„ქრონიკასთან“ სატელეფონო ინტერვიუში ლევან ჯანგველაძის ოჯახის ინტერესების დამცველი ტარიელ კაკაბაძე ამბობს, საქმის კვალიფიკაციის შეცვლის შემდეგ, გამოძიება სწორ გზას დაადგა და დამკვეთებამდე მისვლის შესაძლებლობა გაჩნდა.
„გამოძიება არ მიდიოდა სწორი მიმართულებით, მიდიოდა არასწორი მუხლით. დადასტურდა, რომ რასაც ვაპელირებდით მთელი ამ დროის განმავლობაში, რასაც ვითხოვდით, ჩვენი ყველა მოთხოვნა იყო მართალი. შეიცვალა პროკურორი, ახალმა პროკურორმა მალევე კვალიფიკაცია შეცვალა. სწორი კვალიფიკაცია მიანიჭა აღნიშნულ საქმეს და ამის შემდეგ უკვე საქმე დადგა სწორ გზაზე. გამოძიება დაადგა სწორ გზას და შესაბამისად, საშუალება მიეცა გამოძიებას, რომ დამკვეთებამდე გასულიყო“, – აღნიშნა ადვოკატმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის საქმე გახსნა, რომელშიც ბრალდებულები, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები არიან. მათგან ერთ-ერთი უკვე დაკავებულია.