საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ეროვნულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
გიორგი ჩაკვეტაძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდების მხარდამჭერ ინიციატივებზე გაამახვილა.
„უკვე გვაქვს კანონი, რომლის თანახმადაც, საჯარო სამსახურში სტაჟირება სამუშაო გამოცდილებად ითვლება და არის ანაზღაურებადი, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა ახალგაზრდებისთვის კარიერული თუ პროფესიული განვითარების კუთხით. უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ახალგაზრდობის ჩართულობა არის გაასმაგებული. ახალგაზრდული საკითხებისთვის დაფინანსება ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არის გათვალისწინებული. მინდა გისურვოთ ნაყოფიერი მუშაობა. პარლამენტისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სახელით სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ბააკაშვილმა.
ფორუმის მიზანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდა ლიდერების შესაძლებლობების განვითარება, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე ცენტრალური მთავრობის უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, გრძელვადიანი პარტნიორობისა და ერთობლივი ინიციატივების შემუშავება.
თბილისში ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ეროვნული ფორუმი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით პირველად ჩატარდა.
ღონისძიებაში საქართველოში არსებული ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების წევრები მონაწილეობდნენ. კერძოდ, 31 მუნიციპალიტეტიდან ჯამში 200-ზე მეტი ახალგაზრდა.
ფორუმი საქართველოში გაეროს მოსახლეობის ფონდთან და ა(ა)იპ ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოების ასოციაციასთან თანამშრომლობით ჩატარდა.