ჰოლანდიელი კოლექციონერის მემკვიდრეები ქვეყნის ერთ-ერთ წამყვან მუზეუმს 25 ნახატის, მათ შორის, რემბრანდტის რვა ნამუშევრის დაბრუნებას სთხოვენ იმის გამო, რომ ისინი საჯაროდ არ არიან გამოფენილი. პარასკევს, 27 სექტემბერს ადვოკატმა გერტ-იან ვან დენ ბერგმა სააგენტო „ფრანს პრესს“ განუცხადა, რომ ჰააგაში არსებულ მაურიცჰეისის მუზეუმის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ნახატების მემკვიდრეებისთვის დაბრუნება მოითხოვა. მაურიცჰეისის ყოფილმა დირექტორმა, კოლექციონერმა აბრაამ ბრედიუსმა, 1946 წელს, მისი გარდაცვალების შემდეგ, მუზეუმს 25 ნახატი უანდერძა მკაცრი პირობით, რომ ისინი ყოველთვის საჯაროდ უნდა ყოფილიყო გამოფენილი. „პირობები არ შესრულდა. ამიტომ, მემკვიდრეები ახლა მუზეუმს ნახატების დაბრუნებას სთხოვენ“, – ამბობს ადვოკატი.
მუზეუმში ამჟამად გამოფენილია მე-17 საუკუნის ბუმბერაზი მხატვრის, ჰარმენს ვან რეინ რემბრანდტის ოთხი ნამუშევარი, მათ შორის, 1651-1658 წლებში შესრულებული „საული და დავითი“ და 1661 წელს დახატული „ორი აფრიკელი კაცი“. აქვეა გამოფენილი პეიზაჟების უბადლო მხატვრის, სალომონ ვან რუისდაელის ერთ-ერთი ნახატიც, ბრედიუსის კოლექციის სხვა 20 ნამუშევარი კი საჯარო გამოფენაზე არ არის გამოტანილი, რასაც მაურიცჰეისიც ადასტურებს. მათ შორისაა „ოქროს ხანის“ სხვა მხატვრების, კერძოდ, იან სტინის, იან ვან გოიენის და პაულუს მორელსის ნახატები. ვან დენ ბერგის თქმით, ჰააგის რაიონულ სასამართლოში სარჩელი ბრედიუსის სახელით არ შესულა, რომელსაც შვილი არ ჰყავდა.
ბრედიუსის ერთადერთი მემკვიდრე ხელოვნებათმცოდნე ჯოზეფ კრონიგია და შესაბამისად, სასამართლოში სარჩელი მისი ძმისშვილისა და დისშვილის სახელით შევიდა. როგორც „ნიუ იორკ ტაიმსი“ წერს, კრონიგი დაახლოებით 30 წლით უმცროსი იყო ბრედიუსზე, რომელსაც ის თავის „პროტეჟეს“ და „მოძღვარს“ უწოდებდა. ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნე ვარაუდობს, რომ კრონიგი და ბრედიუსი საყვარლები იყვნენ, თუმცა, როგორც კრონიგის ძმისშვილმა ოტომ „ნიუ იორკ ტაიმსს“ განუცხადა, ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მაურიცჰეისის მუზეუმში კი განაცხადეს, რომ ამ თემაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.
„სანამ საქმე განხილვის პროცესშია – და ამას შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს – ჩვენ რაიმე განცხადებას ვერ გავაკეთებთ,” – განუცხადა „ფრანს პრესს“ მუზეუმის სპიკერმა, რენე ტიმერმანსმა. ჰააგაში ნიდერლანდების პარლამენტის ისტორიული შენობების გვერდით მდებარე მაურიცჰეისის მუზეუმი ამაყობს მსოფლიოში ცნობილი კოლექციით, რომელთა შორის არის ვერმეერის ნახატი „გოგონა მარგალიტის საყურით“.