ემანუელ მაკრონი დღეს პრეზიდენტია, რომელიც ბეწვზე გადის, ის იმ საფრანგეთის სიმბოლოა, რომელიც პოსტ-პანდემიურ და პოსტ-გლობალიზაციის სამყაროში თავისი მიმართულების საპოვნელად იბრძვის, – წერს იტალიური გამოცემა L’Espresso სტატიაში სათაურით მაკრონი რბოლის ბოლოს. მინი-ნაპოლეონმა საფრანგეთი დაკარგა.
„ძველი რომაელები სიკვდილით სჯიდნენ მათ, ვისაც სამშობლოს მოღალატედ მიიჩნევდნენ. მოღალატეებს ტარპეის კლდიდან აგდებდნენ. მანძილი დიდ ტრიუმფსა და ტრაგიკულ დასასრულს შორის მცირე იყო. როგორც ეს დღეს საფრანგეთის პრეზიდენტისთვის, ემანუელ მაკრონისთვის არის“, – წერს სტატიის ავტორი ფედერიკა ბიანკი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ემანუელ მაკრონის პოლიტიკურ პროექტს, რომელიც 2017 წელს ჩაეშვა საყოველთაო აღიარებით, უნდა გადაერჩინა საფრანგეთი „უკიდურესი მემარჯვენეებისგან“, მაგრამ სანაცვლოდ, ეს პროექტი სრულდება იმით, რომ მან პოპულისტების საშუალება მისცა, გადაეგდოთ ამ პროექტის შემქმნელი კლდიდან.
„გასული წლის ივნისში, ევროპულ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, პარლამენტის დათხოვნის უჩვეულო გადაწყვეტილება ბევრმა განმარტა, როგორც პრეზიდენტის მხრიდან სტრატეგიული ნაბიჯი, რათა დაესუსტებინა ულტრამემარჯვენეების პოლიტიკური იმპულსი, რომლებიც მზარდი პოპულარობით სარგებლობენ. მაგრამ Rinascita-ს (აღორძინება) დამარცხებამ არა მხოლოდ დააყენა საფრანგეთი პოლიტიკური და ეკონომიკური ქაოსის ზღვარზე, არამედ ასევე გააძლიერა მაკრონიზმის შეუთავსებლობა პოსტ-კოვიდურ საფრანგეთთან და ევროპასთან“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი ასევე განიხილავს მიშელ ბარნიეს მთავრობისთვის საფრანგეთის პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადებას და აღნიშნავს, რომ მარინ ლე პენის მიზანია პრეზიდენტის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება 2025 წლის 31 მარტისთვის.
„მაკრონი, ჩაკეტილი ელისეის სასახლის ოქროს ოთახებში, გარშემორტყმული ძალიან ახალგაზრდა მრჩევლებით ქვეყნის ელიტარული სასწავლებლებიდან, ზედმეტად დარწმუნებული საკუთარ თავში და თავისი პროექტის სიკეთეში, არასდროს ზრუნავდა კოლექტიურ სენზე და არც იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს მისი პოლიტიკა მოსახლეობის უმრავლესობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. და მას არ ესმოდა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ეროვნული სიმდიდრე, მაშინაც კი, როდესაც ის იზრდება, აღარ გადადიოდა ინდივიდუალური სიმდიდრის ზრდაში, რომელიც სტაგნაციას განიცდის“, – წერს სტატიის ავტორი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ მაკრონი დარწმუნებული იყო, რომ მისი წინააღმდეგობა ანტირესპუბლიკურ ძალებთან საკმარისი იქნებოდა ხელისუფლების შესანარჩუნებლად და „ფაქტობრივად, ის ხელახლა აირჩიეს 2022 წელს, მაგრამ მხოლოდ როგორც მცირე ბოროტება. პირველივე შესაძლებლობისთანავე ფრანგებმა მას გააგებინეს, რომ წასვლის დროა. მის მხარეს მოსახლეობის მხოლოდ 23 პროცენტია“.