აბორტი არის უმძიმესი ცოდვა, ეს არის ადამიანის მკვლელობა დედის მუცელში. ასეთი საგანგაშო ვითარების მიუხედავად, როდესაც ქვეყანა არ იღებს ზომებს, ეს ნიშნავს, რომ ის თვითგანადგურების რეჟიმში იმყოფება და მას კარგი არაფერი უწერია. ეს აუცილებლად გამოიღებს თავის უარყოფით შედეგებს, – განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.
„შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ხალხის რაოდენობა 5 მილიონიდან 3 მილიონ 700 ათასამდე შემცირდა. ამ უმძიმეს მოვლენას ხელს უწყობს გარდა სხვადასხვა გარემოებისა, აბორტების საგანგაშო სტატისტიკაც. ბოლო 10 წლის განმავლობაში (საშუალოდ გამოყვანილი რიცხვი) ყოველწლიურად გაკეთებული აბორტების რიცხვი არის დაახლოებით 22 ათასი, ამას ჩვენ თუ მივუმატებთ ე.წ ქიმიურ აბორტებს, ანუ აბებით გაკეთებულ აბორტებს, მინიმუმ რიცხვი ორმაგდება. ამ მონაცემებით ყოველ წელს ჩვენი კლება მიმდინარეობს დაახლოებით 50-55 ათასი ადამიანით. ამაზე ყველაფერზე ჩვენ უნდა დავფიქრდეთ. ერი, რომელიც თავის შვილებას კლავს, ის ერი ვერ ეღირსება დიდ ბედნიერებას, დიდი გამარჯვებას და გამთლიანებას. ამაზე ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, როგორ შევაჩეროთ ეს ყველაფერი ქვეყანაში“, – აღნიშნა მეუფე შიომ.
მისივე თქმით, ერი, რომელიც თავის შვილებს კლავს, ის ერი ვერ ეღირსება დიდ ბედნიერებას, დიდ გამარჯვებებს, გამთლიანებასა და გადარჩენას.
„ამაზე უნდა დავფიქრდეთ, თუ როგორ შევაჩეროთ ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში. რა არის გამოსავალი? პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ცნობიერების ამაღლებაზე ჩვენს ხალხში, რომ აბორტი გააზრებული უნდა იყოს, როგორც დიდი ცოდვა და ის მარტივი ჭეშმარიტება უნდა გავიგოთ ყველამ, რომ ჩასახული ემბრიონი ეს არის ადამიანი და რომ ადამიანის მოკვლა არ შეიძლება. საკუთარი შვილის ამ გზით მოშორების ხარჯზე, ბედნიერების და კომფორტის აწყობა შეუძლებელია, გამორიცხულია.
ამ მხრივ, ძალიან კარგი გამოცდილება არსებობს ბევრ მოწინავე ქვეყანაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროკავშირის ქვეყნებში, სადაც ასეთი მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და მიღებულია საკანონმდებლო ნორმები, რომელიც მეტად თუ ნაკლებად ზღუდავს აბორტის გაკეთებას. ამერიკის შეერთებულ შტატებში 10 შტატია, სადაც საერთოდ აკრძალულია აბორტი. ბევრ ქვეყანაში არის მეტ-ნაკლებად სხვადასხვანაირი რეგულაციები. ასე რომ, ალბათ, დადგა დრო იმისა, რომ ვიფიქროთ ამაზე. ვიფიქროთ ამ ცნობიერების ამაღლებაზე, ამისთვის არსებობს კარგი საგანმანათლებლო პრაქტიკები, იქნებ ვიფიქროთ ამის დანერგვაზე ჩვენს ქვეყანაში. მაგალითად, არის კარგი პრაქტიკა, როდესაც სკოლებში შედიან სპეციალისტები, მაღალ კლასებში, გოგონებთან წელიწადში ერთხელ და უტარებენ ასეთ საუბრებს, თუ რა ზიანი მოაქვს აბორტს ფსიქოლოგიურად, ფიზიოლოგიურად და ა.შ. ძალიან ეფექტური ყოფილა ეს პრაქტიკა და შემდეგ მივიდეთ ისეთი კანონების მიღებამდე, რომელიც დაარეგულირებს ამ საკითხს და გაამკაცრებს ეს აუცილებელია.
ასევე არის სხვადასხვა სოციალური პროგრამა, რომელზეც შეიძლება ჩვენ ერთობლივად, სახელმწიფოსთან ერთად, ეკლესიაც მზად არის, ჩართული იყოს ამაში და დავეხმაროთ ჩვენს ხალხს ამ დიდი გამოწვევის დაძლევაში. იმედია, რომ ღვთის წყალობით, ჩვენ ამას შევძლებთ და შევძლებთ ჩვენი ოჯახების გადარჩენას და ოჯახური ფასეულობების შენარჩუნებას და გაძლიერებას.
როგორც ამბობს მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, ოჯახი არის საფუძველი სახელმწიფოსი, თუ ოჯახი იქნება ძლიერი, ქვეყანაც და სახელმწიფოც იქნება გამართული და ძლიერი“, – აღნიშნა მეუფე შიომ.