ისრაელმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა შეაჩერა, „ჰამასი“ შუამავლებს ჩარევისკენ მოუწოდებს, – ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ისრაელმა მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლის, სტივ ვიტკოფის წინადადება, რომელიც ითვალისწინებს ცეცხლის დროებით შეწყვეტას ღაზაში რამადანისა და პასექის პერიოდში.
„ვიტკოფმა წარმოადგინა წინადადება ცეცხლის შეწყვეტის გასახანგრძლივებლად მას შემდეგ, რაც შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ამჟამად შეუძლებელია ისრაელისა და „ჰამასის“ პოზიციების დაახლოება. მან თავისი წინადადება განსაზღვრა, როგორც დერეფანი მეორე ეტაპის მოლაპარაკებებისთვის. ისრაელი ამისთვის მზადაა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუს თქმით, თუ „ჰამასი“ დათანხმდება გახანგრძლივებას, ისრაელი დაუყოვნებლივ დაიწყებს მოლაპარაკებებს.
შეთანხმების შემთხვევაში, ზავი შეაჩერებს საბრძოლო მოქმედებებს რამადანის მარხვის დასრულებამდე, დაახლოებით 31 მარტამდე და ებრაული პასექის დღესასწაულამდე, დაახლოებით 20 აპრილამდე.
შეთანხმების შემთხვევაში, პირობა იქნება, რომ „ჰამასი“ ცოცხალი და გარდაცვლილი მძევლების ნახევარს პირველივე დღეს გაათავისუფლებს, დანარჩენი მძევლები კი გათავისუფლდებიან დასკვნით ეტაპზე, თუ მიღწეული იქნება შეთანხმება ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის შესახებ.
„ჰამასმა“ უარყო ზავის დროებითი გაგრძელების იდეა. „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა, მაჰმუდ მარდავიმ განაცხადა, რომ დარჩენილ ისრაელელ მძევლებს გაათავისუფლებენ მხოლოდ უკვე შეთანხმებული გეგმის პირობებით.
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰამასის“ მიერ აშშ-ის წინადადების უარყოფის გამო ისრაელმა შეაჩერა ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების ყველა მარაგის შეტანა.
„ჰამასი“ ამჟამად აკონტროლებს ყველა მარაგსა და საქონელს, რომელიც ღაზის სექტორში იგზავნება. ის ბოროტად იყენებს ღაზის მოსახლეობას, რომელიც ცდილობს დახმარების მიღებას. ამას ჩვენ არანაირად არ დავეთანხმებით. თუ „ჰამასი“ გააგრძელებს თავის პოზიციაზე დარჩენას და არ გაათავისუფლებს ჩვენს მძევლებს, იქნება დამატებითი შედეგებიც“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
თავდაპირველი შეთანხმების მიხედვით, შეთანხმების მეორე ფაზა ითვალისწინებდა მოლაპარაკებების დაწყებას დარჩენილი 59 მძევლის გათავისუფლების თაობაზე, ისრაელის ჯარების სრულ გაყვანას ღაზის სექტორიდან და ომის საბოლოო დასრულებას. თუმცა, მოლაპარაკებები არ დაწყებულა და ისრაელი აცხადებს, რომ ყველა მძევალი უნდა დაბრუნდეს იმისთვის, რომ ბრძოლა შეწყდეს.
„ჰამასმა“ ისრაელის ნაბიჯი „შანტაჟად“ შეაფასა.