„გასულ წელს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან რუსეთში თითქმის 2 000 ტონა ბუნებრივი კაუჩუკი გადაიგზავნა. რუსეთისთვის მისი მიწოდების ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი პირდაპირ ლატვიაზე გადიოდა“, – დაადგინა უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების საბჭომ. კაუჩუკს რუსეთი, სხვა სფეროების გარდა, სამხედრო თვითმფრინავების საბურავების წარმოებაშიც იყენებს. უფრო მეტი სიცხადე, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტი, სავარაუდოდ, მარტში გახდება ცნობილი.
რუსეთი ბუნებრივ კაუჩუკს სამხედრო მიზნებისთვის იყენებს
„კაუჩუკი არის ძალიან ძლიერი, გამძლე რეზინის მასალა, რომელიც ავიაციაში, ასევე მუხლუხა მექანიზმების გადაბმის ადგილებში გამოიყენება“, – განმარტავს ლატვიის უსაფრთხოებისა და თავდაცვის მრეწველობის ფედერაციის ხელმძღვანელი, ელინა ეგლე.
ბუნებრივ კაუჩუკზე მაღალი მოთხოვნაა, რადგან მის შემცვლელ სინთეზური კაუჩუკს განსხვავებული თვისებები აქვს.
რუსეთი ბუნებრივ კაუჩუკს, სხვაადსხვა სფეროში, მათ შორის, სამხედრო თვითმფრინავების საბურავების დასამზადებლადაც იყენებს. მოსკოვი ამ ნედლეულის იმპორტზეა დამოკიდებული.
„რუსეთი აწარმოებს სინთეზურ კაუჩუკს, მაგრამ მას არ აქვს ბუნებრივი კაუჩუკის ის თვისებები, რაც თვითმფრინავის საბურავების გამძლეობის და ხანგრძლივი მუშაობისთვის არის საჭირო“, – ამბობს უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების საბჭოს სპიკერი, ოლენა იურჩენკო.
ბუნებრივი კაუჩუკი რუსეთში იმ ავიაგამანადგურებლების საბურავების დასამზადებლად გამოიყენება, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმებს ახორციელებენ.
უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების საბჭოს დასკვნით, ლატვია ამ სქემის შუალედური რგოლია. ბუნებრივი კაუჩუკი, ძირითადად, მალაიზიასა და ინდონეზიაში იწარმოება.
იმის გათვალისწინებით, რომ ეს ქვეყნები სანქციებს არ ექვემდებარებიან, ბუნებრივი კაუჩუკი მათგან რუსეთში, როგორც წესი, პირდაპირ ან ჩინეთის გავლით იგზავნება. თუმცა, კაუჩუკი რუსეთში ევროპის ქვეყნების გავლითაც ხვდება. უკრაინამ დადგინდა, რომ გასულ წელს ევროკავშირის მომწოდებლებმა რუსეთში 2.5 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ბუნებრივი კაუჩუკი გადააგზავნეს.
„ევროპული ქვეყნები თავად არ არიან მწარმოებლები, მაგრამ რადგან ექსპორტი არ არის აკრძალული, ისინი რეექსპორტის ჰაბებად შეიძლება იყოს გამოყენებული“, – მიიჩნევს იურჩენკო.
ყველაზე მეტი იმპორტი – ლატვიის გავლით
ევროკავშირიდან რუსეთში იმპორტირებული მთელი ბუნებრივი კაუჩუკის 86% ლატვიაზე გავლით გაიგზავნა. დარჩენილი 14% იტალიელ ოპერატორებზე მოდის.
„ჩვენ ვცდილობთ დავხუროთ ხვრელები იქ, სადაც ვხედავთ. ამჟამად ლატვია ერთ-ერთი ასეთი ხვრელის შთაბეჭდილებას ტოვებს“, – განაგრძობს იურჩენკო.
უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოების საბჭოს კვლევა აჩვენებს, რომ გასულ წელს 2 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ბუნებრივი კაუჩუკი, ლატვიის გავლით, ხუთ რუსულ კომპანიას ორმა ლატვიური კომპანიამ მიაწოდა, რომლებიც, ძირითადად, სატვირთო გადაზიდვებით არიან დაკავებულნი.
რუსეთში ბუნებრივი კაუჩუკის ერთ-ერთი მიმღებია სააქციო საზოგადოება „კორდიანტი“ – კომპანია, რომელიც რუსეთის სამხედრო მრეწველობასთან არის დაკავშირებული. მისი პროდუქცია სამხედრო და საავიაციო აღჭურვილობის წარმოებაში გამოიყენება. უკრაინელი მკვლევარების თქმით, კომპანიის კლიენტებს შორისაა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. კომპანია აშშ-ის სანქციებს ექვემდებარება.
ფაქტობრივად ცნობილია, თუ რომელი ლატვიური კომპანიები არიან რუსეთში ბუნებრივი კაუჩუკის ექსპორტიორები, მაგრამ ისინი უარყოფენ, რომ გასულ წელს რუსულ კომპანიებს ასეთი ტვირთი გაუგზავნეს. სიტუაციას ამჟამად უსაფრთხოების ორგანოები სწავლობენ.
„ბუნებრივი კაუჩუკი სანქცირებული პროდუქტი არ არის, ის სხვადასხვა მიზნისთვის გამოიყენება. ამიტომ, ჯერ უნდა გაირკვეს, მოხდა თუ არა სანქციების რეალური დარღვევა და პროდუქცია უშუალოდ სამხედრო კომპლექსს ხომ არ მიეწოდა. პარალელურად, ჩვენი უსაფრთხოების ორგანოების განცხადებას ველოდებით,“ – აცხადებს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანი, არტიომ ურსულსკი.
უწყება ამ დასკვნას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ელოდება.
ბუნებრივი კაუჩუკი ევროკავშირის სანქციებში არ შედის
ბუნებრივი კაუჩუკი, სინთეზურისგან განსხვავებით, ამჟამად სანქციებს არ ექვემდებარება. გარდა ამისა, რუსეთთან დაკავშირებული კომპანიები, რომლებიც ბუნებრივ კაუჩუკს ლატვიის გავლით ოფიციალურად იღებენ, ასევე არ არიან ევროკავშირის სანქციების სიაში.
„ვფიქრობ, ეს, უბრალოდ, სანქციებში არსებული ხვრელია, რადგან შეუძლებელია გადაიფაროს ყველა შეზღუდვა და ყველა კონკრეტული საქონელი და მომსახურება, რომელიც რუსეთსა და ევროპის ქვეყნებს შორის არსებობს“, – განაცხადა გამოცემა „პოლიტიკოს“ რეპორტიორმა, ჟერარდო ფორტუნამ.
ლატვია მოითხოვს, რომ სანქციების მე-20 პაკეტში შესატან პროდუქციაზე მსჯელობის დროს, რაც მომავალი წლის დასაწყისში მოხდება, სიაში ბუნებრივი კაუჩუკიც შევიდეს.
თუმცა, წინასწარ არის ცნობილი, რომ იქნებიან ქვეყნები, რომლებიც ამ წინადადებას გააპროტესტებენ.
„არსებობს ერთი მნიშვნელოვანი წესი სანქციებზე მოლაპარაკებების ყოველი რაუნდის დროს – თუ თუნდაც ერთმა ქვეყანამ შეთანხმებაზე უარი თქვა, ეს ავტომატურად ნიშნავს სანქციებზე უარის თქმას. ამ თვალსაზრისით, ერთსულოვნება არის სისტემის როგორც ძალა, ასევე შემზღუდველი ფაქტორი,“ – განმარტავს ფორტუნა.
სტატისტიკური მონაცემები არასრულია – რეექსპორტირებული კაუჩუკი ასახული არ არის
ზოგადად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ლატვიიდან რუსეთში კაუჩუკისა და რეზინის პროდუქტების ექსპორტი ძალიან არასტაბილურია. 2023 წლამდე ის მკვეთრად გაიზარდა, მაგრამ შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა, ცენტრალური სტატისტიკის სამსახურის მონაცემებში ასახული არ არის კაუჩუკი, რომელმაც ლატვიაში, უბრალოდ, „გაიარა“, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოხდა მისი რეექსპორტი.
ლატვია დღემდე აგრძელებს მილიონობით ევროს ღირებულების კაუჩუკისა და რეზინის პროდუქტების (ძირითადად, საბურავების) რუსეთში ექსპორტს.
ლატვიის სეიმის (პარლამენტის) ექსპორტისა და კონკურენტუნარიანობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, არტურს ბუტანსს მიაჩნია, რომ საჭიროა უფრო გულმოდგინედ იმის შემოწმება, გამოიყენება თუ არა ლატვიიდან ექსპორტირებული ნედლეული სამხედრო მრეწველობაში. „როდესაც გასაჯაროვდა ინფორმაცია, რომ ლატვიის გავლით ხდება მანგანუმის მადნის ექსპორტირება და სამხედრო მრეწველობაში მისი გამოიყენება, სეიმმა მოუწოდა მინისტრთა კაბინეტს, გაერკვია, სამხედრო მრეწველობაში ამ მიზნით სხვა ნედლეულიც ხომ არ გამოიყენება. ამჟამად, კაუჩუკის შესახებ მიღებული სიგნალები აჩვენებს, რომ მას ავიაციაში, ჰაუბიცებში და საბურავების წარმოებაში მოიხმარენ“, – ამბობს ბუტანსი.
თუმცა, დეპუტატი ვარაუდობს, რომ ამ ამოცანის გადაწყვეტას თავის თავზე საგარეო საქმეთა სამინისტრო აიღებს. გარდა ამისა, ამჟამად არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც ლატვიიდან რუსეთში საქონლის ექსპორტს ახორციელებენ. ყველაზე ბოლო ხელმისაწვდომი მონაცემები გასული წლის ზაფხულით თარიღდება.
ამ დრომდე, ლატვიის ეკონომიკის სამინისტრომ ვერ მოახერხა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დააკმაყოფილებდა საზოგადოების უფლებას, ფლობდეს ინფორმაციას ექსპორტიორებისა და სასამართლო დავების პოტენციური რისკებს შესახებ.
https://www.lsm.lv/raksts/zinas/ekonomika/14.12.2025-krievija-dabigo-kaucuku-importe-caur-latviju-to-izmanto-militaraja-industrija.a626360/?utm_source=GPB&utm_medium=aep&utm_campaign=box&utm_content=logo
