წელს არის აუცილებელი ეს პროცესი მივიდეს ბოლომდე, სწორედ იმისათვის, რომ ჩვენ არ დავუშვათ საქართველოს უკრაინიზაცია, იმ მოვლენების ხელახლა განვითარება, რაც 2020-2022 წლებში ვიხილეთ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, როცა არის დაფინანსება გაუმჭვირვალე, ძალიან დიდია ცდუნება „ენჯეოებში“, რომ მათ არასწორად წარმართონ საკუთარი საქმიანობა.
„რა თქმა უნდა, პროცესი უნდა იყოს ბოლომდე მიყვანილი. ეს არის ღირსების საკითხი, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი საზოგადოების ინტერესები, სახელმწიფო სუვერენიტეტი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ არავის უნდა მივცეთ საშუალება ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. ბუნებრივია, პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი. გახსოვთ, შარშან მივიღეთ განსხვავებული გადაწყვეტილება, მაგრამ წელს არის აუცილებელი ეს პროცესი მივიდეს ბოლომდე, სწორედ იმისათვის, რომ ჩვენ არ დავუშვათ საქართველოს უკრაინიზაცია, იმ მოვლენების ხელახლა განვითარება, რაც 2020-2022 წლებში ვიხილეთ. საბოლოო ჯამში, ეს კანონი დააზღვევს როგორც სახელმწიფო სუვერენიტეტს, ასევე, დონორებსაც.
როცა არის დაფინანსება გაუმჭვირვალე, ძალიან დიდია ცდუნება „ენჯეოებში“, რომ მათ არასწორად წარმართონ საკუთარი საქმიანობა. ეს საბოლოო ჯამში პირველ რიგში, უხერხულობას უქმნის დონორებს და ეს კანონი დააზღვევს დონორებს. ჩვენ გვესმის, რომ მათ არ უხარიათ თავიანთი ფინანსების გამჭვირვალობა, მაგრამ ეს მათთვისაც აუცილებელია, რომ მათი ფინანსები იყოს გამჭვირვალე. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, მოიკლებს ცდუნება იმისა, რომ დონორებმა დააფინანსონ არასწორი ქმედებები და თვითონ ორგანიზაციებმაც მათი დაფინანსებით განახორციელონ არასწორი ქმედებები, მაგალითად, წვლილი შეიტანონ პოლარიზაციაში, რადიკალიზაციაში, სცადონ ამ რამდენიმე წელიწადში უკვე მესამედ რევოლუციის მოწყობა და ა.შ. სცადონ უკრაინიზაცია ჩვენი ქვეყნის და ა.შ. გამჭვირვალობა არის ყველაფრის პრევენციის საუკეთესო საშუალება და ეს არის ასევე ძალიან კარგი დონორებისთვის“, – აღნიშნა კობახიძემ.