალგაზრდების, იმ ადამიანების მიმართ, რომელთა შრომის შედეგიც არის ეს გამარჯვება. იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში წარმომადგენლობის დეპარტამენტს გადავუხდი დიდ მადლობას. ასევე, ამ საქმეში ძალიან დაგვეხმარა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტი და მინდა, მათ ხელმძღვანელებსაც და თანამშრომლებსაც დიდი მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ქართული მხარის საჩივარი. მან ასევე განმარტა, რომ გადაწყვეტილებაში ნათლად არის აღნიშნული, რომ უკანონო ბორდერიზაცია საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამოა.
„სრულად დაკმაყოფილდა ჩვენ მიერ შეტანილი საჩივარი. ერთდროულად 7 მუხლის დარღვევა დაადგინა ევროპულმა სასამართლომ. თუმცა, გარდა ამ კონკრეტული დარღვევებისა, ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი აღინიშნა ევროპული სასამართლოს მიერ. გადაწყვეტილებაში ძალიან მკაფიოდ არის მსჯელობა, უკანონო ბორდერიზაციის საკითხზე და ნახსენებია, რომ ბორდერიზაცია თავისთავად აღებული, არის საერთაშორისო სამართალთან შეუსაბამო და უკანონო ქმედება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის შეფასება, რომელიც გაკეთდა დე ფაქტო რეჟიმების საქმიანობაზე. ევროპული სასამართლოს შეფასებით, ნებისმიერი ქმედება და შეზღუდვა, რომელსაც დე ფაქტო რეჟიმები რუსეთის ოკუპაციის ქვეშ განახორციელებენ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ავტომატურად ჩაითვალა ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამოდ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღინიშნა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის მნიშვნელობა.
„რუსეთის მხრიდან არის რუსიფიკაციის მცდელობა, რომ ახალგაზრდებს აღარ ჰქონდეთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ევროპული სასამართლოს შეფასებით, ძალიან მკაფიოდ განიმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რა მიდგომა აქვს რუსეთს ან დე ფაქტო რეჟიმებს, ამ ტერიტორიებზეც ქართული ენა არის მშობლიური ენა და ბავშვებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ მშობლიურ ენაზე მიიღონ განათლება“, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.