“დილით სამსახურში მივდიოდი. ოთახში რომ შევედი, ჩემი მარიამი საწოლზე იდგა და დამიძახა, – მამიკო, მოდი ჩემთან, ძალიან მაგრად უნდა გაკოცოო. ბავშვი გულში ჩავიკარი. მთელი სახე დამიკოცნა და მეუბნებოდა, – მამა, ძალიან, ძალიან მიყვარხარო. – მეც ძალიან მიყვარხარ მამიკო, ხომ იცი-მეთქი, ვუთხარი და მოვეფერე, მოვესიყვარულე ჩემს პატარა გოგოს. მერე დავარიგე, – აბა, შენ იცი მამიკო, დედას დაუჯერე, მე ახლა სამსახურში წავალ-მეთქი და წავედი. მერე ეს საშინელება გავიგე, ჩემი მარიამი აღარ მყავს, ჩემი გონიერი, ჭკვიანი გოგო. ისეთ კითხვებს მისვამდა, ზოგჯერ ვფიქრობდი, ამ პატარა გოგომ ამდენი რამ საიდან იცის-მეთქი?” – მითხრა 8 წლის მარიამის თვალცრემლიანმა მამამ, რომელსაც დიდი სიჩქარით მიმავალმა მძღოლმა ცხოვრება ერთ წამში დაუნგრია.
ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლი მართავდა მანქანას, მან საჭე ვერ დაიმორჩილა, ტროტუარზე ავარდა და აღმაშენებლის ხეივანზე, გაჩერებასთან მდგარ დედა-შვილს დაეჯახა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ პატარა გოგონა საკმაო მანძილზე მოისროლა და ბავშვი იქვე გარდაიცვალა. მარიამის დედა, 44 წლის ნანა ოჩიგავა კი ამ დრომდე აპარატზეა შეერთებული და ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ.
ჯიქურაძეების ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია და წლებია, ვაშლიჯვარში, დევნილთა დასახლებაში, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს. ამ ოთახის კედლები მარიამის ხელით არის მოხატული, დღეს მის სამეცადინო მაგიდაზე მისი ნახატები, ნაძერწი ნივთები, ბლოკნოტში გაკეთებული ჩანაწერები, წერილი და ანთებული კანდელი დევს. მისი ოთახი ფოტოებითაა სავსე, კედელზე კი ხატებია, რომლის წინაც პატარა გოგონა ყოველ დილით სკოლაში წასვლამდე ლოცულობდა.
მარიამი ოჯახის ნაბოლარა შვილი იყო. მას 21 წლის ძმა ჰყავს და ამ საშინელი ტრაგედიის შემდეგ ძმას უთქვამს, – 13 წელი ვნატრობდი, რომ და მყოლოდა, 8 წელი ერთად ბედნიერად ვიცხოვრეთ და როგორ ერთ წუთში მომიკლესო. სწორედ ის ჩავიდა ტრაგედიის ადგილას პირველი და ნახა, ძირს როგორ ეგდო მისი დაიკო, დედა კი საავადმყოფოში იყო უკვე გადაყვანილი. ძმამ თურმე ნათესავებთან ტრაგედიის წინადღეც გაიხსენა:
წინადღეს თურმე ილოცა, ლოცვის დროს სახე ფანჯრისკენ ჰქონდა მიტრიალებული, ლოცვას რომ მორჩა და მობრუნდა, საშინლად ტიროდა, მაგრამ მაშინ მე მისთვის არ მიკითხავს, რატომ ტიროდაო.
სვეტლანა ბერულავა, მარიამის ბებია:
– აფხაზეთიდან დევნილები ვართ და წლებია, აქ ვცხოვრობთ. ნანა ოჯახთან ერთად, ერთ ოთახში ცხოვრობდა, ჩემი მეორე ქალიშვილი, ნინო კი თავის შვილებთან ერთად – გვერდით ოთახში. ყოველ დილით ყველანი ერთად გადიოდნენ სახლიდან. ნანას არასოდეს გაუშვია მარიამი მარტო. 140-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. აქ ტრანსპორტი არ ამოდის, ამიტომ აღმაშენებლის ხეივნამდე ფეხით ჩადიოდნენ და იქიდან ტრანსპორტით მიდიოდნენ. იმ დილით ბავშვმა ოთახში შემოირბინა და დეიდამისს უთხრა, არ მოდიხარო? ნინომ უპასუხა, – წადით თქვენ და მე დაგეწევითო. ცუდი ამინდი იყო და ტანსაცმლის გამოცვლა დასჭირდა, ამიტომ შეყოვნდა, თორემ ერთად იქნებოდნენ სამივე. ბავშვი რატომღაც ცოტა მოწყენილი მოგვეჩვენა, მაგრამ მალე გავიგონეთ, ჩვენი ლამაზი მარიამი სიმღერ-სიმღერით როგორ გავიდა სახლიდან, დედამისთან ერთად. 9 საათი დაწყებული იყო, სახლიდან რომ გავიდნენ. 9-ის 15 წუთზე კი ეს საშინელება მოხდა. ჩემი მეორე ქალიშვილი, ნინოც მალე გავიდა, მაგრამ სანამ გაჩერებამდე მივიდოდა, სამარშრუტო ავტობუსი შეხვდა და წავიდა, მან ტრანსპორტში გაიგო, რომ გაჩერებაზე ავარია იყო მომხდარი: სკოლაში თურმე მასწავლებელმა უთხრა ბავშვებს, აბა, დაწერეთ, ვის რა სურვილები გაქვთო. მარის დაუწერია, – ძალიან მინდა მქონდეს ჩემი საკუთარი, ლამაზი სახლიო. ბავშვი ნორმალურ პირობებში ცხოვრებაზე ოცნებობდა. წლებია, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობდნენ, სადაც სველი წერტილიც კი არ არის.
ნინო ოჩიგავა, მარიამის დეიდა:
– სულ ერთად მივდიოდით და ალბათ ბედისწერა იყო, რომ მე იმ დღეს შევყოვნდი. გაჩერებამდე არ მივსულვარ, მაგრამ შორიდან დავინახე, რომ მანქანა ბოძს იყო შემოხვეული. ჩემებს თუ რამე დაემართებოდათ, ამას როგორ წარმოვიდგენდი? ტრანსპორტში ქალმა იკითხა, – ნეტავ, გაჩერებაზე მყოფები გადარჩებოდნენო? მაშინვე ჩემი დის ნომერი ავკრიფე, არ მპასუხობდა, მოსვენება დავკარგე და დისშვილს დავურეკე, – დედაშენი არ მპასუხობს, გაჩერებასთან ავარიაა მომხდარი და იქნებ ჩახვიდე-მეთქი. გურო მაშინვე გაიქცა და ამ საშინელებას შეესწრო. ჩემი და უკვე გადაყვანილი ჰყავდათ, ის ამ დრომდე გონზე არ მოსულა. თუ გადარჩა, არ ვიცი, როგორ გადაიტანს მარიამის ამბავს. მარიამი გამორჩეული ბავშვი იყო, ხშირად გვიკვირდა, ასეთ პატარას ამდენი ჭკუა საიდან ჰქონდა. ძერწავდა, ქსოვდა, თოჯინების კაბებს უკერავდა, ხატავდა, ყველაფერი გამოსდიოდა. დედამისი ამბობდა, ასაკთან შედარებით იმდენად ჭკვიანია, ძალიან მეშინიაო. ექიმთანაც კი მივიდა და ჰკითხა. ექიმმა კი უპასუხა, – ნურაფერს დაუშლით, რაც უნდა, აკეთოსო. 8 მარტს ყველას გვაჩუქა თავისი ნახატები და წერილები. ახლა, მისი სიკვდილის მერე ვპოულობთ ჩანაწერებს, თურმე ამასაც აკეთებდა. მამამისს ფერადი ქაღალდისგან გამოჭრილი გული აჩუქა წინა დღეებში, წარწერით – “მამიკო მიყვარხარ”. ვიპოვეთ მისი ხელით გაკეთებულ კონვერტში ჩადებული წერილი ინგლისურად. მარიამი სწერს თავის თავს – მარიამს: “ჩემს დაბადების დღეზე მინდა ვანილის ტორტი, ცისფერი კაბა და შავი ტუფლები. მივდივარ, სად?” ეს რატომ დაწერა, არ ვიცი. ანალოგიური შინაარსის წერილი კიდევ ვიპოვეთ.
– როდის ჰქონდა მას დაბადების დღე?
– 19 სექტემბერს 9 წლის გახდებოდა. შარშან ერთად აღვნიშნეთ მისი დაბადების დღე. რაღაცნაირი წინათგრძნობა ჰქონდა, ხილვებიც კი, ძალიან პატარა ასაკიდან. ამბობდა, ღვთისმშობელი ვნახეო.
– წინა დღეებშიც ხომ არ უთქვამს რამე?
– ერთხელ თქვა, კაცი დამესიზმრაო და წმინდა გიორგის ხატს დაადო ხელი. მე მეუღლე მყავს გარდაცვლილი, მას მარიამი არ იცნობდა. ერთხელ ტირილით გაიღვიძა და დედამისს უთხრა, – ნიკას მამიკოს ვხედავ, აგერ დგას და მიღიმისო. ძალიან გაჰკვირვებია ჩემს დას, შეეშინდა, მითხრა, – რამდენიმე სურათი დავუდე და კახას დაადო ხელიო. ჩემს დას ამიტომ სულ ეშინოდა. არსად მუშაობდა და მარიამზე იყო მთლიანად გადართული. ამ ტრაგედიამდე ერთი კვირით ადრე კი ღვთისმშობელი გამოეცხადა. უთქვამს – “მარი, ილოცე და კარგად იქნებიო”. მერე ტაძარში წავიდნენ დედა-შვილი, ილოცეს. წინადღესაც, ლოცვის დროს რატომ ტიროდა, არ ვიცით. ისე ძალიან მხიარული, კომუნიკაბელური იყო, გულჩათხრობილი არ ყოფილა. ეტყობა წინათგრძნობა ჰქონდა.
რატომღაც პატარა გოგონას ჩანაწერებში ხშირად წავაწყდი სიტყვას – “ვიტირებ”. “მე ბევრს ვიტირებ”, წერს არაერთ ჩანაწერში. მასზე გაცილებით უფროს დეიდაშვილს კი ეს სიტყვები დაუწერა:
“თამ, შენი ლოყების შეჭმა მინდა. ამას შენ რომ მაჩუქე, იმ წიგნში ვწერ. მინდა, შენი და ჩემი მოგონებები ამ წიგნში შევინახო. ამას შენ გამო ვწერ, როცა გავიზრდები, მინდა გავიხსენო ჩემი ნაწერები და ვიტირო. მინდა გავიზარდო და ბევრი ვიტირო, ბევრზე ბევრი და ეს იქნება სიხარულის ცრემლები. შენი მარი”.
როგორც ახლობლები ამბობენ, ბავშვი ძალიან დაზიანებული იყო, მთელი სახე დალურჯებული ჰქონდა. გაჩერებაზე, სადაც ეს ტრაგედია მოხდა, ახლაც ეტყობა მანქანის საბურავის კვალი და ფილები აყრილია. როგორც გავარკვიეთ, შემთხვევის ადგილიდან ცოტა მოშორებით, წლების წინ კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. მაშინ მარიამი არ იყო დაბადებული. 1999 წელს, მარიამის 33 წლის ბიძა – მამის ძმა, მანქანამ გაიტანა. რატომღაც დამნაშავე მაშინ არ დასჯილა.
– მაშინ სხვა პერიოდი იყო. გზაზე გადადიოდა ჩემი ძმა და მას მანქანა დაეჯახა, ადგილზე დაიღუპა, მაგრამ მძღოლი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. თითქმის ისევ იმ ადგილზე, რამდენიმე მეტრის მოშორებით, გაჩერებაზე მყოფ ჩემს ცოლ-შვილს დაეჯახა მანქანა, – ამბობს მამა.
პატარა მარიამი უკვე დაკრძალეს. ნანა ოჩიგავას გადარჩენას კი ექიმები ცდილობენ. მომხდარ ავარიაში ბრალდებულ მძღოლს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. წარდგენილი ბრალის თანახმად, თორნიკე ტუღუშს ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. მასვე, ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. როგორც მასალებით ირკვევა, მას მსგავსი დანაშაული ადრეც ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ მაშინ არ დასჯილა.
საქმის მასალების მიხედვით, 2017 წლის 22 მარტს, თორნიკე ტუღუში გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა მისი მართვის ქვეშ მყოფი “ბმვ”-ს მარკის ავტომობილით, რა დროსაც შეეჯახა მის წინ მოძრავ ავტომობილს. შეჯახების შედეგად, მეორე ავტომობილი გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და ტროტუარზე მყოფ დედა-შვილს დაეჯახა. მანვე, 2016 წლის 5 ნოემბერს, დაახლოებით 02:57 საათზე, თბილისში, პეკინისა და უსახელოს ქუჩების კვეთაზე, დაარღვია “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონის მოთხოვნები და უკუსვლით დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ე.გ.-ს, რომელმაც შეჯახების შედეგად მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებული დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას პატიმრობის გამოყენებაზე. სასამართლომ გაითვალისწინა ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. დადგენილია ისიც, რომ ბრალდებული დაკავებისას ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
ლევან კვინიკაძე, ადვოკატი:
– არავისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს ეს ადამიანი. თორნიკე ნანობს მომხდარს და ურჩევნია, რომ არ იბრძოლოს, თავი არ იმართლოს, შესაბამისად, იყოს პატიმრობაში.
ძალიან ემოციური იყო სასწრაფო დახმარების ექიმის, მარინა ლაგვილავას პოსტი, “ფეისბუკზე”. როგორც ირკვევა, სწორედ ის იყო იმ დღეს გამოძახებაზე.
“წამის მეასედში დანგრეული ცხოვრება…
დედა, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, მაგრამ ახლა სიკვდილი, რომ ყველაზე დიდი შვებაა მისთვის…
რამდენიმე წუთით, ისევ ბედნიერი მამა, რომელმაც ჯერ არაფერი იცის მისი ოჯახის ტრაგედიის შესახებ…
დევივით ძმა, მიწაზე გართხმული, აბღავლებული, სანუგეშო სიტყვას, რომ ვერავინ უბედავს…
პატარა გოგონას უმანკო, უნაზესი, უსუსური, უფაქიზესი სხეული, ტროტუარზე, სისხლის გუბეში, ახდილი თავის ქალით…
ჩვენ, სასოწარკვეთილი, ნირწამხდარი, ამ მომენტისთვის უძლური ექიმები, ამწუთას ყველაფერს რომ ვნატრობთ, ექიმად ყოფნის გარდა…
ორი ულამაზესი ყმაწვილი, ცა რომ ჩამოექცათ თავზე, ცხოვრება რომ სატანჯველად იქციეს, დგანან გაოგნებულები, ფრთაჩამოყრილნი, ცოცხალ-მკვდარნი, უფერულები, ჯერაც რომ ვერ გარკვეულან, რა მოხდა…
ცრემლი პატრულის თვალზე… ყველა საცოდავია ირგვლივ, თითქოს დამნაშავე არავინაა, მაგრამ პატარა გოგონას მიმართ ყველა დამნაშავეა… ბრიგადის კოშმარად ქცეული მორიგეობა, დიდხანს რომ გაგვყვება”…
სამწუხაროდ, ასეთი ფაქტების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. მსგავსი შემთხვევა ხშირია და უამრავი ადამიანი ეწირება მძღოლების დაუდევრობას. ისიც ფაქტია, ხშირად საჭესთან ნასვამი და წამლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები არიან. პრობლემა დიდი სიჩქარით მოძრავი მძღოლები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევი 4 მიზეზია: სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება, ნასვამი მძღოლი და 20% დაუდგენელი მიზეზი. სამწუხაროდ, წელიწადში 600-ზე მეტი ადამიანი იღუპება და 9 000-ზე მეტი ადამიანი იღებს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, მძღოლების დაახლოებით 25% (250 ათასი პირი) უხეშად არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, განმეორებით იხდიან ჯარიმებს, მაგრამ კვლავ რჩებიან საზოგადოებისთვის საშიშ მძღოლებად. 2015 წელს 602 ადამიანი გარდაიცვალა, 2016 წელს კი – 581. ბოლო წლებში საკანონმდებლო ინიციატივით, საგზაო წესების დარღვევაზე ჯარიმები განახევრდა. სპეციალისტები თვლიან, რომ სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა დანაშაულის მატება.
ცხადია, ქვეყანაში ყოველდღიურად ხდება ავტოსაგზაო შემთხვევები და დედა-შვილის ფაქტმა საზოგადოება ქუჩაში გამოიყვანა. პარლამენტის წინ აქცია გამართეს და მოსახლეობა ხელისუფლებას წესების გამკაცრებას სთხოვს. თითქმის ორი წელია, “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტში დევს, მაგრამ მისი განხილვა არა და არ ხდება. სპეციალისტების თქმით, კანონპროექტი მართლა პასუხობს მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას – ეს არის უკონტაქტო პატრულირება და 100-ქულიანი მართვის სისტემა. სპეციალისტები იმასაც ამბობენ, რომ საპატრულო პოლიცია ვეღარ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს არსებობს. ამის პრევენცია იქნება უკონტაქტო პატრულირების სისტემის დანერგვა, საავტომობილო გზებზე “ჭკვიანი” ფოტო და ვიდეოფიქსატორების დადგმა საგზაო მოძრაობის მონიტორინგისთვის. მოსახლეობა კანონის დროულ მიღებას ითხოვს. ბევრს მიაჩნია, რომ ნასვამ მძღოლს არა მარტო მართვის მოწმობა უნდა ჩამოართვან, არამედ ციხეში გაუშვან.
http://gza.ambebi.ge