პოლიციამ რუსეთში, მოსკოვის შემოგარენში, კრატოვოს დასახლებაში 4 ადამიანის მკვლელის ლიკვიდაცია მოახდინა.
BBC-ის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება. თავდამსხმელის გაუვნებელყოფის ოპერაცია რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. სამართალდამცველებმა მისი ბლოკირება მოახერხეს. დამნაშავემ პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.
მოსკოვის შემოგარენში, კრატოვოს დასახლებაში კაცმა სანადირო თოფიდან გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. რუსული სააგენტოების ცნობით დაღუპულია 4 ადამიანი. კიდევ რამდენიმე დაშავდა. მედიის ინფორმაციით, მსროლელი სახლში გამაგრდა, სადაც ოთხი ოჯახი ცხოვრობს. მეზობელი სახლების მცხოვრებლები სარდაფებში დაიმალნენ.
სპეცრაზმის წარმომადგენლებმა შტურმით აიღეს სახლი, რომელშიც დამნაშავე იყო გამაგრებული, მაგრამ მან გაქცევა შეძლო. სახლი კი დაიწვა.