დაჯგუფება „ჰამასმა“ შუამავლებს აცნობა, რომ მისთვის ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების გათავისუფლების წინადადება მისაღებია. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გარიგების თანახმად, რომელიც შუამავლებმა ისრაელსა და „ჰამასს“ ერთი დღის წინ შესთავაზეს, ღაზაში ცეცხლი 60 დღით შეწყდება და დაჯგუფება 10 ტყვეს გამოუშვებს.
„მოძრაობა „ჰამასმა“ და პალესტინურმა ძალებმა მხარი დაუჭირეს წინადადებას, რომელიც გუშინ კატარელი და ეგვიპტელი შუამავლების მიერ იყო შემოთავაზებული“, – აღნიშნულია „ჰამასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ისრაელის ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ „ჰამასის“ თანხმობა მათ მიიღეს, თუმცა, როგორც მედია წერს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაჯგუფების ეს პასუხი დააიგნორა და განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალები ქალაქ ღაზის აღების გეგმას მიჰყვებიან.