ლიეტუვას ეროვნული რადიომაუწყებლის (LRT RADIO) ცნობით, 2023 და 2024 წლებში დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის, ლიეტუვამ, რუსეთში შეიტანეს ტექნოლოგიები, რომლებსაც მოსკოვი არტილერიაში იყენებს.
უკრაინის ეკონომიკური უშიშროების საბჭოს დირექტორის, დენის ჰუტიკის თქმით, რომელიც ერთობლივ უკრაინულ-ბრიტანულ საგამოძიებო-კვლევით ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ლიეტუვური კომპანიები ასეთი ექსპორტის დაახლოებით 2,5 პროცენტს ახორციელებენ.
„კვლევა აჩვენებს, რომ ლიეტუვური საწარმოები კვლავ აგრძელებენ სათადარიგო ნაწილების რუსეთში გაყიდვას“, -აცხადებს ჰუტიკი.
„ზოგიერთი ლიეტუვური კომპანია და მიმწოდებელი კვლავ ახორციელებს პირდაპირ ექსპორტს რუსეთში. ეს მოსკოვს საშუალებას აძლევს, სანქციებისთვის გვერდის ავლით, სწრაფად მიიღოს მისთვის საჭირო კომპონენტები“, – აღნიშნა მან LRT RADIO-სთან ინტერვიუში.
კვლევის თანახმად, ექსპორტირებული ნაწილების ნაჩვენებლით, ლიეტუვა მხოლოდ გერმანიასა და იტალიას ჩამორჩება (ევროკავშირის ქვეყნებიდან).
„აქედან კარგად ჩანს სანქციების ეფექტურობის პრობლემა“, – ამბობს ჰუტიკი.
მისივე განმარტებით, ასეთი ექსპორტი 2023 წლიდან მცირდება, თუმცა, სათადარიგო ნაწილები რუსეთში ამჟამად სხვა ქვეყნების გავლით მაინც შედის.
„2022 წლამდე პირდაპირი ექსპორტი რუსეთში, ძირითადად, დასავლეთის ქვეყნებიდან ხორციელდებოდა, მაგრამ ომის დაწყებისთანავე ის შემცირდა. ახლა რუსეთში მანქანებისა და ტექნოლოგიების უმსხვილესი პირდაპირი ექსპორტიორი ჩინეთი, ტაივანი და სამხრეთ კორეაა“, – აცხადებს უკრაინელი მკვლევარი.
ლიეტუვას ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის ყოფილი მოადგილე, კაროლის ჟემაიტისი ხაზს უსვამს ლიეტუვაში წარმოებული და ქვეყნიდან რეექსპორტირებული საქონლის ერთმანეთისგან გარჩევის აუცილებლობას.
მისი თქმით, ლიეტუვური კომპანიები რუსეთში ძალიან მცირე მოცულობის მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტს ახორციელებენ, მაგრამ ბევრი სანქცირებული პროდუქტი რუსეთში, ლიეტუვაზე გავლით, ამ უკანასკნელის ძლიერი ლოჯისტიკისა და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ხვდება.
„ლიეტუველი მწარმოებლები, მსოფლიო მასშტაბებთან შედარებით, ძალიან მცირე რაოდენობის პროდუქტს უშვებენ, რომელმაც შეიძლება რუსეთი დააინტერესოს, მაგრამ ჩვენს ლოგისტიკურ სექტორს, რა თქმა უნდა, საკმარისი შესაძლებლობები აქვს ამ პროცესებში მონაწილეობის მისაღებად“, – განუცხადა ჟემაიტისმა LRT RADIO-ს.
„ამის ნიშნები, ცხადია, არსებობს“, -დასძინა მან.
კვლევის დროს გაირკვა, რომ ევროპაში წარმოებული მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის ნაწილების რუსეთში ექსპორტი შეიძლებოდა ტაივანის გავლით მომხდარიყო.
„ტაივანი არის მაღალტექნოლოგიური ნაწილების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი რუსეთში. 2023 წელს და 2024 წლის პირველ კვარტალში ტაივანში ფუნქციონირებდა ყველაზე მეტი კომპანია ჩინეთის შემდეგ, რომლებიც რუსეთში კომპონენტების ექსპორტს უშუალოდ ახორციელებდნენ“, – აღნიშნა ჰუტიკმა.
„თუ ლიეტუვურმა კომპანიებმა ტაივანში ექსპორტი გაზარდეს, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ეს საქონელი რუსეთში გაიგზავნა“, – დასძინა მან.
ხუთშაბათს, 9 იანვარს, ლიეტუვას პრემიერ-მინისტრმა, გინტაუტას პალუკასმა განაცხადა, რომ მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიეტუვური საქონელი, შესაძლოა, რუსეთის სამხედრო ინდუსტრიაში გამოიყენებოდეს.
მეტიც: მთავრობა აპირებს, შეარბილოს ორმაგი დანიშნულების საქონლის საჰაერო გზით მესამე ქვეყნებში ექსპორტზე შემოღებული შეზღუდვები, რომელიც დეკემბერში მინისტრთა წინა კაბინეტმა დააწესა, რათა ამით ასეთი საქონლის რუსეთში შეტანა გაძნელებულიყო.
ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის, ლუკას სავიცკასის თქმით, ამ შეზღუდვებით ლიეტუვას მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტი ზარალდება.