ფსიქოლოგმა და პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა.
საყვარელიძის თქმით, გეოპოლიტიკაში მუდმივი მოკავშირეობის ან მტრობის არ სჯერა და ყველა მხოლოდ აქტუალური საკუთარი ინტერესით მოქმედებს.
„ძალიან ორიგინალური არ ვიქნები, თუ ლორდ პალმერსტონისა არ იყოს, ვიტყვი, რომ გეოპოლიტიკაში მუდმივი მოკავშირეობის ან მტრობის არ მჯერა, მჯერა რომ ყველა მხოლოდ აქტუალური საკუთარი ინტერესით მოქმედებს. ამ რწმენის საფუძველზე ვთვლი, რომ საკუთარი ინტერესით მოქმედებდა და მოქმედებს როგორც დასავლეთი, ასევე საქართველო. უახლესი ისტორიაც ადასტურებს პოლიტიკური პრაგმატიზმის პრიმატს პოლიტიკურ რომანტიზმზე“,-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
საყვარელიძის განცხადებით, ჩინეთთან ურთიერთობა საქართველოსთვის არის ეკონომიკურად და პოლიტიკურად მომგებიანი, ხოლო რუსეთთან ხელახლა ომი წამგებიანია. გამოვიდა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავის ინტერესებს აყენებდა დასავლეთის ინტერესების წინ.
„90-იანებში რუსეთმა იძალადა აფხაზეთში, მაგრამ დასავლეთს აღშფოთებაც კი არ გამოუხატია, არ იყო მის ინტერესში კავკასიის საქმეებში ჩარევა. შევარდნაძე და ჰეიდარ ალიევი მიხვდნენ, რომ დასავლეთი კავკასიაზე არ იზრუნებს, თუ დაინტერესებული არ იქნება. მათ შეიმუშავეს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი, რომელიც ევროპას გამოადგებოდა და დემირელს, თურქეთის პრემიერს, გაატანეს ვაშინგტონში. გაჯიუტდა ბილ კლინტონი, მაგრამ 1995 წელს როგორც იქნა განაცხადა, ჩვენი ინტერესების წითელი ხაზები კავკასიაზე გადისო.
სწორედ მაშინ იყო შევარდნაძეზე პირველი ტერაქტი მხედრიონის და ი.გიორგაძის ავტორობით. ნავთობსადენის გაჩენის შემდეგ მოგვაქცია ყურადღება დასავლეთმა. მერე შევარდნაძე დასავლეთს სთხოვდა ზეწოლას რუსეთზე აფხაზეთის პრობლემის გადასაჭრელად. მოწმე ვარ ამ საუბრების, მაგრამ ეს, ალბათ, რომანტიკული პასაჟი იყო, არ ჩანდა დასავლეთის რუსეთთან დაპირისპირების მოტივი. დასავლეთის (საჯაროდ გამოჩნდნენ რ.მაილსი, ჯ.ბუში) და რუსეთის (გამოჩნდნენ ი.ივანოვი, თ.ალასანია) თანამშრომლობით მოხდა „ვარდების რევოლუცია“ და საქართველოში მოვიდა სააკაშვილის ხელისუფლება. ადრე დასავლეთს პარტნიორად მიაჩნდა „ოცნების“ ხელისუფლება, მან კი დასავლეთის დაუკითხავად კავშირი გააბა ჩინეთთან, ხოლო დასავლეთის მოთხოვნისას არ ჩაება რუსეთთან ომში.
მიზეზი ცხადია – ჩინეთთან ურთიერთობა საქართველოსთვის არის ეკონომიკურად და პოლიტიკურად მომგებიანი, ხოლო რუსეთთან ხელახლა ომი წამგებიანია. გამოვიდა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავის ინტერესებს აყენებდა დასავლეთის ინტერესების წინ“- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
საყვარელიძის თქმით, სწორედ ასეთი ხელისუფლება არ აწყობდა დასავლეთს, დასავლეთის ულტრალიბერალურ წრეებს სურთ, რომ საქართველოში ყოფილიყო მორჩილი ხელისუფლება.
„ასეთი ხელისუფლება არ აწყობდა დასავლეთს, დასავლეთის ულტრალიბერალურ წრეებს სურთ, რომ საქართველოში ყოფილიყო მორჩილი ხელისუფლება. აქ ჩინეთის ტრანზიტმა თუ გამოიარა დასავლეთს რეალურად დასჭირდება კონტროლირებადი ჯგუფი, რაც სავსებით ლოგიკურია. შესაბამისად, დასავლეთს უნდა სურდეს „ოცნების“ ხელისუფლების შეცვლა მისი ოპოზიციით. ხოლო ოპოზიციაში ძირითადი ალტერნატივაა ძალა, რომელსაც დასავლეთი იცნობდა და „დემოკრატიის შუქურას“ ეძახდა ადრე. ლოგიკური და გასაგებია დასავლეთის ეს სურვილი, რომ ეს ძალა დააბრუნოს ხელისუფლებაში.
თუ დასავლეთის ეს სურვილი ლოგიკურია, მაშინ ლოგიკურია ისიც, რომ დასავლეთმა გამოიყენოს ხელისუფლების შეცვლის ტექნოლოგიები, რომლებიც ამერიკაში დაამუშავეს ჯერ შარპმა, მერე მისმა მოწაფემ აკერმანმა. შარპის ტექნოლოგიები ადრე გამოყენებული იყო საქართველოში, უკრაინაში, არაბულ ქვეყნებში.
სწორედ ამ ტექნოლოგიების ამოქმედების შედეგად დაიწყო შარპის 198 რეკომენდაციის შესრულება ახლაც, ამ რეკომენდაციების ნახვა ყველას შეგვიძლია ინტერნეტში, 40 ენაზეა თარგმნილი. დასავლეთის მხრიდან ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერას გულისხმობს შარპის რეკომენდაციები, კიდევ უფრო მეტად – აკერმანის ტექნოლოგია. ეს გასაკვირი არაა, უცხოეთში სათავისო ხელისუფლების მოყვანისთვის ყველა ქვეყანა ეყრდნობოდა ოპოზიციას (გავიხსენოთ შორეული ისტორია)“,-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
საყვარელიძე აღნიშნავს, რომ დღემდე მძიმე წნეხის ქვეშაა საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ თუ ჩინური ტრანზიტის ჩანაფიქრი გამოვა, დასავლეთს დასჭირდება საქართველო და მასთან კარგი ურთიერთობის აწყობას ეცდება, როგორც ეს მოხდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაკანონების შედეგად.
ჩემი ვერსიით გამოდის, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე შეტევის მიზეზი დასავლეთს გაუჩნდა 20-იან წლებში ჩინური და უკრაინული პოლიტიკის გამო. ამას მოჰყვა დასავლეთის მხრიდან ბრალდება, რომ საქართველოს აქვს რუსეთზე ორიენტაცია, ჩინეთი მხოლოდ უილსონმა ახსენა, არადა სწორედ ჩინეთზე აქვს ორიენტაცია საქართველოს და ეგ აწუხებს დასავლეთს, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მოწოდება და ხელშეწყობა.
ამაზე პასუხად დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთის კონკრეტული წრეების კრიტიკა, „ომის პარტიის“ და „დიფ სტეიტის“ მოდელებით ოპერირება. დღემდე მძიმე წნეხის ქვეშაა ხელისუფლება, მაგრამ თუ ჩინური ტრანზიტის ჩანაფიქრი გამოვა, დასავლეთს დასჭირდება საქართველო და მასთან კარგი ურთიერთობის აწყობას ეცდება, როგორც ეს მოხდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაკანონების შედეგად. ამდენად, დღევანდელი გვირაბის ბოლოში სინათლე ჩანს“-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.