უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს წარმომადგენლებმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის ერთ-ერთი ბრიგადის ყოფილ მეთაურს და მის სამ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს 922 ათასი გრივნის (62 ათასი ლარის) მითვისების გამო. ინფორმაციას უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურო ავრცელებს.
გამოძიების მტკიცებით, 2023 წლის ივლისის ბოლოს ბრალდებულმა საკუთარი მეუღლე მის ბრიგადაში მსროლელის პოზიციაზე გააფორმა, რათა მას ფულადი თანხა მიეღო. მეტი დამაჯერებლობისთვის, ბრიგადის ყოფილი მეთაური და მეუღლე ფიქციურად გაეყარნენ ერთმანეთს.
მოგვიანებით, ბრიგადის ყოფილმა მეთაურმა საქმეში მისი მოადგილეები ჩართო. ისინი ყალბ ცნობებს ადგენდნენ იმის შესახებ, რომ მისი მეუღლე ფრონტის ხაზზე საბრძოლო მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას. ამრიგად, 2023 წლის ივლისიდან 2024 წლის აპრილამდე ქალმა უკანონოდ 922 ათასი გრივნა მიიღო.
სინამდვილეში, მთელი ეს პერიოდი ქალი ქმართან იმყოფებოდა და სპეციალურ ფერმაზე ცხენებს უვლიდა. მან ასევე ორი კვირა პოლონეთში გაატარა.