უკრაინაში, ივანო-ფრანკოვსკის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა 25 წლის კრიმინალურ ავტორიტეტს შალვა ბერიშვილს, მეტსახელად, “გრუზინს“, რომელსაც ბრალად ედება დანაშაულებრივი გავლენის დამყარება/გავრცელება და ნარკოტიკებით ვაჭრობა.
გამოძიების ინფორმაციით, ბერიშვილმა ჩამოაყალიბა საკუთარი განგსტერული ჯგუფი, რომლის წევრებიც ძალადობასთან და ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ ქმედებებს ჩადიოდნენ.
უკრაინის ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტის ცნობით, “დაკავებული ცდილობდა ივანო-ფრანკოვსკის რეგიონში ე.წ. მაყურებლის სტატუსის მოპოვებას”. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით წაუყენეს. დაკავებულ კრიმინალურ ავტორიტეტს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სასამართლომ გადაწყვეტილება 2024 წლის 12 აპრილს მიიღო. ბრალდებულის დაცვის მხარე კატეგორიულად არ ეთანხმება გამოტანილ გადაწყვეტილებას. პორტალ “სასამართლო ძალაუფლების“ ინფორმაციით, ბერიშვილის ადვოკატი ამ წუთებში სააპელაციო ინსტანციაში მისთვის მინიჭებულ განაჩენს ასაჩივრებს.
მანამდე ბერიშვილი ცემისა და სროლის სკანდალური ამბის გამოძიების შედეგად დააკავეს. თუმცა 2-თვიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. როგორც სამართალდამცავები ამბობენ, წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნისას, ის სისტემატურად არღვევდა პატიმრობის წესებს, უგულებელყოფდა იზოლატორის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნებს და ფიზიკურად უსწორდებოდა თანასაკნელებს. როგორც უკვე ვთქვით, ის მოგვიანებით წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, თუმცა ეჭვმიტანილს უკანონო ქმედებები მას მერეც არ შეუწყვეტია.
შალვა ბერიშვილი დიდი ხანია ძალოვანი სტრუქტურების ყურადღების ცენტრშია. ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, იგი ერთ-ერთი დაჯგუფების წევრი იყო, რომელსაც ივან კლიმოვიჩი და რუსლან სილიჩი ხელმძღვანელობენ.