დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან გრენლანდიის შესახებ სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას დანიის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც დანიის მთავრობის პრესსამსახურში აღნიშნეს, ფრედერიკსენისა და ტრამპის საუბარი ქვეყნებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და გრენლანდიის სტატუსს ეხებოდა.
„საუბრის დროს პრემიერ-მინისტრმა გრენლანდიის მთავრობის თავმჯდომარის მუტე ეგედეს სიტყვები მოიშველია, რომელმაც თქვა, რომ გრენლანდია არ იყიდება. პრემიერ-მინისტრმა აგრეთვე აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის შესახებ გადაწყვეტილებას თავად გრენლანდია უნდა იღებდეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
დანიის მთავრობის თავმჯდომარემ აგრეთვე ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი ქვეყანა მზად არის საკუთარ თავზე აიღოს დიდი პასუხისმგებლობა არქტიკის უსაფრთხოებაზე და დანიური კომპანიები აშშ-ის ეკონომიკურ ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას უწყობენ ხელს.
ცნობისთვის, ტრამპს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ და მანამდეც არაერთხელ უთქვამს, რომ ის გრენლანდიის შეძენით არის დაინტერესებული. მას სურს, რომ გრენლანდია აშშ-ის ნაწილი გახდეს.