დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან ჩასულ მგზავრებს ქვეყანაში ხორცისა და რძის პროდუქტების შეტანა აუკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, აკრძალვის მიზეზად ევროპის კონტინენტზე ვირუსული დაავადება თურქულის (ფეხისა და პირის დაავადება) გავრცელება სახელდება.
აკრძალვის თანახმად, მგზავრებს აღარ შეეძლებათ ევროკავშირის ქვეყნებიდან დიდ ბრიტანეთში პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი საქონლის, ცხვრის, თხისა და ღორის ხორცის, ასევე რძის პროდუქტების შეტანა. საზღვარზე აღმოჩენილი პროდუქტი კონფისკაციას დაექვემდებარება და განადგურებული იქნება.
მანამდე დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ამავე მიზეზით აკრძალა პირადი მოხმარებისთვის განკუთვნილი საქონლის, ცხვრისა და სხვა ხორცპროდუქტების შეტანა გერმანიიდან, უნგრეთიდან, სლოვაკეთიდან და ავსტრიიდან. ამის მიზეზი ამ ქვეყნებში თურქულის დადასტურებული შემთხვევები გახდა.
ახალი შეზღუდვები არ შეეხება ჩრდილოეთ ირლანდიიდან, ჯერსიდან, გერნსიდან ან მენის კუნძულიდან შემოტანილ პროდუქტებს.
როგორც „პოლიტიკო“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ თურქული ადამიანებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და გაერთიანებულ სამეფოში ამჟამად დაავადების შემთხვევები არ აღურიცხავთ, ეს დაავადება მაინც საშიშია და ბრიტანეთის სოფლის მეურნეობის ინდუსტრიას მნიშვნელოვან რისკს უქმნის.
„მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა თურქულისგან ბრიტანელი ფერმერების დასაცავად. სწორედ ამიტომ ვამკაცრებთ ზომებს და ვაწესებთ შეზღუდვებს ხორცისა და რძის პროდუქტების პირადი მოხმარების იმპორტზე, დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად და ბრიტანეთის სასურსათო უსაფრთხოების დასაცავად“, – განაცხადა გაერთიანებული სამეფოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დეივიდ ცაიხნერმა.
ბრიტანეთის ფერმერთა კავშირის პრეზიდენტის, ტომ ბრედშოუს თქმით, ვიდრე თურქულის გავრცელების წყარო ევროპაში ჯერ არ გამოვლენილა, აუცილებელია უფრო მკაცრი სასაზღვრო კონტროლი.
„მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ მგზავრებმა იცოდნენ ახალი წესები და მათ, ვინც ებრძვის ხორცის უკანონო იმპორტს, მათ შორის სასაზღვრო ძალებს, ჰქონდეთ საჭირო რესურსები ამ პრაქტიკის აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა ბრედშოუმ.