ლევან ხაბეიშვილი არ არის ფიგურა, რომელიც რაღაცას განაპირობებს, – ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადება, რომ იგი მზადაა პოლიციისთვის ძალის დაპირისპირებისთვის და თბილისში გენერალური ბრძოლის გამართვისთვის.
გიორგი ვოლსკის თქმით, ლევან ხაბეიშვილს უნდა, რომ ავტორიტეტი დაიბრუნოს.
„ივარჯიშა, ირბინა, ფიზიკურად მოემზადა, განცხადებები გააკეთა, იმიჯი შეიცვალა, ყველაფერი გააკეთა და მაინც ბოკუჩავა აირჩიეს.
ეს ადამიანი ცდილობს თავის თავის რადიკალიზაციით მოახდინოს პოპულარიზაცია. „ნაცმოძრაობის“ იდეა წამოწიოს წინ, რომელიც არ ეპუება, ბრძოლობს და ხმალამოღებული იბრძვის ლევან ხაბეიშვილის მეთაურობით“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი ფიზიკური დაპირისპირების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, საჭიროა დაახლოებით 2000 ადამიანის მობილიზება, რომლებიც წინააღმდეგობის გაწევას და საჭიროების შემთხვევაში, პოლიციელის დაჭერასაც კი შეძლებენ. „ძალას დავუპირისპიროთ ძალა. თავზე ხელი უნდა ავიღოთ – დედაქალაქშიც გენერალური ბრძოლებისთვის ვართ მოსამზადებელი. სიტყვა ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას“, – აცხადებს ხაბეიშვილი.